ახალი ამბები

რამდენიმე ბაგა-ბაღში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი აღმოაჩინეს

25 მარტი, 2015 • • 1531
რამდენიმე ბაგა-ბაღში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი აღმოაჩინეს

“ხორცის და ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგად, ბათუმის მე-15 და მე-19 საბავშვო ბაღების კვების ბლოკებიდან აღებულ ნიმუშებში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენეზი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას,” – წერია სააგენტოს განცხადებაში.

 

სააგენტოს ინფორმაციით, თბილისსა და დასავლეთ საქართველოს სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებულ ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების ნიმუშებში – გაყინული ხინკალი (ი.მ. „ავთანდილ ტარიელიძე“, შპს „ნიქეთი“, შპს „მეგა“, შპს „გაამოთ“), ქაბაბი (შპს „ქართული პროდუქტი“, შპს „სოლო“) და ტოლმა („ნატურალ ფუდი“) ასევე აღმოაჩინეს პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენეზი.

 

ოფიციალური ცნობითვე, სამტრედიის მე-9 საბავშვო ბაღიდან ამოღებულ ნიმუშში “პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა” აღმოჩნდა.

 

“სააგენტოს დავალებით, საბავშვო ბაღების გაერთიანებამ სრულად გაიწვია აღნიშნული ხორცის პარტია. მის განადგურებაზე ზედამხედველობას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.”

 

ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს დილით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციულ კავშირთან”თანამშრომლობის შედეგად თბილისში, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, ე. წ. საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე გამოვლენილია საქონლის ხორცის არალეგალური საამქრო, რომელიც ეკუთვნის ი.მ „მალხაზ ბუხნიკაშვილს“.

 

“საამქროში ხდებოდა საქონლის თავების გადამუშავება და ამ პროდუქციის გამოყენება გაყინული ნახევარფაბრიკატების და ძეხვეულის წარმოებაში. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს ყურადღება ხორცის და ხორცპროდუქტების შეძენის და მომზადების პროცესში.”

 

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ პროდუქტის შეძენისას ყურადღება უნდა მიექციონ პროდუქციის ეტიკეტს და ვარგისიანობის ვადას.

 

“ასევე მოგიწოდებთ, რომ ხორცი არ შეიძინოთ არაორგანიზებულ რეალიზაციის პუნქტებში (კერძოდ გარევაჭრობის, არასათანადოდ მოწყობილ სავაჭრო ობიექტებში). დამატებით რეკომენდებულია ნახევარფაბრიკატების მომზადების პროცესში მოხდეს მათი სათანადოდ თერმული დამუშავება. მსგავს საკითხებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მზად არის, ითანამშრომლოს როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების თითოეულ წევრთან. სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი (291 91 68), რომელზეც მიიღება ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, შეტყობინება დატოვოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ან გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი