ახალი ამბები

რამდენად დასაბუთებულად ათავისუფლებენ მსჯავრდებულებს პირობით ვადაზე ადრე?

26 მარტი, 2015 • 1829
რამდენად დასაბუთებულად ათავისუფლებენ მსჯავრდებულებს პირობით ვადაზე ადრე?

პატიმრის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს ადგილობრივი საბჭოები წყვეტენ.  საბჭოს დებულებას, ისევე როგორც წევრთა რაოდენობას, სასჯელაღსრულების მინისტრი ამტკიცებს. ამჟამად საქართველოში 5 ასეთი საბჭო მუშაობს: 2 ადგილობრივი საბჭო აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო და ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ცირა ჭანტურია ამბობს, რომ 2012 წლის ბოლოდან  პირობით ვადამდე  გათავისუფლებულთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა იქვე დასძენს, რომ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები არა მარტო რაოდენობრივად, არამედ ხარისხობროვადაც გაუმჯობესდეს, უფრო დასაბუთებული გახდეს. მისი თქმით, სწორედ გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა იწვევს მსჯავრდებულებში განცდას, რომ მათთან დაკავშირებით საბჭომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაცია ციხის საერთაშორისო რეფორმის
არასამთავრობო ორგანიზაცია ციხის საერთაშორისო რეფორმის’ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ცირა ჭანტურია და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი 25.03.2015 ფოტო – ‘ციხის საერთაშორისო რეფორმა’

რატომ არის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი?

“საბჭოები ვერ იღებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან სრულყოფილ ინფორმაციას,”– ამბობს ცირა ჭანტურია “ნეტგაზეთთან” საუბრისას. სწორედ “ციხის საერთაშორისო რეფორმის” ორგანიზებით ამ საკითხებთან დაკავშირებით 25 მარტს სასჯელაღსრულების სამინისტროს, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გაიმართა.

როგორც ჭანტურიამ განაცხადა, საბჭოს წევრები ციხეებიდან ვერ იღებენ ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, სარეჟიმო და უსაფრთხოების სამსახურების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რაც წევრებს საშუალებას მისცემდათ შეეფასებინათ, რამდენად ჩაიდენდა ესა თუ ის მსჯავრდებული დანაშაულს განმეორებით.

დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს წევრი, გენო გელაძე ამბობს, რომ დასაბუთებულობის პრობლემა იარსებებს, სანამ ადგილობრივი საბჭოები უშუალოდ არ შეხვდებიან პატიმრებს და საქმეებს მათი თანდასწრებით არ განიხილავენ.

“როცა ადამიანების ბედს წყვეტ დაუსწრებლად, მხოლოდ  წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ამით ძალიან რთულია, ვინმემ დაასაბუთოს გადაწყვეტილება – დადებითი, ან უარყოფითი,”– თქვა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გენო გელაძე გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის კიდევ ერთ მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ დასავლეთ საქართველოს საბჭო საქმეების განხილვას თვეში ერთხელ აწყობს და “პრაქტიკულად 2–3 საათში განიხილავს საშუალოდ 250–მდე საქმეს”.

“პრაქტიკაა იმის, რომ არსებობს მუხლები სისხლის სამართლის კოდექსის, რომელზეც საბჭო ფიზიკურად არ, თუ ვერ მსჯელობს. ეს არის მკვლელობა, ყაჩაღობა, გაუპატიურება და ა.შ. ანუ, რა გამოდის: ერთი მხრივ, პატიმარს უფლება აქვს, მას შეეხოს ვადაზე ადრე გათავისუფლება, მაგრამ სისტემაა იმგვარი, რომ ვერ ხდება ეს.  ანუ, პრაქტიკულად, ფორმალური პროცედურაა გარკვეული მუხლებისთვის,“- ამბობს გელაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დასავლეთ საქართველოს საბჭოს მაგალითზე პროცედურას ის ასე განმარტავს:

ადგილობრივ საბჭოში კონკრეტულ პატიმრებზე ინფორმაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებები გზავნიან. საბჭო განიხილავს მთლიან სიას და ხელის აწევით ადასტურებს, უჭერს თუ არა აპლიკანტს მხარს. თუმცა არ საბუთდება, თუ რატომ დაუჭურეს მხარი ამა თუ იმ კანდიდატს და საბჭო მხოლოდ მოსაზრებების გამოთქმით შემოიფარგლება.  “ეს ყველაფერი სადმე აისახება თუ არა, ვერ გეტყვით,”– ამბობს გელაძე. ამის შემდეგ, თუ მიღებულ გადაწყვეტილებას პატიმარი არ დაეთანხმება, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს. თუკი სასამართლო პატიმრის საჩივარს დააკმაყოფილებს, მაშინ საქმე განსახილველად კვლავ საბჭოს დაუბრუნდება.

 

 

“[სასამართლო] უბრუნებს ხელახლა განსახილველად იმ საბჭოს, რომელმაც ერთხელ უარი უთხრა ამ ადამიანებს. ეს რა სისტემაა და რამდენად სწორია, მსჯელობის ამბავია და სისტემას რომ გაუმჯობესება ჭირდება, ამაზე არავინ არ დავობს“


 

გენო გელაძე შეხვედრაზე
გენო გელაძე შეხვედრაზე ‘სასჯელის მოხდისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემა: გამოწვევები და პერსპექტივები’. 25.03.2015 ფოტო – ‘ციხის საერთაშორისო რეფორმა’


კიდევ ერთი პრობლემა, გელაძის განმარტებით, ის არის, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებს საბჭოს წევრები ხელს არ აწერენ და გარკვეული დროის შემდეგ შეუძლებელი ხდება გარკვევა, ვინ რა გადაწყვეტილებას მისცა ხმა. მისი თქმით, ოქმი სავარაუდოდ დგება, მაგრამ საბჭოს წევრებისგან დამოუკიდებლად.

 

 

“როცა 5 ადამიანი რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ხუთივე ადამაინმა რომ თანაბრად გავიზიაროთ პასუხისმგებლობა, ჩვენი ხელმოწერებით უნდა დავადასტუროთ ეს ყველაფერი. თუ ასე არ იქნება, ამ დოკუმენტს არ ვნახავ, რანაირად შეიძლება გადავამოწმო, რა გადაწყვეტილება მივიღე, ე.წ. სიაში ვინ მოხვდა, ვინ ვერ მოხვდა და რატომ,“- ამბობს გენო გელაძე.

 

საბჭოს წევრი ამას დროის ფაქტორს უკავშირებს და ამბობს, რომ ძალიან მოკლე დროში ძალიან ბევრი განაცხადი განიხილება.

 

ახალი მოდელი

 

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, კახი კახიშვილის თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ არსებული მოდელი დასახვეწია.

 

 

“ნეტგაზეთთან” საუბრისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო ევროკავშირთან ერთად ატარებს კვლევას, რის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ მოდელებს სწავლობენ. კახიშვილის განცხადებით, ყველაზე ეფექტურ მოდელს, რომელიც სქართველოს პირობებს მოერგება.

 

 

“მაქსიმალურად გვსურს ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კონკრეტული პიროვნების გადაწყვეტილებაზე, როგორ ხასიათზეა ის დღეს. არამედ იმ მექანიზმებზე, იმ მყარ დასაბუთებაზე, რომელიც იქნება წინმსწრები პროცესი გადაწყვეტილების მიღებამდე,”- აცხადებს კახიშვილი.

 

 

გენო გელაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის გასაზრდელად საჭიროა ახალი მოდელის შემუშავება – კერძოდ, საბჭოების უშუალოდ სასჯელაღსრულების შექმნა, რათა საბჭოს წევრებს უფრო ნაკლები საქმე ქონდეთ განსახილველი და უფრო მეტი დრო  იმისთვის, რომ პატიმრებს შეხვდნენ

 

 

“უშუალო შეხებით უფრო ადვილია რაღაცაზე მსჯელობა, ვიდრე ისე, რომ ვიღაცის მიერ დაწერილი გვერდნახევრიანი ფურცლით იმსჯელო იმაზე, დააკმაყოფილო თუ არა ვიღაცის, ასე ვთქვათ, გათავისუფლების საკითხი,”– განაცხადა მან.

 

 

ცირა ჭანტურიაც მიიჩნევს, რომ მხოლოდ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორიც ვადაზე ადრე გათავისუფლებაა, არ უნდა იყოს მიღებული. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულთან გასაუბრებაც არ უნდა იყოს ინფორმაციის ერთადერთი წყარო საბჭოებისთვის:

 

 

“ხშირად მსჯავრდებულებმა შეიძლება არაადეკვატურად წარმოაჩინონ საკუთარი თავი,”- ამბობს ჭანტურია.



კახი კახიშვილის განცხადებით, კვლევა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოდელთან დაკავშირებით დაახლოებით 1 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც მოდელის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე მსჯელობა საზოგადოების მონაწილეობით გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი