ახალი ამბები

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ბიძინა ივანიშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

25 მარტი, 2015 • • 1015
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ბიძინა ივანიშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

“ჩვენ, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი, მივიჩნევთ, რომ ისეთი გავლენიანი პირის განცხადება, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, აღიქმება როგორც ზეწოლა მიმდინარე გამოძიებასა და სასამართლო დავებზე. მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის შეფასება არ შეესაბამება სიმართლეს, ატარებს ღირსების შემლახველ ხასიათს და, ბოლოს და ბოლოს, არღვევს ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ ნორმას გარდაცვლილი ადამიანის აუგად არმოხსენიების შესახებ.

 

ჩვენი აზრით, მიუღებელია სხვა ადამიანის მიღწევების დაკნინება მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშია აღიარებული ეროსი კიწმარიშვილის უდიდესი წვლილი საქართველოში თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შექმნის საქმეში. სწორედ ეროსი კიწმარიშვილის სახელს უკავშირდება “რუსთავი 2”-ის და “მაესტროს”, როგორც დამოუკიდებელი და ობიექტური მედიასაშუალებების ჩამოყალიბება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქართველოს უახლეს ისტორიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.
მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ოჯახზე, ეროსის სახელის და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა და ვითხოვთ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას”,-ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით 20 მარტს განაცხადა:

 

“მინდა შეგახსენოთ, რა დღეში იყო მედია, როგორი ვირტუალური სამყარო იყო შექმნილი და მართული ყველა მედია. “მაესტროც” მართული იყო. მაშინ ფსევდოოპოზიციურობა დავწამე “მაესტროს” და აბსოლუტურად გამართლდა ყველაფერი. ეროსი კიწმარიშვილი ჩემი მოსვლის შემდეგ ძლივს გავიდა “მაესტროდან” და სადაც ეროსი კიწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ილაპარაკო ობიექტურობაზე”,- თქვა ივანიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ეროსი კიწმარიშვილი 2014 წლის ივლისში ყიფშიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურა საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი