ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკს ტერიტორიის გასამწვანებლად საჭირო 1 000 ნერგიდან 25 ნერგი აქვს

23 მარტი, 2015 • 1421
თბილისის ზოოპარკს ტერიტორიის გასამწვანებლად საჭირო 1 000 ნერგიდან 25 ნერგი აქვს

ზოოპარკის პრესამსახურის ცნობით, გამწვანების აქცია 4 აპრილს, შაბათს, იგეგმება.  აქციაში მონაწილეობა გულისხმობს ნერგების შეძენას კონკრეტული ორგანიზაციისგან, სადაც სპეციალურად ზოოპარკისთვის მომზადდება 1,20 მ. სიმაღლის ტუიას ნერგები. თითო ნერგის ღირებულებაა 7 ლარი. ზოოპარკის გამწვანების აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს.

 

“ჩვენი დედაქალაქის ინტენსიური განაშენიანების პარალელურად მის გამწვანებაზე ზრუნვაც არ უნდა დავივიწყოთ. იმედია, ამ სასარგებლო აქციას წელს კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება და ერთობლივი ძალებით შევძლებთ ზოოპარკის, ქალაქის ცენტრში არსებული პატარა პარკის შენარჩუნებასა და გალამაზებას,” – აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

თბილისის ზოოპარკის პრესამსახურის ცნობით, აქციაში მონაწილეობის პროცედურა:

 

➤ განსაზღვრეთ, რა თანხის გამოყოფა შეგიძლიათ ნერგების საყიდლად;

➤ გაიარეთ რეგისტრაცია 10-დან 30 მარტის ჩათვლით: დარეკეთ ზოოპარკის ტელეფონის ნომერზე: 233 29 01, ან დაუკავშირდით ელ-ფოსტაზე: kiasashvili.irina@gmail.com და მიიღეთ ინფორმაცია ნერგების შეძენის პროცედურასთან დაკავშირებით. ნერგების მიტანას და დასარგავი ადგილების მომზადებას ზოოპარკი გაუწევს ორგანიზებას;

➤ 4 აპრილს, 13:00 საათზე, სურვილისამებრ, თავად მიიღეთ მონაწილეობა ნერგების დარგვაში.

 

ზოოპარკის პრესამსახურის ინფორმაციით, წლევანდელი აქციის მიზანი უკვე არსებული ნარგავების ხაზის მეტად დაგრძელება და გზატკეცილის მომიჯნავე ტერიტორიის სრული შემოსაზღვრაა. ზოოპარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რამდენიმე წელიწადში ეს ცოცხალი ღობე ბუნებრივ, ლამაზ ბარიერს შექმნის ზოოპარკსა და ავტომაგისტრალს შორის და ცხოველების ვოლიერებსაც დაიცავს მტვრისა და ხმაურისაგან. 

 

თბილისის ზოპარკის გამწვანების პირველი საქველმოქმედო აქცია გასულ წელს ჩატარდა, რომელიც ზოოპარკის ავტომაგისტრალისგან ცოცხალი ღობით გამიჯვნას ისახავდა მიზნად. აქციის მონაწილეების დახმარებით ტერიტორიაზე წიწვოვანი ტუიას 1300-მდე ნერგი დაირგა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი