ახალი ამბები

საპატრიარქო: განა შეიძლება საპატრიარქოსთვის სულერთი იყოს ქრისტიანთა წამების ფაქტები?!

17 აპრილი, 2015 • 981
საპატრიარქო: განა შეიძლება საპატრიარქოსთვის სულერთი იყოს ქრისტიანთა წამების ფაქტები?!

“მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის გამოთქვამს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ტერორიზმის, მკვლელობების, უზნეობისა და ძალადობის წინააღმდეგ, როდესაც ეკლესიამ მუჰამედის და საერთოდ, მუსლიმთა შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამო ჯერ კიდევ იმ დროს დააფიქსირა თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, როცა ძალზე ცოტა ქომაგი ჰყავდა ამ საქმეს, განა შეიძლება საქართველოს საპატრიარქოსათვის სულერთი იყოს ახლო აღმოსავლეთის ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მოქალაქეთა და, მით უმეტეს, ქრისტიანთა ტანჯვისა და წამების ფაქტები?!”– ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

საპატრიარქოს განცხადებით, ეს თემა მასმედიისთვის საინტერესო ახლა გახდა, ეკლესიას კი ამ პრობლემებზე არაერთხელ უსაუბრია:

 

“ჩვენი მასმედიისათვის ახლა გახდა ეს თემა საინტერესო; ამ პრობლემის შესახებ კი საქართველოს ეკლესიის მხრიდან და სხვა ეკლესიების მხრიდანაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო შეხვედრებზე. ქანდელი ასირიელი მორწმუნენი თანადგომის ნიშნად თვენახევრის წინ მიიღეს და დალოცეს სამების საკათედრო ტაძარში,”– ნათქვამია განცხადებაში.

 

საპატრიარქოს ცნობით, 19 აპრილს, კვირაცხოვლობას, სამების საკათედრო ტაძარსა და საქართველოს ყველა ეკლესიაში მართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულებისთვის და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის ლოცვა აღევლინება.

 

გარდა ამისა, საპატრიქრქოს განცხადებით, სირიასა და ერაყში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული პატრიარქის მდივნის კომენტარი შეგნებულად არის დამახინჯებული და ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

 

“აქცენტმა” გუშინ მიქაელ ბოტკოველის განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ბოტკოველმა განაცხადა, რომ ასირიელი ქრისტიანების დახმარება საქართველოს პრეროგატივა არ არის. თავად მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, რომ მას არ უთქვამს, რომ საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის ასურელი ადამიანების დახმარება, არამედ თქვა, რომ მათი საქართველოში შემოშვება არ არის საპატრიარქოს პრეროგატივა. 

 

“ყველას ვთხოვთ, იყვნენ უფრო კორექტულნი და წინდახედულნი, მით უმეტეს, როდესაც ასეთ ფაქიზ თემებს ეხებიან,”– ნათქვამის საპატრიარქოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი