ახალი ამბები

“საქართველო C ჰეპატიტის გარეშე” – სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

21 აპრილი, 2015 • • 1511
“საქართველო C ჰეპატიტის გარეშე” – სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელს აწერენ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ხოლო აშშ-ის მხრიდან – “გილეადის” გენერალური დირექტორი ჯონ მარტინი და ვიცეპრეზიდენტი გრეგ ალტონი. ხელმოწერის ცერემონიას მთავრიბის და პარლამენტის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და სხვა სასულიერო პირები. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

 

საქართველოს პრემიერის თქმით, ეს არის უპრეცედენტო პროგრამა, რომლის შემდეგაც საქართველოში მოხდება ცე ჰეპატიტის ელიმინაცია.


“სავარაუდოდ, წელიწადში 20 ათას C ჰეპატიტით დაავადებულს უმკურნალებს სრულიად უფასოდ, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნება 2 მილიარდი აშშ დოლარი და ეს ყველაფერი უფასოდ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

 

მემორნადუმის გაფორმების შემდეგ იმ პაციენტთა რეგისტრაცია დაიწყება, ვისაც ახალი პრეპარატის, სოფოსბუვირისმიღების საჭიროება ექნება.

 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პირველ ეტაპზე პროგრამაში 5 ათასი პაციენტის ჩართვა ღვიძლის მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით მოხდება.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დახმარებით ამერიკულ, “სოფოსბუვირის” მწარმოებელ კომპანია “გილეადთან” მოლაპარაკებები გამართა და, როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია ამბობს, ქართულმა მხარემ დაარწმუნა კომპანია, რომ უახლესი მედიკამენტი საქართველოსთვის უკიდურესად დაბალ ფასად მიეწოდებინა.

 

“ჩვენ დავარწმუნეთ ეს კომპანია, რომ შევძლებთ გავხდეთ პირველი ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაცია მოხდება”, – ამბობს კვარაცხელია.

 

ჰეპატოლოგებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, 94%-ში “სოფოსბუვირი” ეფექტურია მკურნალობისთვის და პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი ჩვენებები. მედიკამენტის მიღების კურსი 12 ან 24 კვირიანი იქნება, რაც დაავადების ტიპზეა დამოკიდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი