ახალი ამბები

პრემიერი “არჩევანზე”: უსაფრთხოების საკითხებზე მასკარადების დადგმა ანტისახელმწიფოებრივია

15 აპრილი, 2015 • 1653
პრემიერი “არჩევანზე”: უსაფრთხოების საკითხებზე მასკარადების დადგმა ანტისახელმწიფოებრივია

ღარიბაშვილმა გადაცემას “უპასუხისმგებლო” და “ანტისახელმწიფოებრივი” უწოდა. პრემიერმა ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ:

 

“მე გუშინ ვუყურე “რუსთავი 2″–ზე რაღაც შოუს. მე ყველას მოგიწოდებ, მეგობრებო, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ამგვარი მასკარადების დადგმა და ასეთი უპასუხისმგებლო შოუების დადგმა არის ყოვლად ანტისახელმწიფოებრივი. მე მინდა ეს ყველამ გაითვალისწინოს, ვინც ამას გეგმავს. ეს არის საკითხები, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს დღეს და ამისი ერთი ხელის მოსმით მოგვარება არის დიდი შეცდომა. თქვენ ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. ეს არის ჩემი მოწოდება კიდევ ერთხელ,”– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა “რუსთავი 2″–ის ეთერში.

 

პრემიერის განცხადებით, სირიაში მოხალისეების წასვლა მთელი მსოფლიოს პრობლემაა და საქართველო გამოკნაკლისი არ არის:

 

“მე აღარ მინდა პარალელი გავავლო წინა მთავრობას შორის და ჩვენს მთავრობას შორის, თუ რა პოლიტიკა არსებობდა. მე ერთ მაგალითს შევახსენებ მოსახლეობას. ლაფანყურის სპეცოპერაცია სწორედ წინა მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო. შეიარაღებული ჯგუფები გადაადგილდებოდნენ თავისუფლად საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ ის, რომ თუნდაც სოჭის ოლიმპიადის დროს, მთელი ეს ტერიტორია გვქონდა აბსოლუტურად გაკონტროლებული. ეს არის მთელი მსოფლიოს თავის სატკივარი და მსოფლიოს ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ უნდა მოახდინონ პრევენცია, როგორ უნდა აღკვეთონ, ასე ვთქვათ, მოხალისეების წასვლა სირიაში. კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ როგორ ვერ მოხდა ამის პრევენცია და ჩვენი მთავრობის მიერ როგორ არ მოხდა 2–3 ადამიანის წასვლა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის და ჩვენთვის, ყველა ნორმალური ადამიანებისთვის. მე მინდა მათ ოჯახის წევრებს ვუთხრა, რომ ჩვენ ძალიან განვიცდით ამ საკითხს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის საკითხი, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს. საქართველო არ არის გამონაკლისი,”– განაცხადა პრემიერმა.  

 

სირიაში ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული, ხოლო სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის. პანკისიდან სირიაში გადასვლის უკანასკნელი ცნობილი შემთხვევა 2 აპრილს დაფიქსირდა: 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილმა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს და, როგორც მათი ახლობლები ვარაუდობენ, ისინი სირიაში საომრად გაემგზავრნენ.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი