ახალი ამბები

უსუფაშვილი “კაბელების საქმეზე”: ექსპერტი თუ უარს ამბობს ხელმოწერაზე, კითხვას ბადებს

26 მარტი, 2015 • • 1096
უსუფაშვილი “კაბელების საქმეზე”: ექსპერტი თუ  უარს ამბობს ხელმოწერაზე, კითხვას ბადებს

“ძალიან მნიშვნელოვანია, საქმე იქნას გამოძიებული ყველა პროცედურის დაცვით და ძალიან მაღალკვალიფიციურად. კონკრეტულ დეტალებს, ვინ როდის დაიკითხა, ან არ დაიკითხა, ამაზე მე ვერ მოგახსენებთ, ეს გამოძიების საქმეა. თუმცა, თუ საქმე უკვე სასამართლოში უნდა გაიგზავნოს, როგორც ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურის წარმომადგენლებისგან, ალბათ მოლოდინი არის, რომ ყველა, ვისთანაც კითხვები შეიძლება არსებობდეს, ყველა უნდა იყოს დაკითხული, თუმცა როდის, ვინ და რა თანმიმდევრობით, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

 

რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს ერთ-ერთ ექსპერტთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც გაკეთდა განცხადებები, რომ იგი იქნა გატაცებული და მასზე ზეწოლა განხორციელდა და ა.შ. ამ თემასთან დაკავშირებით მე მაქვს მოლოდინი, რომ სამართალდამცავი ორგანოები გაერკვევიან რა ხდება, რომ პროკურატურიდან ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, რომ ისინი არაფერ შუაში არიან. კარგი იქნება თუ გაირკვევა, რომ საერთოდ ვინ არის ამ ყველაფრის შუაში. თუ ეს ფაქტი მოხდა, ვინ გააკეთა და რატომ მოხდა, თუ ეს ფაქტი არ მომხდარა, მაშინ ვინ და რატომ საუბრობს ამაზე. ამ საკითხში სიცხადის შეტანა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდნ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მაღალი იყოს ნდობა გამოძიებისადმი და სასამართლოსადმიც, რომელმაც ეს საქმე უნდა განიხილოს. ცოტა უცნაური ამბავია ექსპერტთან დაკავშირებითაც მსგავსი რამ, იმიტომ, რომ ექსპერტი არ არის მოწმე, რომლის შეცვლა შეუძლებელია. თუ რაიმეს გამო უარს ამბობს ხელმოწერაზე, რაც თავისთავად კითხვას ბადებს, რატომ ამბობს უარს, ეს არის გასარკვევი. ადამიანის გატაცება და მისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთა სერიოზული დანაშაულია, თუკი ვინმემ ეს ჩაიდინა. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა, პოლიცია ამ თემაზე სათანადო ნაბიჯებს გადადგამს.” – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

 

24 მარტს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ  პროკურატურამ “კაბელების საქმეზე” დაცვის მხარის ექსპერტი ავთანდილ გუნთიაშვლი “გაიტაცა”  და ზეწოლის შედეგად საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე უარი ათქმევინა. უწყების თქმით კი, საქმეში ჩართული ექსპერტების თითქოსდა გატაცებისა და მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გახმიანებული ინფორმაცია სრული სიცრუეა და  მოახლოებული სასამართლო პროცესის წინ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.  

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2015 წლის 1 აპრილს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი