ახალი ამბები

არასამთავრობოები ღარიბაშვილს მოუწოდებენ, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას

4 აპრილი, 2015 • • 975
არასამთავრობოები ღარიბაშვილს მოუწოდებენ, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას

საქმე ეხება პრემეირ-მინისტრის მიერ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებასთან დაკავშირებულ განცხადებას, სადაც მთავრობის მეთაურმა ამ საქმეზე მოსამართლის განაჩენი “დივერსიულ გადაწყვეტილებად” შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამით აუცილებლად დაინტერესდება.

 

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მთავრობის მეთაურისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან  მოსამართლეების მიმართ განხორციელებული შეტევა, პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითება გადაწყვეტილების არასასურველი შინაარსის შესახებ და სხვაგვარი გავლენა ინდივიდუალურ საქმეებში მართლმსაჯულების განხორციელებაზე, წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.

 

“მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება  ან მის საქმიანობაში ჩარევა, გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ეს წარმოადგენს კონსტიტუციურ გარანტიას, რომლის გარეშეც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ვერ იარსებებს”,-ნათქვამია განცხადებაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა სწორად გაიაზრონ, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ისე სასამართლო  ინსტიტუტების როლი. მათი განცხადებით, თავმჯდომარის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს მოსამართლეთა კონტროლი და მათი პასუხისგებაში მიცემა. ის, როგორც იმავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, შესაძლოა გახდეს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ დისციპლინური პროცესის მონაწილე, მაგრამ თავმჯდომარეს მოსამართლეების მიმართ რეპრესიული მეთოდების ინდივიდუალურად გამოყენების უფლებამოსილება არ გააჩნია.   

 

“ამდენად, მიგვაჩნია, რომ ასეთი შინაარსის განცხადებები ახდენს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის, ასევე სხვა სასამართლო ორგანოებისა და თვით აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრედიტაციას. ამასთან, ამგვარი პოლიტიკური მესიჯები  ხელს უშლის სასამართლო სისტემაში ვითარების გაჯანსაღებას და ზრდის სუბორდინაციას ინდივიდუალურ მოსამართლეებსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის”,- ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მათივე თქმით, კონკრეტული მოსამართლის მხრიდან დიციპლინარული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში რეაგირება უნდა მოახდინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. სწორედ საბჭოს ევალება დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი და შეისწავლოს მოსამართლის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

“მოვუწოდებთ, მთავრობის მეთაურს, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პატივი სცენ სასამართლო ხელისუფლების დამომუკიდებლობის პრინციპს და თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისაგან მომავალში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებას ხელს აწერენ:

 

ონსტიტუციის 42-ე მუხლი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

ადვოკატთა ასოციაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი

მასალების გადაბეჭდვის წესი