ახალი ამბები

ალასანია: ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და სპეკულაცია

26 მარტი, 2015 • • 1303
ალასანია: ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და სპეკულაცია

“ერთ რამეს ვიტყვი, რომ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და არ იცის, რა არის სპეკულაცია. მისთვის სპეკულაცია არის სიმართლის თქმა და ვაჟკაცობა ჰგონია, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს ატყვევებ და პროკურატურას იყენებ პოლიტიკური ზეწოლისთვის”, – განაცხადა ალასანიამ.

 

“არ ვაპირებდი ალასანიას კომენტირებას, რადგან ბატონმა მინდიამ გასცა უკვე პასუხი. ზოგადად, მსგავსი საკითხის პოლიტიზება და ასეთი თემებით სპეკულირება არის საკმაოდ უზნეო საქმე. ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე”, – განაცხადა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას განცხადების საპასუხოდ, როდესაც მან თქვა, რომ თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დაურეკა მას პარიზში და მოითხოვა ხელი არ მოეწერა საფრანგეთთან ხელშეკრულებაზე თავდაცვითი შეიარაღების შესახებ. ჯანელიძემ ეს ინფორმაცია უარყო.

 

“მე კიდევ ერთ განმარტებას მივცემ უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან პრემიერ-მინისტრს და ვეტყვი, რომ თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ხელის შეშლა არის სახელმწიფოებრივი მავნებლობა და, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. რა თქმა უნდა, მე არ მისაუბრია და არც ვისაუბრებ ამ თემის ტექნიკურ დეტალებზე. მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების ხელშეშლა რომ იყო, ეს არის ფაქტი და ამაზე, ბუნებრივია, მას მომავალში პასუხი მოეთხოვება”, – განაცხადა ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი