ახალი ამბები

რატომ არ არის „თავისუფლების ქარტია“ ლუსტრაციის კანონი

20 აპრილი, 2015 • 2597
რატომ არ არის „თავისუფლების ქარტია“ ლუსტრაციის კანონი

 

გარდა ხარვეზებისა, როგორც სოფო ვერძეული ამბობს, კანონში ბევრი ბუნდოვანებაა, რაც ნათლად არ აჩვენებს, კონკრეტული ნორმა რისკენაა მიმართული: „ეს არის მხოლოდ წარსულის გააზრება და იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც წარსულში თანამშრომლობდნენ ძალადობრივ რეჟიმთან, თუ მიმართულია დღესაც მოქმედი უცხო ქვეყნის აგენტების გამოსავლენად“.

 

სოფო ვერძეულის თქმით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა საქართველოში ისედაც დასჯადია და ასეთი პირების გამოვლენას ლუსტრაციის კანონის მიღება არ სჭირდებოდა. „ეს ბუნდოვანება შეგნებულად დარჩა კანონში. არასწორი იყო 2014 წლის დასაწყისში შექმნილი კომისიის შს სამინისტროში განთავსებაც, რომელსაც აგენტების ლუსტრირებაზე უნდა ემუშავა. ბუნდოვანი და გაურკვეველია ამ კომისიის წესდებაც“.

 

სოფო ვერძეულის თქმით, კანონში არ არის განმარტებული, პირს, რომლის წინააღმდეგაც დაიწყება ლუსტრირების პროცესი, ექნება თუ არა შესაძლებლობა დაიცვას თავი, ან ექნება თუ არა წვდომა იმ მასალებზე, რომელიც მასთან დაკავშირებით იქნება მოძიებული: „ეს არის ის ნაწილი, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ჰქონდათ კითხვები, რადგან ასეთ დროს არსებობს ადამიანის უფლებების ხელყოფის დიდი ალბათობა“.

 

რისთვის ამოქმედდა ლუსტრაციის ე.წ. კანონი და შესაძლებელია თუ არა ის იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად? ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ 2011 წელს მიღებული კანონი, „არის მკვდრადშობილი ნორმა“:

 

„საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 21 წლის შემდეგ ამ კანონის შემოღება ჩემთვის არის მკვდრადშობილი ნორმა. ლუსტრაციისთვის მნიშვნელოვანი იყო უშიშროების ის არქივი, მთელი მოქმედი კარტოთეკა, რომელიც 1990 წელს ნებაყოფლობით გადავეცით რუსეთს. ამით ლუსტრაციის ბერკეტი პრაქტიკულად ხელიდან გავუშვით და ეს ბერკეტი მივეცით რუსეთს, რომელმაც აქტიურად გააგრძელა ამ მასალების გამოყენება. რატომ გავაკეთეთ ეს, ამის პასუხი უნდა მივიღოთ ირაკლი ბათიაშვილისგან – როცა ეს ოპერაცია ჩატარდა, იმ დროს ის იყო საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის ხელძღვანელი“, – ამბობს ზვიად ქორიძე. 

ჟურნალისტის თქმით, აფხაზეთის ომის დროს და შემდგომ პერიოდში, ფაქტობრივად, პარტიულ-კომკავშირული ნომენკლატურა იმყოფებოდა ხელისუფლების სათავეში, „2001 წლის დასაწყისშიც კი შევარდნაძე ამბობდა, რომ „ეს არის ის ხალხი, ვისაც იცნობს და ენდობა“. მათ ასევე კარგად იცნობდა მოსკოვიც“.

 

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როგორც ზვიად ქორიძე ამბობს, საქართველოს ჰქონდა მოცემულობა, მიეღო ლუსტრაციის კანონი და საბჭოთა რეჟიმი გამოცხადებულიყო ტოტალიტარულ რეჟიმად: „ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. 21 წლის განმავლობაში პარტიული ან უშიშროების სამსახურებთან მოთანამშრომლე ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში, ისინი იღებდნენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იყო საზიანო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირებისთვის, მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ნგრევის პროცესში. სამოქალაქო ომი ცხინვალში, სოხუმში მიმდინარე საომარი მოქმედებები _ სწორედ ამ ადამიანების დამსახურება იყო. ლუსტრაციის პროცესის შედეგად ჩვენ შეიძლებოდა ვერ მიგვეღო ხელისუფლების სათავეში ედუარდ შევარდნაძე ან სააკაშვილი, ან სხვა ნებისმიერი ადამიანი“.

 

წინა კვირას ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ზვიად გამსახურდია და გია ჭანტურია ბრალს სდებდნენ ზურაბ ჭავაჭავაძესა და კიდევ რამდენიმე პირს სუკის აგენტობაში.  რატომ არ მიიღო ეს კანონი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ?

 

ზვიად ქორიძის აზრით, გამსახურდიასაც ისევე ადანაშაულებდნენ მოსკოვთან თანამშრომლობაში, როგორც ის ადანაშაულებდა სხვებს: „ეს იყო ძალიან პილიგრიმული ფრაზები, რასაც ერთმანეთის გასაფუჭებლად იყენებდნენ. ლუსტრაცია კი ეფუძნება არა იმას, მე როგორი შეხედულება მაქვს შენზე, ან შენ ჩემზე, არამედ იმას, რა ტიპის დოკუმენტური მასალით არის გამყარებული ვინმეს თანამშრომლობა ტოტალიტარულ რეჟიმთან“. 

 

ზვიად ქორიძე/ფოტო: რადიო თავისუფლება
ზვიად ქორიძე/ფოტო: რადიო თავისუფლება

ზვიად ქორიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებაში არ შედგება კონსესუსი, რომ საბჭოთა რეჟიმი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე ხელშემშლელი ფაქტორი, რომ მან დაასრულა ქართული სახელმწიფოს ისტორია, რომ საბჭოთა კავშირი იყო ხელოვნური ჩარევა საქართველოს განვითარებაში, ამის გაანალიზების გარეშე „თავისუფლების ქარტია“ უმოქმედო ნორმად დარჩება:

 

„მაშინ ავხსნათ პრინციპი, რატომ დგამენ სტალინის ბიუსტებს და არა ლენინის? თუ სტალინის მიმართ მხოლოდ იმიტომ არსებობს სენტიმენტები, რომ ის ეთნიკურად იყო ქართველი, ეს არის ფსევდოპატრიოტული გაგება, რადგან სტალინი იყო ტიპიური ტოტალიტარული მმართველი და მის ეროვნულ ან სხვა ტიპის იდენტობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმასთან, რომ ტოტალიტარული რეჟიმი შექმნა. 

 

სტალინის ბიუსტის დადგმით მხარს უჭერ იმას, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგოს. მგონია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აკეთებს სტალინის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, როგორც მმართველის იდეალიზებას, იქნება ეს პოლიტიკური პირი, მოქალაქე თუ საეკლესიო მმართველი, ის ავტომატურად ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დასრულებას. ეს კანონიც იმიტომ არ მუშაობს, რომ ამ თემაზე საერთო სახალხო კონსესუსი არ შედგა“.

 

ზვიად ქორიძის თქმით, მეტი პასუხისმგებლობა და განათლება მოეთხოვება ახალი თაობის იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც საბჭოთა სიკეთეებზე საუბარს იწყებენ: „ამ 20-22 წლის ადამიანების მიმართ იმიტომ კი არ მიჩნდება პროტესტი, რომ მათ პოლიტიკურ შეგნებას ვეწინააღმდეგები, არამედ იმის გამო, რომ ამას გაუნათლებლობით ამბობენ. მათ მოეთხოვებათ მეტი ინფორმაცია მიიღონ საბჭოთა ტოტალიტარიზმზე და ისე გააკეთონ დასკვნები“.

 

ზვიად ქორიძის აზრით, სტალინის ბიუსტის დადგმა იმ ფუნდამენტური ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო: „ასეთ დროს სახელმწიფომ უნდა დაანგრიოს სტალინის ყველა ბიუსტი, რომელსაც მოქალაქეები დადგამენ. თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიუსტი ადამიანების ტვინში დაინგრეს, ამისთვის კი მუდმივი დისკუსია და კამათია საჭირო“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი