ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების მინისტრს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა

13 მარტი, 2015 • 1138
სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების მინისტრს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა

ამ გადაწყვეტილებას პარტია “ერთიანი ოსეთის” 19-მა დეპაუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგი წავიდა პარტიების- “ხალხთა ერთობისა” და “სახალხო პარტიის” ექვსი დეპუტატი, ხოლო ოთხმა დეპუტატმა პარტია “ნიხასიდან” პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.

 

სააგენტო “რესის” ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭიროა პარლამენტის 34 დეპუტატის ხმათა უმრავლესობა. ამის შემდეგ პარლამენტი რეზოლუციას გადაუგზავნის პრეზიდენტს, რომელიც უფლებამოსილია, მთავრობის წევრი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს ან არ დაეთანხმოს პარლამენტის გადაწყვეტილებას. თუ ორი თვის ვადაში პარლამენტი კვლავ დაუჭერს მხარს თანამდებობის პირისთვის უნდობლობის გამოცხადებას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ვალდებულია, მისი გათავისუფლების ბრძანება გასცეს.

 

საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის პარტია “ერთიანი ოსეთი” იყო. პარტია სერიოზულ დიპლომატიურ შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ვენესუელასა და ნიკარაგუას მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ელჩს ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ არ გადაუცია ქვეყნის ლიდერებისთვის რწმუნებათა სიგელები.

 

გარდა ამისა, სანაკოევს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან საკუთარი ინიციატივით, პრეზიდენტისა და პოლიტსაბჭოს შეტყობინების გარეშე, მედიაში გამოაქვეყნა რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების სამუშაო ვარიანტი.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი