ახალი ამბები

შსს: პანკისში მცხოვრები არასრულწლოვანის მიერ საზღვრის გადაკვეთას გენინსპექცია გამოიძიებს

4 აპრილი, 2015 • • 1163
შსს: პანკისში მცხოვრები არასრულწლოვანის მიერ საზღვრის გადაკვეთას გენინსპექცია გამოიძიებს

“ორ პირზეა საუბარი, ერთი სრულწლოვანია, რომელსაც შეეძლო ID ბარათით გადაეკეთა საზღვარი. ეს არ არის კანონდარღვევა. რაც შეეხება მეორე პირს, ის არასრულწლოვანია, 16 წლის, რომელმაც გადაკვეთა საზღვარი და ეს იყო დარღვევა.(არასრულწლოვანს დამოუკიდებლად საზღვრის გადაკვეთის უფლება არ აქვს) საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ იყო დაშვებული ეს შეცდომა, რომელსაც გენერალური ინსპექცია შეისწავლის”,–აცხადებენ შსს–ში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ საქართველო საჰაერო გზით თბილისიდან დატოვეს. უწყების ინფორმაციითვე, შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქეთში კოლეგა უწყებას დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა, რათა პირების ადგილსამყოფელის დადგენა დროულად მოხდეს. 

 

“ოჯახთანაც კონტაქტზეა სამინისტრო და ინფორმაციას ვაწვდით”, აცხადებენ შსს–ში. 

 

“კახეთის საინფორმაციო ცენტრმა” დღეს, 4 აპრილს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი დღეა პანკისის ხეობაში ორ ბავშვს, სკოლის მე–11 და მე–10 კლასის მოსწავლე ბიჭებს ეძებენ. გამოცემა წერს, რომ სკოლის მოსწავლეები სირიაში საომრად წავიდნენ. 

 

ჯამში, ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული, ხოლო სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის.

 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ სირიაში ახალი ნაკადების გადინება არ ხდება:

 

“ამ ადამიანებმა, ზოგმა მათგანმა ტერიტორია დატოვა 2-3 წლის წინ, ზოგმა 4 წლის წინ დატოვა ეს ტერიტორია. ისინი სად გადაადგილდებიან, ამის კონტროლი აქედან დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ჩვენ კი არა, თანამედროვე ევროპული სახელმწიფოები, ამერიკა  ვერ აკონტროლებენ ადამიანების მოძრაობას. როგორ შევზღუდოთ ჩვენ ადამიანების მოძრაობა? როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ ავუკრძალოთ მოქალაქეებს გადაადგილება? ეს ასე არ ხდება, ასე მარტივი არ არის და, მით უმეტეს, ამ ადამიანების უმრავლესობამ უკვე დატოვა ტერიტორია და არ ხდება, ასე ვთქვათ, ახალი ნაკადების გადინება”,–განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი