ახალი ამბები

პარლამენტარი როლანდ ახალაია საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

20 მარტი, 2015 • • 1276
პარლამენტარი როლანდ ახალაია საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, როლანდ ახალაია უდანაშაულოდ არის ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

 

დავით მგელიაშვილმა სასამართლო პროცეზე განმარტა, რომ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს საქმის განხილვის დროს დაზარალებულების ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ ყოფილი საოლქო პროკურორის მხრიდან მათ მიმართ თანხის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, რონალდ ახალაიას დაუბრუნდება გირაოს თანხა 10 000 ლარის ოდენობით, რომელიც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა შეფარდებული. 

 

“მე ვიცოდი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ეს იყო პოლიტიკური დევნა. მე არაერთხელ ვთქვი და, სამწუხაროდ, ამას დღემდე არავინ უსმენდა. ვიცოდი, რომ სამართლიანი სასამართლოს შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დამდგარიყო. ჩემი აზრით, შეიძლება ბევრი ზეწოლა განხორციელდა მოსამართლეზე, მაგრამ სასამართლომ, საბედნიეროდ, გაუძლო ამ ზეწოლას. იმედი მრჩება, რომ სასამართლოში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც სამართლიანი სასამართლოს შექმნაში დებენ თითო აგურს. ამ საქმეს არ ჰყავდა დაზარალებული და როგორ შეიძლება, როდესაც დაზარალებული არ არის, დანაშაულს ჰქონოდა ადგილი”, – განაცხადა სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ როლანდ ახალაიამ. 

 

პროკურატურა საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. განაჩენის გასაჩივრებისთვის პროკურატურას ერთი თვის ვადა აქვს.  

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  როლანდ ახალაიას 11 აპრილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისათვის წარუდგინა, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი