ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ GDS-ს დარღვევა დაუდგინა, თუმცა სანქცია არ გამოიყენა

22 აპრილი, 2015 • • 987
კომუნიკაციების კომისიამ GDS-ს დარღვევა დაუდგინა, თუმცა სანქცია არ გამოიყენა

კომისიის ცნობით, ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ის ეთერში 2015 წლის 15 მარტს გავიდა გადაცემა – ანალიტიკური თოქშოუ „2030“, რომელიც სარეკლამო ბლოკით შეწყდა ოთხჯერ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ დროისთვის მოქმედი რედაქციით ოცდაათ წუთზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამა კომერციული რეკლამით შეიძლებოდა შეწყვეტილიყო მხოლოდ სამჯერ.


„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში კომერციული რეკლამის რეგულაციის მიზნით განხორციელებული ცვლილებები პირველ აპრილს შევიდა ძალაში და ზემოხსენებული შეზღუდვები, რომელიც ოცდაათ წუთზე მეტი ხანგრძლივობის მქონე გადაცემის მხოლოდ სამჯერ შეწყვეტის შესაძლებლობას იძლეოდა, გაუქმდა კომერციული რეკლამის ეთერში განთავსებისთვის ე.წ მცოცავი საათის გამოყენების გამო. კომისიის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ, მართალია, ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-მა დაარღვია 15 მარტს მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნა, თუმცა, სამართლის ზოგადი პრონციპიდან გამომდინარე, როდესაც კანონში განხორციელებული ცვლილებები აუმჯობესებს პირის ვალდებულებით ნაწილს, ტელეკომპანიის მიმართ სანქციის გამოყენება არ ჩათვალა მიზანშეწონილად”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.


კომისიის პრესსამსახურში ნეტგაზეთთან ზემოხსენებული გადაწყვეტილების მოტივაციის დასაბუთებისას თქვეს, კომისიამ ჩათვალა, რომ დარღვევა იყო, თუმცა, “ვინაიდან კანონის ეს მოთხოვნა აღარ არის ძალაში და [იურიდიული] პირის ვალდებულებითი ნაწილი გაუმჯობესებული ანუ შემსუბუქებულია, სანქციის გამოყენების აუცილებლობა ვეღარ დაინახა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი