ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციის უარყოფას სთხოვს

19 მარტი, 2015 • • 2198
ფინანსთა სამინისტრო “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციის უარყოფას სთხოვს

ფინანსთა სამინისტრო ორგაგანიზაციის მიერ განთავსებულ ანგარიშს არაკვალიფიციურს უწოდებს და მოითხოვს, გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას:

 

“ძალიან სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან, მათ შორის, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან“, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შესაძლოა მიიღოს ასეთი არაკვალიფიციური ანგარიში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დაუყოვნებლივ, საჯაროდ მოახდინოს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა”.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ათვისების მდგომარეობა, რითიც ირკვევა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 

“მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ამ ინფორმაციის დაფარვისას ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დეფიციტის მონაცემების მანიპულირებას მიმართა.

 

მიმდინარე წლის 12 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ გადასახადების დაბრუნების ხაზინის ქვეანგარიშზე 80 მილიონ ლარზე მეტია განთავსებული (ხაზინის მიერ ზეპირად მოწოდებული ინფორმაციით – 82 მილიონი ლარი), რაც გადასახადების დაბრუნების ხაზინის ქვეანგარიშისთვის რეკორდული მაჩვენებელია, რადგან ამ ანგარიშზე ნაშთი უკვე წლების მანძილზე საშუალოდ 5 მილიონი ლარია. 

 

ფინანსთა სამინისტრომ ეს 82 მილიონი ლარი ხაზინის დაბრუნების ქვეანგარიშზე განათავსა და არ ასახა არც ბიუჯეტის დეფიციტის კალკულაციაში და არც ხაზინის ერთიან ანგარიშზე. ეს თანხა ხაზინის ერთიან ანგარიშზე რომ ასახულიყო, საქართველოს მთავრობას მოუხდებოდა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, თუ რატომ ვერ დაიხარჯა ეს 82 მილიონი ლარი იმ 70.19 მილიონ ლართან ერთად, რაც ხაზინის დაზუსტებული ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს დარჩა აუთვისებელი, ანუ რატომ ვერ იქნა ათვისებული, ჯამში, 150 მილიონ ლარზე მეტი”- ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

 

 

“აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ათვისების პრობლემის წინაშე 2013 წლის ბოლოსაც იდგა, რისთვისაც მაშინაც გახდა მწვავე კრიტიკის საგანი. ჩვენი შეფასებით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მთავრობამ 2014 წელს დაუხარჯავი თანხების შემცირება ოფიციალურ სტატისტიკაში და ამისთვის ბიუჯეტის დეფიციტის მონაცემის მიზანმიმართულ გაზრდაზეც კი წავიდა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გადათვლით, 2014 წლის რეალური დეფიციტი გამოცხადებული 3.2%-ის ნაცვლად 2.95% იყო. როგორც ცნობილია, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი ერთ-ერთი იმ ინდიკატორთაგანია, რაზე დაყრდნობითაც ხდება ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შეფასება როგორც პოტენციური ინვესტორების, ასევე საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებისა და მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ამიტომ დეფიციტის მაჩვენებლით მანიპულაცია ცალკეული პოლიტიკური მიზნებისათვის ყოვლად დაუშვებელია. ეს ძალიან ცუდ პრეცედენტს ამკვიდრებს და შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სანდოობაზე დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თვალში” – აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში”. 


ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ეთანხმებიან და საჭიროდ  მიიჩნევენ საზოგადოებას მიაწოდონ კვალიფიციური და ზუსტი ინფორმაცია:

 

“2014 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში გადაჭარბებით მიღებული საგადასახადო შემოსავლებიდან 82 მლნ ლარი საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული წესით, მიიმართა დაბრუნების ქვეანგარიშზე.

აღნიშნულზე საზოგადოებას ინფორმაცია არაერთხელ მიეწოდა, მათ შორის, ფინანსთა მინისტრის მიერ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ ყველა საჯარო განცხადების დროს, ასევე 2015 წლის 16 იანვარს სახაზინო სამსახურის უფროსის მიერ გამართულ ბრიფინგზე (http://www.mof.ge/News/6277) და ფინანსთა მინისტრის გამოსვლისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 12 მარტს;


” საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ქვეანგარიშზე გადატანილი თანხები არ აღირიცხება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებელში, არამედ წარმოადგენს დეპოზიტზე ნაშთის დაგროვებას; არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მუშაობს საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, წესით, უნდა იცოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აღნიშნული დებულებები” -აცახადებენ ფინანსთა სამინისტროში.  


“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადება იმის თაობაზე, რომ „2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“,   რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია, რადგან დამატებით მიღებულ შემოსავლებსა და დაგეგმილი ხარჯების აუთვისებლობას შორის უბრალოდ არანაირი კავშირი არ არსებობს; რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელს, ფინანსთა სამინისტროს მიერ  არაერთხელ გაცხადდა და ეს დაადასტურეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, რომ აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე ნაკლები შეადგინა; ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მასალა, თითქოს ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი შეგნებულად გაზარდა – მცდარია. ან რა მოტივით უნდა გამოექვეყნებინა სამინისტროს დეფიციტის მაღალი მაჩვენებელი, როდესაც ჩვენი მთავარი მიზანი ამ მაჩვენებლის შემცირებაა” – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.    

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი