ახალი ამბები

პროფესიონალთა გუნდი – ”საგიტარიუსის” წარმატების ფორმულა

23 მარტი, 2015 • 4764
პროფესიონალთა გუნდი – ”საგიტარიუსის” წარმატების ფორმულა

   

 

ქალბატონო ელიტა, როდის დაარსდა კლინიკა „საგიტარიუსი“ და რა იყო კლინიკის დაარსების წინაპირობა, როგორ გადაწყვიტეთ სამედიცინო ბიზნესში მოსვლა?

კლინიკა ”საგიტარიუსი” მე და ჩემმა უფროსმა დამ, ეკატერინე გვარიშვილმა–ხვედელიძემ თავიდან, როგორც ოფთალმოლოგიური კლინიკა, 2005 წელს დავაარსეთ. მე ჯერ კიდევ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, როცა ეკა ოფთალმოლოგიის პროფესიას მოსკოვში დაეუფლა, იქ მუშაობის შემდეგ ჩამოვიდა ბათუმში და ქალაქის #2 პოლიკლინიკაში ოფთალმოლოგად დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ დროს დაებადა მას იდეა, საკუთარი ოფთალმოლოგიური საქმე დაეწყო. ამ გადაწყვეტილებაში ჩვენი მშობლების დიდი წვლილია, რადგანაც იდეის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური დახმარება მშობლებმა გაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ნევროპათოლოგია მიზიდავდა, გადავწყვიტეთ, რომ მეც ოფთალმოლოგიას დევუფლებოდი და დები ერთად გავძღოლოდით საქმეს. შევიძინეთ ფართობი კლინიკისთვის ქალაქის ცენტრში და შევისყიდეთ წამყვანი ფირმების ოფთალმოლოგიური აღჭურვილობა. მშობლებმა ინვესტიცია, რასაც წლების
განმავლობაში ჩვენს განათლებაში დებდნენ, ჩვენს საქმიანობაშიც ჩადეს. ნდობისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვართ.
ამასობაში მეც დავასრულე მოსკოვში სწავლა, დავიცავი ხარისხი და ბათუმში ჩამოვედი. 2005 წელს გავხსენით აჭარაში პირველი კერძო ოფთალმოლოგიური კლინიკა, ამიტომ ”საგიტარიუსი” ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ ოჯახური ბიზნესის წარმატებულ ნიმუშად.

რა მიმართულებებით დაიწყეთ თავიდან მუშაობა და რამდენი მიმართულებით შეუძლია ამჟამად პაციენტს სამედიცინო მომსახურების მიღება „საგიტარიუსში”?

 

დასაწყისში ორი ექიმი ვიყავით. დამხმარე სამედიცინო პერსონალთან და ადმინისტრაციასთან ერთად სულ ცხრა კაცს შევადგენდით. ახლა მათ „ძველ გვარდიას” ვეძახი – დღემდე ერთგული, დაუზარებელი პროფესიონალები – ვერა გოგია, გაიანე ტონოიანი, ლია გოგიჩაიშვილი, ნონა ვარშალომიძე, ია გუჯაბიძე და სხვა. მე და ეკა ძალებს არ ვიშურებდით, ბევრს ვმუშაობდით, აღებული პასუხისმგებლობა დიდი იყო. კლინიკის პრიორიტეტად მაღალი ხარისხი და პაციენტისადმი ყურადღება ვაქციეთ. წლების განმავლობაში დღეში 10-15 ოპერაციას ვატარებდით, ოჯახი და სხვა საქმეები გვერდზე გადავდეთ. მიზანი, წარმატება, ხალხის თანადგომა და აღიარება დიდ სტიმულს გვაძლევდა. 

ორი წლის შემდეგ კლინიკას დაემატა კიდევ ორი შესანიშნავი ახალგაზრდა ოფთალმოლოგი – ლია მელიქაძე და ზარიმა ჩავლეიშვილი. კლინიკამ შეიძინა აჭარაში პირველი ფაკოემულსიფიკაციის აპარატი და დავიწყეთ კატარაქტის უნაკერო ქირურგიული ოპერაციები. ხშირად ჩამოგვყავდა სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ოთხი წლის შემდეგ კლინიკამ შეძლო გაფართოება, რადგან ”საგიტარიუსი” სულ უფრო მოთხოვნადი ხდებოდა. ვხედავდით, რომ არა მარტო ოფთალმოლოგიას, არამედ უფრო ფართო სამედიცინო მომსახურების სპექტრსაც კარგად წავუძღვებოდით. ჩვენი ბიზნესგეგმა მივაწოდეთ ბანკს, მივიღეთ კრედიტი და შევუდექით საქმეს. 2010 წელს განახლებული სამედიცინო ცენტრი „საგიტარიუსი” გავხსენით. ახალ ცენტრში წარმოდგენილია ისეთი ამბულატორიული დარგები, როგორიცაა: კარდიოლოგია, ნევროლოგია, თერაპია, პედიატრია, ენდოკრინოლოგია, რენტგენოლოგია, ლაბორატორია, ექოსკოპია და სხვა. ქირურგიულ დარგებში ოტორინოლარინგოლოგიური ქირურგია დავამატეთ. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი წარმატებული იყო სდა მისი წარმატება უდავოდ ეკუთვნის იმ პროფესიონალთა ჯგუფს, რომელიც კლინიკაში შევიკრიბეთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო ბატონი მამუკა ნაკაშიძე. ახლაც მიხარია ის ფაქტი, როდესაც ბატონ მამუკა ნაკაშიძეს შევთავაზეთ კლინიკის მთავარი ექიმი ყოფილიყო, დაგვთანხმდა და აი, უკვე ხუთი წელია ერთად ვმუშაობთ. მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და შრომისუნარიანობა ნამდილად შენაძენია კლინიკისთვის. კლინიკის წარმატებაში დიდი ღვაწლი უდევს ბატონ ზებურ ალიშანიძეს, ჩვენს ოტორინოლარინგოლოგს, გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც შეყვარებულია მის საქმეზე და თავდაუზოგავად შრომობს პაციენტებისთვის. სამწუხაროდ, კოლექტივის ყველა წევრს აქ ვერ ჩამოვთვლი, ჩვენთან უკვე 60 ადამიანი მუშაობს. ყველა მათგანი კლინიკისთვის შენაძენია. მიხარია, რომ შევქმენით პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც არა მხოლოდ წარმატებული გუნდია სამედიცინო მომსახურების ბაზარზე, არამედ ეს ადამიანთა ის ჯგუფია, რომელიც ნათლად ხედავს თავის როლს ადამიანის დახმარების საქმეში. ურთიერთპატივისცემის აურაა ჩვენს კლინიკაში და არავითარ შემთხვევაში არ ჩამომართვათ ეს სენტიმენტალიზმში, ვინაიდან ეს არის ჩვენი კლინიკის ხარისხის წარმატებული მენეჯმენტის ერთ-ერთი კრიტერიუმი.

 

დღეს ბათუმში რამდენიმე კლინიკაა ბაზარზე. რა უპირატესობა გაქვთ კონკურენტებთან შედარებით?

 

მზარდი კონკურენციის პირობებში სამედიცინო ბაზარზე ”საგიტარიუსის” ნიშა არის ვიწრო ქირურგიული სპექტრი – ოფთალმოქირურგია და ოტორინოლარინგოქირურგია. ვცდილობთ, დავნერგოთ ექსკლუზიური ქირურგიული მომსახურება, რისთვისაც მოწვეული გვყავს საქართველოს წამყვანი ქირურგები თბილისიდან: პროფესორი, ოტორინოლარინგოლოგი გიორგი გოგნიაშვილი და პროფესორი, ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა. ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის შენარჩუნება და მომსახურების დონის ამაღლება. ამისათვის კლინიკაში დანერგილია ხარისხის სამსახური. 2012 წელს კლინიკამ მიიღო ISO სერტიფიცირება. ყოველი წლის ანალიზი გვიჩვენებს ბიზნესის დადებით დინამიკას. ამაში გვეხმარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც პაციენტს აძლევს საშუალებას გააკეთოს კლინიკის არჩევანი. ასევე ვემსახურებით აჭარაში წარმოდგენილ ყველა სადაზღვევო კომპანიას. კლინიკა “აგიტარიუსი” აღიარებულია საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ, როგორც მეზღვაურთა პროფესიული შემოწმების უფლებამოსილი დაწესებულება.

როგორც ვიცით, კლინიკის ხელმძღვანელობის პარალელურად თქვენ პრაქტიკოსი ექიმი ხართ და თავადაც ატარებთ ოპერაციებს. რამდენად სპეციფიკურია სამედიცინო ბიზნესში ქალის მუშაობა?

როდესაც კლინიკა ჯერ კიდევ პატარა იყო, ჩვენი ენერგიითა და ენთუზიაზმით ყველაფერს ვუძღვებოდით – ყოველდღიური
ოპერაციები, პაციენტების მიღება, დაწესებულების მართვა, გარე და შიდა სამზარეულო… რადგანაც ორნი ვიყავით, ვენაცვლებოდით ერთმანეთს და გავმიჯნეთ საქმიანობა. პრაქტიკულ მედიცინას ვერ ჩამოვრჩით, ვინაიდან მოთხოვნადი და კლინიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ექიმები ვართ, მაგრამ შეუძლებელია აკეთო რამდენიმე საქმე მაღალი წარმადობით, მითუმეტეს, როდესაც ხარ ხელმძღვანელი და შენს წარმადობაზე არის დამოკიდებული სხვა ადამიანების შემოსავალი, ამიტომ მოვიწვიეთ სპეციალისტები, ოფთალმოქირურგები, რომლებსაც ნაწილობრივად გადავაბარეთ
ჩვენი ოპერაციები. კლინიკის მომსახურების ხარისხი ამით მხოლოდ გაიზარდა, ვინაიდან მოვიწვიეთ საქართველოს
წამყვანი ოფთალმოქირურგები – პროფესორი გიორგი ჩიჩუა და კახა თავართქილაძე, რომლებიც უკვე წლებია მუშაობენ ჩვენთან. ისე მოხდა, რომ წელს ეკა ოჯახით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად რამდენიმე წლით. რა თქმა უნდა, ჩემი მოვალეობები გაორმაგდა და სულ უფრო მცირე დრო შემიძლია დავუთმო პაციენტებს, ვინაიდან კლინიკის მართვა და მზარდი მოთხოვნადობა ყოველდღიურად მეტ დროს ითხოვს. რაც შეეხება სამედიცინო ბიზნესში ქალის
სპეციფიკურობას, მე ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას სხვა ბიზნესის სფეროებთან. ვეთანხმები იმ აზრს, რომ თუ ქალი მოინდომებს, არა მარტო ბიზნესში, არამედ ყველგან მიაღწევს წარმატებას.

 

ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. №91

422 27 95 53

 

მასალების გადაბეჭდვის წესი