ახალი ამბები

ლუკაშენკო: ევრაზიული და ევროკავშირის ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება ჩვენს ურთიერთობებს

23 აპრილი, 2015 • • 1018
ლუკაშენკო: ევრაზიული და ევროკავშირის ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება ჩვენს ურთიერთობებს

“ჩვენი ახალი კავშირები არის ახალი შესაძლებლობები და არა ახალი ბარიერები. ჩვენ მივისწრაფით ამისკენ. ეს სწრაფვა იყო ასახული, გამოკვეთილი ჩვენი პირადი ურთიერთობის დროს.  გარდა ამისა, სამთავრობო და ბიზნესის დონეზე. საქართველო დიდი ინტერესით აკვირდება ამ შესაძლებლობებს არა მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკური, ასევე იმ პოტენციალის და გამოცდილების კუთხით, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იმ ქვეყნისგან, რომელსაც ბაზრის 80% ათვისებული აქვს სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რომელიც ბელორუსში იწარმოება. საქართველოში ეს ციფრი არ არის ასეთი მაღალი და გვინდა შევცვალოთ ეს პრაქტიკა. ამ თანამშრომლობისთვის დაბრკოლება არ არსებობს. არსებობს სხვა პოტენციალი, რომელსაც საქართველო გაუხსნის ბელორუსს. საქართველოში ინვესტიცია ნიშნავს ინვესტიციას ქვეყანაში, სადაც არის დაბალი გადასახადები, დაბალია კორუფცია, არის მაღალი რეიტინგი ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით. საქართველოში არის შესაძლებლობები ევროპასთან ვაჭრობის კუთხით. ჩვენ ვხსნით ამ გზას, ანალოგიურად ჩვენ ბელორუსი გვიხნის კარს. ამ კავშირებს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისა და ინვესტირების კუთხით”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

 

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით კი, საქართველო და ბელორუსი გამოძებნიან გზებს ისე იურთიერთონ, რომ მათ პარტნიორებს (ევროკავშირსა და ევრაზიის საბაჟო ეკონომიკური კავშირს) პრეტენზიები არ ჰქონდეთ:

 

“პრეზიდენტმა თქვა მნიშვნელოვანი სიტყვა, წინადადება, რომ ახალი კავშირები ეს არის ახალი შესაძლებლობები. ეს არის ის, რისი თქმაც იყო საჭირო. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები საბაჟო კავშირის თვალსაზრისით. ამავდროულად, საქართველოს აქვს ვალდებულებები ევროკავშირთან ასოცირების კონტექსტში, თუმცა ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. ორ გიგანტურ კავშირს შეიძლება დასჭირდეს უფრო ხანგრძლივი დრო ერთმანეთთან ურთიერთობის მისაღწევად, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის ეს ძალიან მარტივია. გუშინ ბიზნესმენების დახმარებით ჩვენ შევთანხმდით გარკვეულ პერსპექტივაზე  200 000 მილიონის ოდენობით. ჩვენ გონიერი სახელმწიფოები ვართ და გამოვძებნით გზებს, რომ ვაწარმოოთ ჩვენი ურთიერთობები ისე, რომ ჩვენს პარტნიორებს არანაირი პრეტენზები არ ჰქონდეთ”,- განაცხადა ლუკაშენკომ.

 

ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები სხვადასხვა დონეზე გამართა. მისი ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.

 

ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი  ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი