ახალი ამბები

პრეზიდენტი: ჩვენ არ უნდა ვრეაგირებდეთ მხოლოდ მაშინ, როცა სირთულე წარმოიქმნება

16 აპრილი, 2015 • 1081
პრეზიდენტი: ჩვენ არ უნდა ვრეაგირებდეთ მხოლოდ მაშინ, როცა სირთულე წარმოიქმნება

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საუბარი შეეხო უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც:

 

„უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავისუფალი არჩევანის დაცვა არის საერთო ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს კარგად ესმით ჩვენს  ლატვიელ მეგობრებს და  იმედი გვაქვს, რომ ჭეშმარიტების გააზრება და გაგება სულ უფრო აქტიური იქნება ჩვენს ყველა ევროპელ პარტნიორს შორის. ჩვენ არ უნდა ვრეაგირებდეთ მხოლოდ კრიზისებზე, არ უნდა ვრეაგირებდეთ მხოლოდ მაშინ,  როდესაც სირთულე წარმოიქმნება,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

პრეზიდენტის განცხადებით, ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი იყო, რომელიც რიგაში 2015 წლის მაისში გაიმართება. 

 

”უმნიშვნელოვანესი  ფორმატია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის  გაღრმავება. მაისში განხილული იქნება სწორედ რიგაში, სწორედ იმ ქვეყანაში, რომელსაც ზუსტად, ზედმიწევნით ესმის აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა, საქართველოს განსაკუთრებული მისია, რომელიც ჩვენ გვაკისრია ევროპული უსაფრთხოებისა და ევროპულ ერთა ოჯახის მომავალში. იმედი მაქვს,  რომ რიგაში ადეკვატურად სწორად დაიგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი და მათ შორის საქართველოს მომავალი თავისუფალ ერთა ოჯახში,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  ანდრის ბერზინშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სწორედ ლატვია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც  მოხდა ხელშეკრულების რატიფიცირება. ანდრის ბერზინშმა აღნიშნა, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს და ამ პროცესთან დაკავშირებით ლატვიას დადებითი პოზიცია აქვს.

 

 

საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია. ფოტო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია. ფოტო – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 

საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით რიგაში. ფოტო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით რიგაში. ფოტო – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 

საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა თავისუფლების მონუმენტი ყვავილების თაიგულებით შეამკეს  ფოტო-პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა თავისუფლების მონუმენტი ყვავილების თაიგულებით შეამკეს ფოტო-პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 

საქართველოს დელეგაცია ლატვიას 15 აპრილს ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტთან, ანდრის ბერზინშისთან, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერ ინარა მურნიეცესთან; ლატვიის პრემიერ-მინისტრ ლაიმდოტა სტრაუიუმასთან, სადაც ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.  ასევე, საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ყვავილების თაიგულებით შეამკეს თავისუფლების მონუმენტი. პრეზიდენტის ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბიზნესმენების შეხვედრაც.

 

ქართული დელეგაცია საქართველოში 17 აპრილს დაბრუნდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი