ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება – პარტიების მთავარი საარჩევნო დაპირება

30 აპრილი, 2015 • • 1388
ყარაბაღის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება – პარტიების მთავარი საარჩევნო დაპირება

არჩევნებში მონაწილე შვიდივე პოლიტიკური პარტია საარჩევნო პროგრამებში მთავარ პრობლემად ყარაბაღის დაურეგულირებელ კონფლიქტსა და აქედან გამომდინარე, მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხს გამოყოფს. თუმცა საგარეო პოლიტიკის კუთხით ყველა პარტია პრიორიტეტულად აცხადებს ყარაბაღის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების საკითხს.

 

პარტია “თავისუფალი სამშობლო”, რომელსაც ყარაბაღის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და ყველაზე დიდი ფრაქცია აქვს პარლამენტში, საარჩევნო პროგრამაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს თეზისებად აყალიბებს: “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების პროცესის გააქტიურება; საერთაშორისო კავშირების დამყარება და გამყარება; რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა”.

 

როგორც წესი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეს პარტია ძირითადად წარადგენს მთავრობის ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას, რითაც ამომრჩევლებს ეუბნება, რომ დაწყებულის გაგრძელებას აპირებს.

 

ეროვნულ კრებაში (პარლამენტში) სიდიდით მეორე ფრაქცია აქვს “არწახის დემოკრატიულ პარტიას”, რომელსაც პარლამენტის სპიკერი ხელმძღვანელობს. საგარეო პოლიტიკის სფეროში აღნიშნული პარტია პრიორიტეტულად მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოების მიერ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარებას, რომელიც “ყარაბაღის ხალხის თავისუფალი ნების შედეგად ჩამოყალიბდა”.

 

საარჩევნო პროგრამაში პარტია ხაზს უსვამს აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების სრული ფორმატით აღდგენის მნიშვნელობას ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით, რომელშიც ყარაბაღი, როგორც მხარე, ისე უნდა მონაწილეობდეს.

 

“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა მოლაპარაკების პროცესში უნდა წარსდგეს სრულუფლებიანი მხარის რანგში, სომხეთი კი უნდა იყოს ამ პროცესში სტაბილურობისა და მშვიდობის ძირითადი გარანტორი რეგიონში,” – ეს ამონარიდია  სომხეთის რევოლუციური პარტია დაშნაკცუთიუნის საარჩევნო პროგრამიდან. აღნიშნული პარტიის ეგიდით სომხურ დიასპორებთან ერთად არსებობს “Hay Dat”-ის ოფისები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც ყარაბაღის აღიარების ლობირების საკითხზეც მუშაობს.

 

“საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანია კონფლიქტის დარეგულირების პრობლემის მოგვარება, რასაც “Hay Dat”-ის შემადგენელ ნაწილად განვიხილავთ და მივიჩნევთ, რომ პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია შევიმუშაოთ და მივიღოთ საგარეო პოლიტიკური დოქტრინა, ვაწარმოოთ გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკა, მოვახდინოთ ადგილობრივი და დიასპორის პოტენციალის კონსოლიდირება ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის პროცესში”, – ნათქვამია “დაშნაკცუთიუნის” საარჩევნო პროგრამაში.

 

ამ სამი საპარლამენტო პარტიისგან განსხვავებული მიდგომა აქვს ყარაბაღის აღიარების საკითხზე “კომუნისტურ პარტიას”. პარტიას, რომლის სლოგანია – “გაიმარჯვებენ კომუნისტები – გაიმარჯვებს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა!” – მიაჩნია, რომ საგარეო პოლიტიკის საფუძველი უნდა იყოს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარება საერთაშორისო საზოგადოების მიერ იმ პერსპექტივით, რომ შესაფერის მომენტში დედა-სომხეთს შეუერთდება.

 

საერთაშორისო აღიარების შემდეგ ორი სომხური სახელმწიფოს გაერთიანების შესახებ ვკითხულობთ კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიის, “მოძრაობა-88”-ის საარჩევნო პროგრამაში: “არწახის რესპუბლიკის სრულფასოვანი აღიარება საერთაშორისო საზოგადოებისა და სომხეთის რესპუბლიკის მიერ, როგორც წიპირობა ორი სომხური სახელმწიფოს გაერთიანებისა”.

 

“ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა ყარაბაღის დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებისთვის საერთაშორისო დონეზე იმ საზღვრებში, რაც დამტკიცებულია ყარაბაღის კონსტიტუციით”, – ნათქვამია პარტია “ეროვნული აღორძინების” საარჩევნო პროგრამაში.

 

პარტია “მშვიდობა და განვითარება” სულ ახლახან შეიქმნა და ერთადერთი საარჩევნო სუბიექტია, რომელიც თავის პროგრამაში კონკრეტული დაპირების შესრულების განსაზღვრულ ვადას უთითებს. პარტია იღებს ვალდებულებას, რომ 2015 წლის სექტემბრამდე შეიმუშავებს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასა და სომხეთს შორის სამეკავშირეო შეთანხმების პროექტს და მის განხილვებს ჩაატარებს სომხეთსა და ყარაბაღში ამავე წლის ბოლომდე.

 

“2015 წლის ბოლომდე წარმოვადგენთ პროექტს მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლობების გახსნისა და გაფართოების შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო მმართველობის ორგანოებმა (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი) ან ფედერალური სუბიექტების მმართველმა ორგანოებმა (აშშ, ავსტრალია) მიიღეს რეზოლოციები მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების აუცილებლობის შესახებ”, – ნათქვამია პარტიის საარჩევნო პროგრამაში.

 

აღიარების გარდა, საარჩევნო სუბიექტები პროგრამებში ვრცლად საუბრობენ ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე. მაგალითად, “არწახის დემოკრატიული პარტია” პირობას დებს, რომ უზრუნველყოფს ჯარის ბრძოლისუნარიანობას მისი გადაიარაღებისა და პროფესიული კადრებით შევსების გზით; “დაშნაკცუთიუნი” აღნიშნავს, რომ აუცილებელია ჯარში მორალური და ფსიქოლოგიური ატმოსფეროს გაუმჯობესება და ქვეყნის თავდაცვითი სისტემით უზრუნველყოფა; “კომუნისტური პარტია” მიიჩნევს, რომ ყარაბაღმა უნდა შეინარჩუნოს პრეტენზიები აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიტაცებულ ქონებაზე და, შესაბამისად, მხარი დაუჭიროს სომხეთის და რუსეთის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას; “ეროვნული აღორძინება” განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას რუსეთთან, დასავლეთთან და აღმოსავლეთთან, განსაკუთრებით კი – მეზობელ ირანთან.

 

პროგნოზირება, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას მიანიჭებს ამომრჩეველი უპირატესობას 3 მაისის არჩევნებში, რთულია, იმის მიუხედავად, რომ სომხური ორგანიზაცია “სოციმეტრის” გამოკითხვით, არჩევნებში პარტია “თავისუფალი სამშობლო” გაიმარჯვებს. თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოციოლოგი აგარონ ადიბეკიანი ცნობილია, როგორც სპეციალისტი, რომელიც გამოხატავს ხელისუფლების აზრს და რომლის გამოკითხვებიც სერიოზულად არ აღიქმება არც ყარაბღში და არც სომხეთში.

 

სხვა სოციოლოგიური გამოკითხვების შესახებ კი ინფორმაცია არ არსებობს. ყარაბაღში არც საჯარო დებატების წარმართვის კულტურაა კანდიდატებს შორის, რაც ამომრჩეველს არჩევანისთვის შედარების საშუალებას მისცემდა.

 

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 101 739 მოქალაქეს აქვს, მათ შორის არიან სამხედრო მოსამსახურეები.

პარლამენტში არსებული 33 ადგილიდან 22-ისთვის 7 პარტია იბრძოლებს, ხოლო დანარჩენი 11 ადგილისთვის- მაჟორიტარი კანდიდატები, რომელთა ნაწილმა საკუთარი კანდიდატურა თვითონვე წამოაყენა.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი