ახალი ამბები

Unicef: უფრო მიზანშეწონილია ბავშვი სკოლაში 6 წლის ასაკში შევიდეს

26 მარტი, 2015 • • 1901
Unicef: უფრო მიზანშეწონილია ბავშვი სკოლაში 6 წლის ასაკში შევიდეს

“ადრეულ ასაკში განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველა ბავშვისათვის, რადგან ის იძლევა საფუძველს შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის.  ინვესტიცია ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებაში არა მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე და დაცვაზე ახდენს გავლენას, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც დადებითად მოქმედებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

6 წლამდე ასაკის ბავშვები ყველაზე უკეთ სწავლობენ ისეთ გარემოში, სადაც წახალისებულია თამაში, ძლიერი კავშირია ბავშვსა და მასწავლებელს, სკოლასა და ოჯახს შორის, უზრუნველყოფილია დიდი რაოდენობით სათამაშო და სასწავლო მასალა, მიმდინარეობს როგორც ორგანიზებული, ასევე თავისუფალი ხასიათის აქტივობები. ეს ყველაზე კარგად ხდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პირობებში. ბავშვებს სჭირდებათ ეს დამატებითი ერთი წელიწადი სკოლამდელი განათლების აქტივობებით, რომელიც ხორციელდება აქტიური სწავლების მეთოდებითა და შემეცნებითი სწავლების მეშვეობით დაწყებით სკოლაში შესვლამდე.  

 

მსოფლიოს თითქმის ყველა საგანმანათლებლო სისტემაში დაწყებითი სკოლა იწყება 6 წლის ასაკში დასაბუთებული მიზეზის გამო. ბავშვებს სჭირდებათ დრო არა მხოლოდ შემეცნებითი, ენობრივი და ფიზიკური განვითარებისთვის, არამედ იმ უნარების შეძენისთვისაც, რაც აუცილებელია საკუთარი ქცევის მართვისთვის. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ქცევის თვითრეგულირების უნარი აუცილებელია შემდგომი წარმატებისათვის სკოლაში. ბავშვებმა უნდა ისწავლონ სწორი კომუნიკაცია და ურთიერთობა სხვა ბავშვებთან და იყვნენ ემოციურად მოწიფულნი, რომ შეძლონ საკუთარი ქცევის კონტროლი.  

 

პირველი კლასი ყოველივე ზემოაღნიშნულს რომ უზრუნველყოფდეს, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა გვეფიქრა 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანაზე. მაგრამ ცნობილია, რომ პირველ კლასში ეს ყველაფერი არ არის და ის, როგორც წესი, ზედმეტად “სასკოლო” გამოცდილებას აძლევს ბავშვების უმრავლესობას. ამიტომ ვფიქრობთ, უფრო მიზანშეწონილია ბავშვი სკოლაში 6 წლის ასაკში შევიდეს.  

 

ფინეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, მაგალითად, დაწყებითი სკოლა 7 წლის ასაკიდანაც იწყება, რათა უზრუნველყონ ბავშვების მომზადება ისეთ გარემოში, რომელიც ბავშვებს ეხმარება, ავითარებს მათ  შემეცნებით უნარებს, ახდენს მათ სტიმულირებას. და ეს ხდება იმ ასაკამდე, ვიდრე ბავშვები სრულიად მზად არ იქნებიან უფრო ორგანიზებული სწავლისათვის დაწყებითი სკოლის დონეზე.  

 

მშობლებს ყოველთვის საუკეთესო სურთ შვილებისთვის. კვლევები გვაჩვენებს, რომ მინიმუმ 2-წლიანი ხარისხიანი სკოლამდელი განათლება (30/36-დან 72 თვემდე ასაკში) პირდაპირ კავშირშია კარგ თვით-რეგულაციასა და მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან სკოლაში, კლასში ჩარჩენის დაბალ მაჩვენებელთან და სკოლის მიტოვების ფაქტობრივად ნულოვან დონესთან. მშობლებმა აღნიშნული ფაქტორები კარგად უნდა გააცნობიერონ, რათა სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ ბავშვებთან დაკავშირებით.

 

კანონპროექტი ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ, რომელიც პარლამენტში განსახილველადაა წარდგენილი, ითვალისწინებს სავალდებულო, საყოველთაო და უფასო სკოლისათვის მოსამზადებელი წლის შემოღებას ყველა ხუთი წლის ბავშვისთვის, რათა ისინი უკეთესად მოემზადონ სკოლისათვის. ეს ბავშვებს მისცემს საშუალებას, ერთი წლის განმავლობაში განვითარდნენ და   შეიძინონ აუცილებელი უნარ-ჩვევბი სკოლაში წარმატებისათვის.  

 

ამგვარად, საგანმანათლებლო გამოცდილება მნიშვნელოვანია ყველა ბავშვისთვის 3-6 წლის ასაკში, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველებისათვის. მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება საკლასო ოთახის შიგნით. თუ 6 წლამდე ასაკის ბავშვთა „განათლება“ ადრეული ასაკის ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და მათი განვითარებისათვის შესაბამისია, მაშინ ეს საკლასო ოთახი  შეიძლება ფიზიკურად მდებარეობდეს როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ასევე დაწყებით სკოლაშიც. მაგრამ თუ ამგვარი საკლასო ოთახი დაწყებით სკოლაშია, პირველი კლასი, სავარაუდოდ, ზედმეტად “სასკოლო” იქნება და ამდენად, მიზანშეუწონელი 5-6 წლის ბავშვებისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი