ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის არჩევანი – დასავლეთი თუ რუსეთი?

23 თებერვალი, 2015 • • 2209
აზერბაიჯანის არჩევანი – დასავლეთი თუ რუსეთი?

გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა რამიზ მეხტიევმა 62-გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა, სახელწოდებით – “ორმაგი სტანდარტების მსოფლიო წესრიგი და თანამედროვე აზერბაიჯანი”.

 

“საერთაშორისო ურთიერთობების სისტემისთვის ყველაზე სახიფათო მოვლენაა სხვადასხვა პოლიტიკური ხასიათის იდეების მხარდაჭერა დემოკრატიის იდეის საბურველით. სწორედ ასე შეიძლება აღიწეროს აშშ-ის პოლიტიკა თანამედროვე პოსტბიპოლარულ სამყაროში, რომელიც პრაქტიკულად ერთპოლარულად ტრანსფორმირდება. კერძოდ, ეს ნათლად ჩანს ბარაკ ობამას ხედვებში, რომელიც “მშვიდობიანი” ლოზუნგებით აქტიურად უჭერს მხარს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს. ყოველწლიურ ფორუმზე “კლინტონის გლობალური ინიციატივა” გამოსვლის დროს მან განაცხადა, რომ საზღვარგარეთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ვაშინგტონი ყოველთვის დაუჭერს მხარს სხვადასხვა სახის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებადამცველებს მთელ მსოფლიოში”, – წერს მეხტიევი და აგენტებად მოიხსენიებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და სამოქალაქო აქტივისტს, რომლებიც აშშ-დან ფინანსდებიან.

 

რესპუბლიკის ოფიციალური გაზეთი “აზერბაიჯანი” აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას თვალთმაქცს უწოდებს. სტატია, სახელწოდებით “ბარაკ ობამას თვალთმაქცობა”, 2015 წლის 13 იანვარს გამოქვეყნდა.

ილჰამ ალიევი, ფოტო: reconsideringrussia.org
ილჰამ ალიევი, ფოტო: reconsideringrussia.org

 

დასავლეთის მოთხოვნებს დემოკრატიის შესახებ ბაქო სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების ახალ-ახალი დაპატიმრებებით პასუხობს. პარალელურად კი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი პირადად მასპინძლობს ბაქოში ისეთ პოლიტიკოსებს რუსეთიდან, როგორებიცაა ვლადიმერ ჟირინოვსკი და გენადი ზიუგანოვი.

 

ჟურნალისტი, ანალიტიკოსი შახინ რზაევი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია უკრაინის მოვლენებთან, კერძოდ, აზერბაიჯანის მთავრობა ხედავს საფრთხეს, რომ მაიდნის მოვლენები შესაძლოა აქაც განმეორდეს და ამის გამო პროფილაქტიკურ მეთოდებს მიმართავს:

 

“აუცილებელი იყო საკუთარი ლოიალობის დამტკიცება რუსეთის მიმართ და ამის გამო დაზარალდა ყველა ორგანიზაცია, რომელიც ამერიკასთან იყო დაკავშირებული. დახურეს IREX, Internews და ა.შ. ჯამში, 12 ამერიკული ორგანიზაცია და ეს იყო რუსეთის მიმართულებით გადადგმული ჟესტი,” – ამბობს შახინ რზაევი.

 

მისი თქმით, ახლა ურთიერთობა რუსეთსა და სომხეთს შორის გაუარესდა და ამის მიზეზი სულაც არ არის კრიმინალური ინციდენტი, რომელიც გიუმრიში მოხდასინამდვილეში, მას შემდეგ, რაც სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდა, რუსეთმა დაკარგა სომხეთისადმი ინტერესი. შეკითხვაზე – უნდა ჰქონდეს თუ არა აზერბაიჯანს რუსეთის იმედი, რომ დაიწყოს ომი ყარაბაღში? – ანალიტიკოსმა შახინ რზაევმა უპასუხა, რომ არ გამორიცხავს ამის შესაძლებლობას.

 

“ახლა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა მიდის იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანი ჩართონ პუტინის პროექტში, როგორიცაა ევრაზიული კავშირი. სანაცვლოდ კი ჩვენს მთავრობას შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ შევა ყარაბაღში და დემონსტრაციულად დაიბრუნებს 2-3 რაიონს, რათა თავი გმირად წარმოაჩინოს. მაგრამ ამის შემდეგ ყარაბაღს საბოლოოდ დავკარგავთ, რადგან რუსეთი შემოიყვანს თავის ჯარს სამშვიდობოების ეგიდით ყარაბაღის საზღვარზე. ხოლო როდესაც რუსეთის ჯარი სადმე შედის, იქიდან აღარ გადის, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, აფხაზეთში, ოსეთში, ყირიმში”, – აცხადებს რზაევი.

 

ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით აზერბაიჯანი უკვე მეოთხედ გადის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას (IPAP). სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის “აღმოსავლეთ-დასავლეთის” ხელმძღვანელი არასტუნ ორუჟლუ ამბობს, რომ ნატოს ამ პროგრამის დასრულების შემდეგ ქვეყანა უნდა გახდეს ორგანიზაციის წევრობის კანდიდატი, რასაც აზერბაიჯანი არ აპირებს და ამის მიზეზი რუსეთია, რომელსაც არ სურს, რომ მეზობელი ქვეყნები ნატოს წევრები გახდნენ.

 

აზერბაიჯანი ერთ-ერთია აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ექვს ქვეყანას შორის, თუმცა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მსგავსად, მას არ მოუწერია ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე.

 

ამას გარდა, უკვე 20 წელწადია გრძელდება მოლაპარაკებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აზერბაიჯანის გაწევრიანების შესახებ. საქართველო, სომხეთი და რუსეთიც კი არიან ამ ორგანიზაციის წევრები. ორუჟლუ ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის წევრმა უნდა გააფართოოს თავისუფალი ვაჭრობა, აზერბაიჯანის მთავრობას კი არ სურს ამ ყველაფერზე მეთვალყურეობა და თავისი ინტერესების უზრუნველყოფისთვის ატარებს საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკას.

 

“უსამართლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ მთავრობა პრორუსული გახდა, პრინციპში, პრორუსული ტენდენციების გამოვლენით მთავრობა ცდილობს დასავლეთის მხარდაჭერის მიღებას. დასავლეთი კი დაიღალა აზერბაიჯანის ორმაგი პოლიტიკით”, – ამბობს არასტუნ ორუჟლუ. მისივე თქმით,  ორმაგი პოლიტიკა აზერბაიჯანს შეიძლება ძვირად დაუჯდეს, რადგან რუსეთის ნდობა არ შეიძლება: “რუსეთი დანაშაულებრივი სახელმწიფოა და იყენებს ყველა დანაშაულებრივ მეთოდს”.

 

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი იგბალ აგაზადე მიიჩნევს, რომ არანაირი ცვლილება არ განუცდია აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკას. მისი თქმით, თუკი აზერბაიჯანს ამერიკასთან არ აქვს კარგი ურთიერთობა, არ  ნიშნავს, რომ ის უახლოვდება რუსეთს.

 

“ამერიკა მოითხოვს, რომ აზერბაიჯანში იყოს დემოკრტია და თავისუფლება და ამას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების საშუალებით. აზერბაიჯანის მთავრობა კი ამას ეწინააღმდეგება. მაგრამ აზერბაიჯანი არ არის არც ევროკავშირის და არც ევრაზიული საბაჟო კავშირი წევრი და ამასთან, ახლო კავშირშია ევროპასთან”, – ამბობს აგაზადე.

 

17 თებერვალს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების საკითხს.

უფლებადამცველ რასულ ჯაფაროვის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანში 100-მდე პოლიტპატიმარია და მათ შორის, ძირითადად, არიან ჟურნალისტები, ბლოგერები, უფლებადამცველები, რელიგიური ლიდერები და პოლიტიკური აქტივისტები. პატიმრობაში იმყოფება თავად ჯაფაროვიც.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი