ახალი ამბები

სესიაშვილი: რელგიური თემები არიან მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც შეიძლება ვინმემ გამოიყენოს

26 მარტი, 2015 • • 1440
სესიაშვილი: რელგიური თემები არიან მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც შეიძლება ვინმემ გამოიყენოს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუშაობს რელიგიის პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე, სადაც აღნიშნულია, რომ რელიგიური მრავალფეროვნება და საზღვრისპირა რეგიონებში რელიგიური უმცირესობების განსახლება და მათი მეზობლობა სომხეთთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან სახელმწიფოს განსაკუთრებულ ამოცანას უყენებს, რომ არ მოხდეს მათი გამოყენება რეგიონის მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხებში საკუთარი ინეტერსების დაფიქსირებისთვის.

 

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რატომ ხდება მხოლოდ რელგიური უმცირესობების გამოყოფა ამ დოკუმენტში მაშინ, როცა სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი შეიძლება იყოს “რელიგიური უმრავლესობაც”. სესიაშვილი ეთანხმება ამ აზრს, თუმცა მიიჩნევს, რომ უმცირესობები “არიან მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც შეიძლება ვინმემ გამოიყენოს, საჭიროებენ მეტ ყურადღებას და მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას.”

 

“ამასთანავე გეტყვით, რომ ამ რისკების შემცირებაში ისევ და ისევ ეს ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები გვეხმარებიან. ასე რომ, ყველგან არიან დამნაშავეები და ყველაგან არიან ის ადამიანები, რომლებიც მიუხედავად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და მათ ძალიან დიდ პატივს ვცემთ”, – ამბობს პარლამენტარი.

 

ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობები არიან მოწყვლადი ჯგუფები და მათ მიმართ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სპეციალური პოლიტიკა, რომელიც მიზნად ინტეგრაციას დაისახავს, თუმცა ამავე დროს არსებობს რისკები იმისა, რომ ისინი იქნებიან სხვა გარე თუ შიდა ძალების მიერ მართული. 

 

“ეს რისკი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც შენი მოქალაქე არ არის ინტეგრირებული შენს საზოგადოებაში, შეიძლება გარკვეულმა ჯგუფებმა, გარემ თუ შიდამ, გამოიყენოს ისინი საკუთარი ინეტერსებისთვის. ეს შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს ინტერესი, ან შეიძლება იყოს ჯგუფი, რომელსაც აქვს იდეოლოგიური ინტერესი. მაგალითად, ავიღოთ ვაჰაბისტები. ჩვენს ქვეყანაში არიან ვაჰაბისტები, მაგრამ შმვიდობიანად ცხოვრობენ, მაგრამ რისკი არის იმისა, რომ თუ სახელმწიფო ყურადღებას არ მიაქცევს და არ მოახდენს ინტეგრირებას ჩვენს საზოგადოებაში, შეიძლება ვიღაც ჯგფებმა ეს ადამიანები გამოიყენონ მათი მიზნებისთვის”, – ამბობს სესიაშვილი.

 

კითხვაზე, გამართლებულია თუ არა ამგვარი ჩანაწერის არსებობა რელგიიის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტში, რადგან იგი შეურაცხმყოფელად აღიქვეს კონფესიების წარმომადგენლებმა, სესიაშვილი პასუხობს, რომ ამას განმარტება სჭირდება:

 

“მესმის, რომ შეიძლება გარკვეული უხერხულობა ვინმემ იგრძნოს, მაგრამ ამ ყველაფრის სწორად მიტანა არის საჭირო. ეს ემსახურება არა მათ დეზინტეგრაციას, არამედ მათი ინტერგაციის ხელშეწყობას.”

 

რელიგიური გაერთიანებები დისკრიმინაციულად მიიჩნევენ რელიგიის პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტში ჩაწერილ განცხადებას, რომ საქართველოს რელიგიურ გაერთიანებათა ეთნიკური მრავალფეროვნება და რელიგიური უმცირესობების განსახლება საზღვრისპირა რეგიონებში შესაძლოა აღმოჩნდეს ფაქტორი, რომელიც სხვა ქვეყანამ საქართველოს სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში საკუთარი ინტერესების დაფიქსირებისთვის გამოიყენოს.

 

ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი