ახალი ამბები

ღარიბაშვილი: გოგი თოფაძის განცხადებებს მე არ ვიზიარებ, ეს არის მისი პოზიცია

26 მარტი, 2015 • • 1044
ღარიბაშვილი: გოგი თოფაძის განცხადებებს მე არ ვიზიარებ, ეს არის მისი პოზიცია

“მრეწველების პარტიამ, ისე როგორც სხვა პარტიებმა, რომლებიც შედიან კოალიციაში,  თავის დროზე ხელი მოაწერეს სადამფუძნებლო დოკუმენტს და ისინი, რა თქმა უნდა, სრულად იზიარებენ ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. რაც შეეხება გოგი თოფაძის განცხადებებს,[ევრაზიულ კავშირზე და ნატოზე] მე არ ვიზიარებ. ეს მისი პირადი აზრია და არ წარმოადგენს კოალიციის აზრს. ამ შემთხვევაში და ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ ეს თემა და მისი კომენტარი არის ზედმეტად აჟიტირებული და გირჩევდით, რომ ბევრი დრო არ დახარჯოთ ამ თემაზე. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის აბსოლიტურად ნათელი. ეს არის ღიად დეკლარილებური საქართველოს პარლამენტის მიერ. გვაქვს სრული კონსენსუსი ამ საკითხში და საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეფექტიანად ამ პოლიტიკას. ჩემთვის მიუღებელია ეს განცხადება, მაგრამ ამაში ტრაგიკული და განსაკუთრებული არ არის. ეს არის ბატონი გოგის, როგორც მოქალაქის პოზიცია” – ეს კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 


კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, პარტია “მრეწველობის” ლიდერი გოგი თოფაძე ნეტგაზეთის” კითხვას, ნატოს წევრობაზე უარის თქმა ხომ არ იქნება საბაბი რუსეთისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის უფრო დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახდინოს, ასე პასუხობს:

“როგორ, უფრო მეტი შანსი გვაქვს დავიბრუნთ ტერიტორიები რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით, მე არ გეუბნებით, რომ დაწოლით და დაქვემდებარებით. ვის მეტი შანსი აქვს, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, თუ ნატოს შემოყვანაზე?!”


გოგი თოფაძე რუსეთის კეთილგანწყობას არ ელოდება, მაგრამ მიაჩნია, რომ ნატოს გარეშე საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების უფრო მეტი შანსი აქვს.


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის ნატოს საწინააღმდეგო გამონათქვამების გამო “ფეისბუქის” მომხმარებლებმა ლუდ “ყაზბეგს” ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა “ყაზბეგის” მწარმოებელ თოფაძეს პროტესტი არ აშინებს.

 

 

“არ იყიდო! არ გაამდიდრო პუტინის მონა!”, “მე არ ვყიდულობ “ყაზბეგის” პროუქციას”, “ბოიკოტი “ყაზბეგის” პროდუქციას”, – ამ მოწოდებებით ფეისბუქში ფოტოები გავრცელდა.



მასალების გადაბეჭდვის წესი