ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი ევრაზიულ კავშირსა და ევროინტეგრაციას შორის ბალანსის ძიებაში

18 აპრილი, 2015 • • 1100
სომხეთი ევრაზიულ კავშირსა და ევროინტეგრაციას შორის ბალანსის ძიებაში

რამდენად ჭირდება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს სომხეთი და პირიქით, თუკი ქვეყნის პრეზიდენტს არცკი ეპატიჟებიან კავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეკრებებზე?

 

20 მარტს ასტანაში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე ერთად შეიკრიბნენ კავშირის ყველა წევრი ქვეყნის პრეზიდენტები, გარდა სომხეთის პირველი პირისა. როგორც ირკვევა, სერჟ სარგსიანი რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს იქ არ მიუპატიჟებიათ, ხოლო თავად სომხეთის პრეზიდენტი იმ დღეს ბრიუსელში, “ევროპის სახალხო პარტიის” სამიტში მონაწილეობდა.

სერჟ სარგსიანი ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთის პარტნიორობის მეორე სამიტზე ერევანში, ფოტო: ვარამ ბაღდასარიანი
სერჟ სარგსიანი ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთის პარტნიორობის მეორე სამიტზე ერევანში, ფოტო: ვარამ ბაღდასარიანი

 

უკვე ცნობილია, რომ 8 მაისს მოსკოვში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები, თუმცა, შესაძლოა, ეს შეხვედრაც სარგსიანის გარეშე ჩატარდეს, რადგან იგი ოფიციალურად ამ დრომდე არ მიუწვევიათ ამ შეხვედრაზე, სადაც დიდი აბრეშუმის გზის აღდგენის თაობაზე ჩინეთის ინიციატივა უნდა განიხილონ. სომხეთის პრეზიდენტი მანამდე, გასული თვის ბოლოს იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში, სადაც წინმსწრებად განაცხადა, რომ ერევანი დიდი აბრეშუმის პროექტს შეუერთდება. სარგსიანმა სომხეთს კავკასიაში ჩინეთის მთავარი პარტნიორი უწოდა და ხელი მოაწერა რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სომხეთი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ჩინეთთან სათანამშრომლოდ თავთავიანთი გზებით მიდიან?!

 

“რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის ლიდერებისთვის სერჟ სარგსიანი არ არსებობს,” – განუცხადა 27 მარტს ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიის, “სომხეთის ეროვნული კონგრესის” ფრაქციის მდივანმა არამ მანუკიანმა. მისივე თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ განმარტა, რომ სამი ლიდერი განიხილავდა შიდა პრობლემებს, სომხეთს კი არა აქვს პრობლემები ევრაზიული კავშირის წევრ არც ერთ ქვეყანასთან:

 

“მაგრამ არ შეიძლება არსებობდეს პრობლემები, ვთქვათ, რუსეთსა და ბელორუსს შორის, რომლებიც შეიძლება არ გვეხებოდეს ჩვენ. ჩვენს ბრძენ საგარეო საქმეთა სამინისტროს კი ეს თითქოს არ ესმის”, – განაცხადა მანუკიანმა.

 

იმის შესახებ, რომ ევრაზიულ კავშირში სომხეთის როლის დაკნინება “სახიფათო პროვოკაციაა”, 28 მარტს ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემაულეებთან კავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ. შეკითხვაზე – ხომ არ იყო ასტანაში სამმხრივი შეხვედრის ფორმატი სომხეთის მნიშვნელობის დაკნინების ილუსტრაცია? – სლუცკიმ უპასუხა, რომ სახელმწიფო  მეთაურების შეხვედრა არ ყოფილა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ეგიდით და ამისთვის არსებობს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს ფორმატი. მისივე თქმით, სომხეთი კი არ მიიჩნევა, არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ სრულფასოვანი წევრია ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა.

 

სლუცკის გარდა, ბოლო პერიოდში არაერთი ოფიციალური პირი ეწვია ერევანს ოფიციალური ვიზიტით, მათ შორის, დელეგაციები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროდან, დსთ-ს პარლამენტთაშორისი ასამბლეიდან, რუსი ექსპერტები, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კოლეგიის წევრები, ჟურნალისტები. ვიზიტების მიზანი იყო როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის იმიჯის ხსნა, ისე განზრახვა, დაერწმუნებინათ სომხეთის საზოგადოება, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლით ქვეყანა ნაყოფს მალე მიიღებს. უბრალოდ, ცოტა მოთმინებაა საჭირო.

 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა ერევანში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი პერსპექტიული და გრძელვადიანი პროექტია მაშინ, როცა ევროკავშირს აქვს პრობლემები და იქითკენ სწრაფვა არაფერში ჭირდება სომხეთს.

 

დასავლური ინვესტიციები სომხეთის ეკონომიკაში პრაქტიკულად ნულამდეა დასული, ამასთან, სომხური პროდუქციის რუსეთში ექსპორტი რამდენჯერმე დაეცა; ბელორუსსა და ყაზახეთში მიმდინარე წლის დასაწყისიდან არაფრის ექსპორტი არ განხორციელებულა; შემცირდა ევროკავშირში ექსპორტიც.

 

მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთიდან ტრანსფერებიც. სომხეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობა მიმდინარე წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 37%-ით შემცირდა. ზოგადად, სახეზეა ეკონომიკური ვარდნა. კონიაკის წარმოებაც კი, რაც სომხეთის ძირითადი საექსპორტო პროდუქტია რუსეთში, შემცირდა იანვარ-თებერვალში თითქმის 30%-ზე მეტით. ამ ფონზე კი, ერთგვარი “წყალობის” სახით, მოსკოვი ამარტივებს სომხების ემიგრაციას რუსეთში.

 

“რამდენადაც სომხეთს აქვს პატარა ეკონომიკური და სავაჭრო ბაზარი და არ აქვს საერთო საზღვარი ევრაზიული კავშირის ქვეყნებთან, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ევრაზიულ კავშირში შესვლას არ შეეძლო მოეცა არაფერი ჩვენთვის და არც ამ კავშირისთვის,” – მიიჩნევს სომხეთის გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ცენტრის დირექტორი სტეპან გრიგორიანი. მისივე თქმით, ამ კავშირში სომხეთი გამოიუყურება, როგორც უღლის მეხუთე ბორბალი.

 

“რა გვეჩქარებოდა იქ შესვლა?! თავიდანვე უნდა გაგვერკვია, გამოგვეყო ის ინტერესები და სფეროები, სადაც ჩვენც შეიძლება გვქონოდა ჩვენი ინტერესები და დაგვეცვა ისინი,” – აცხადებს სტეპან გრიგორიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ერევანი არ ყოფილა მიწვეული ასტანაში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომაზე, ნიშნავს, რომ სომხეთი განსაკუთრებული ინტერესის საგანს ამ ქვეყნებისთვის არ წარმოადგენს.

 

“ჩვენ არასდროს ვიქნებით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში თანასწორი თანასწორთა შორის, რუსეთი მაინც ყველაზე უფრო აღმატებული იქნება,” – აცხადებს გრიგორიანი.

 

საფრთხეებზე, რომლებიც ემუქრება სომხურ-რუსულ ურთიერთობებს, თავად პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმაც გასულ თვეში ღიად ისაუბრა. 18 მარტს, როცა ის პასუხობდა ერევანში გამართულ საერთაშორისო მედიაფორუმზე მოსკოველი ჟურნალისტის შეკითხვას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთს აშფოთებს რუსული იარაღის აზერბაიჯანისთვის მიყიდვის ფაქტი, ხოლო სომეხმა ჯარისკაცმა საზღვარზე იცის, რომ მის განადგურებას სწორედ ამ იარაღიდან ცდილობენ.

 

“სომხეთის მოლოდინები არ გამართლდა და დღეს ის ცდილობს აღადგინოს ბალანსი, რომელიც იყო სომხეთის საბაჟო კავშირისკენ შებრუნებამდე, როცა ჩვენ ვმუშაობდით ყველასთან. მაგრამ შემდეგ ბალანსი თავად დაარღვიეს, როცა რუსეთს დაუკავშირეს არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები, არამედ ვაჭრობა და ეკონომიკა. რუსეთს ახლა ჩვენთვის არ სცალია – თავად მას ბევრი სერიოზული პრობლემა აქვს, რომელიც უკვე ჩვენზეც აისახება. უნდა გავიგოთ, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობა არსებითად ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით”, – აცხადებს სტეპან გრიგორიანი.

 

მისივე თქმით, სომხეთის გააქტიურება ევროპული და ჩინური მიმართულებით პირდაპირ უკავშირდება ევრაზიულ სივრცეში მის ჩავარდნას.

 

სომხეთი ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტში მონაწილეობისთვის ემზადება, რომელიც რიგაში მაისში გაიმართება. ამ სამიტზე შესაძლოა ხელი მოეწეროს დოკუმენტს ევროინტეგრაციის შესახებ ახალი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. გამოვა თუ არა ეს ამჯერად, ან ისევ დაიხევს თუ არა უკან სომხეთი ბოლო მომენტში, ეს ერთ თვეში გამოჩნდება. თუმცა ოფიციალური ერევანი კვლავაც ღიად აცხადებს, რომ არ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც წინ აღუდგება ევრაზიული კავშირის ქვეყნების წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

მანამდე კი, 24 აპრილს ერევანში აღინიშნება ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის 100 წლისთავი. ამ დღეს ერევანში სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტსაც ელოდებიან.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი