ახალი ამბები

პრემიერი: მურმან დუმბაძე და ჯემალ ფუტკარაძე ჩვეულებრივი მოღალატეები არიან

26 მარტი, 2015 • 862
პრემიერი: მურმან დუმბაძე და ჯემალ ფუტკარაძე ჩვეულებრივი მოღალატეები არიან

კითხვაზე, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ აჭარაში განსაკუთრებული არაფერი ხდება.

 

“ადამიანები რჩებიან პარტიაში, ადამიანები მიდიან პარტიიდან, ჩვენ გავრიცხეთ რამდენიმე წევრი – ეს ნორმალური პროცესია. ჩვენ ურჩ და მოღალატე წევრებს, რა თქმა უნდა, არ გავიჩერებთ პარტიაში. და ვინმეს შევატყობთ რაიმე ნიშნებს – მოღალატეობრივ საქციელს, რა თქმა უნდა, სხვებსაც ადეკვატურ პასუხს გავცემთ”.

 

პრემიერი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობას ვერავინ გადააყენებს. მისი თქმით, სიტუაცია იქ კონტროლს ექვემდებარება.

 

“მე ვფიქრობ, რომ კონტროლის ქვეშ არის იქ სიტუაცია. ვერავინ ვერ გადააყენებს მთავრობას, ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას და ხალხის მიერ დაკომპლექტებული უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშნულ მთავრობას. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები, შეიტანონ დაძაბულობა, წარმოაჩინონ სურათი, თითქოს რაღაც რყევები მიდინარეობს. და გეტყვით, რომ ჩვენ კანონით მინიჭებულ ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს კონტროლის ქვეშ”.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აჭარაში ვადამდელ არჩევნებს არ ელოდება.

“რა თქმა უნდა, არ ველოდები ვადამდელ არჩევნებს აჭარაში და საერთოს არაფერი არ იგეგმება მაგ მიმართულებით”, – აცხადებს პრემიერი.


აჭარის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები “ქართული ოცნებიდან” მურმან დუმბაძის გარიცხვის შემდეგ დაიწყო. თუმცა, როდესაც 2015 წლის თებერვალში მედეა ვასაძემ დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭოს “ქართული ოცნების” ფრაქცია, ოცნებამ საბჭოში უმრავლესობა დაკარგა. მედეა ვასაძის გასვლის შედეგად აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალი კონფიგურაცია გაჩნდა და “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვეტილების მიღების უფლება დაკარგა. აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია, აქედან 8 “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს, 2 პარტია “თავისუფალ დემოკრატებს”, რომელმაც მმართველი კოალიცია თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ დატოვა, და სამი დამოუკიდებელი დეპუტატი – მედეა ვასაძე, ანზორ თხილაიშვილი და ჯემალ ფუტკარაძე. შედეგად, “ქართულ ოცნებას” უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატიდან 8 დეპუტატი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი