ხელოვნება

წიგნის გამომცემლების ნაწილი ვაკის მედიათეკის ტერიტორიიდან გამოაძევეს

23 აპრილი, 2015 • • 1444
წიგნის გამომცემლების ნაწილი ვაკის მედიათეკის ტერიტორიიდან გამოაძევეს

ამის მიზეზი ის გახდა, რომ ვაკის პარკის მედიათეკაში შეკრებილი წიგნის გამომცემლების ნაწილს სპეციალური განცხადების გაკეთება სურდათ.

 

გამომცემლები ამბობენ, რომ საქართველოს მასშტაბით წიგნის მაღაზიები იხურება და რამდენიმე წიგნის გამომცემლობა უკვე გაკოტრდა. მთავარ მიზეზად ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია და რამდენიმე წლის წინ მიღებული კანონი სახელდება, რომლის მიხედვითაც მათი გამომცემლობები სკოლის სახელმძღვანელოების გამოცემის პროცესს ჩამოშორდნენ.

 

“როგორ შეიძლება, რომ გამომცემლებს სთხოვოთ დატოვოს მედიათეკის სივრცე, გამოვედით და წვიმაში, ქუჩაში ვაკის პარკიდან მოგმართოთ ჩვენი პრობლემების შესახებ”, – ამბობს ქეთი კიღურაძე, გამომცემლობა სიესტას დირექტორი.

 

“ჩვენ რომ მკითხველს პატივს არ ვცემდეთ, მოვკიდებთ ახლა ჩვენს წიგნებს ხელს და დავტოვებდით ცარიელ კარვებს. ჩვენ გვინდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ, რომ ქართული გამომცემლობების რეზერვში არსებობს 1 მილიონი მოქმედი სახელმძღვანელო, რომლის რეალიზაციის საშუალებაც არ გვაქვს. ირღვევა საკუთარი ქონების განკარგვის უფლება. ამის საპასუხოდ, განათლების სამინისტრო ამბობს, რომ არსებობს კერძო სკოლები, სადაც შეგვიძლია ეს წიგნები გავყიდოთ. ეს არის დაცინვა. კერძო სკოლების კონტიგენტი შეადგენს სრული კონტიგენტის მხოლოდ 7%-ს,”- აცხადებს გამომცემლობა “ინტელექტის” წარმომადგენელი კახა კუდავა.

 

გამომცემლობა “არტანუჯის” წარმომადგენლის, ზვიად კვარაცხელიას აზრით, განათლების სამინისტრო მესამე წელია უკანონოდ ითვისებს ქართველი ავტორებისა და გამომცემლების ინტელექტუალურ საკუთრებას და ბეჭდავს მის მიერ ლობირებულ სტამბებში.

 

“უხეშად დარღვეულია საავტორო და საგამომცემლო უფლებები. ჩვენს არ გვაქვს მატერიალური სახსრები წიგნების გამოსაცემად. ვთხოვთ საზოგადოებას, დაგვეხმარონ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება,”- აცხადებს ირინა რუხაძე, გამომცემლობა “პედაგოგიკის” წარმომადგებელი.

 

საქართველო ორი წლის შემდეგ გახდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრის საპატიო წევრი და გამომცემლების აზრით, მსგავსი სიტუაცია საფრთხეს უქმნის ქვეყანას, რომ გამოფენაზე ღირსეულად წარსდგეს.

 

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში გამოფენა-გაყიდვა იმართება. 25 გამომცემლობას მკითხველისათვის საკუთარი წიგნები აქვს გამოტანილი.

'თბილისის წიგნის დღეები' 27.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი