ახალი ამბები

პროფკავშირი RMG-ის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს

23 თებერვალი, 2015 • • 2050
პროფკავშირი RMG-ის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს

ჯონი რთველაძე, RMG GOLD-ის პროფკავშირების თავმჯდმარე, ამბობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე. რთველაძის თქმით, 750-800-მა ადამიანმა RMG Copper-ში და 140-მა ადამიანმა RMG Gold-ში პროფკავშირები დატოვეს. 

 

რთველაძის განმარტებით, RMG Copper-ში “სრულად დაანგრიეს პროფკავშირები”, ხოლო RMG Gold-ში პროფესიული გაერთიანება 140-მა ადამიანმა დატოვა.

 

ჯონი რთველაძე ამბობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები დადიან წინასწარ ამობეჭდილი განცხადბებით და ხელის მოწერას აიძულებენ თანამშრომლებს, ხოლო თავად თანამშრომლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ არიან ძალიან შეურაცხყოფლი.

 

ჯონი რთველაძის თქმით, შარშანდელი გაფიცვის შემდეგ კომპანიამ დაპირება სრულად არ შეასრულა. RMG-ის თანამშრომლებმა მოსთხოვეს, რომ ეჩვენებინა გეგმა, როგორ აპირებდა დაპირებების შესრულებას.

 

დასაქმებულების შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობას საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი თამარ დოლაბერიძე შეხვდა. დოლაბერიძე ამბობს, რომ ზეწოლა თანაშრომლებზე მას შემდეგ დაიწყო, რაც გენერალურ დირექტორი სერგეი ეგანოვი გააფრთხილა იმ სანქციების შესახებ, რაც პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოელოდა.

 

“ისეთ ორგანიზაციებშიც კი, სადაც ხალხი უკმაყოფილოა პროფკავშირული მუშაობის, სამწუხაროდ, არის ასეთი ადგილობრივი ორგანიზაციები, იქაც კი არ ხდება, რომ სამ და ოთხ დღეში პროფკავშირის წევრობა ათასამდე ადამიანმა დატოვოს”, – ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

 

დოლაბერიძის თქმით, თანამშრომლებზე ზეწოლას ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფრო თორნიკე მუშკუდიანი და საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსო ლიკა კარიჭაშვილი ახდენენ.

 

პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, მათ საერთაშორისო პარტნიორებს უკვე გაუგზავნეს ინფორმაცია ზეწოლის შესახებ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირი უახლოეს დღეებში მიიღებენ ანგარიშს.

 

დოლაბერიძის თქმით, დღეს მთავარ პროკურატურაში შეიტანს საჩივარს, დააყენებს საკითხს, რომ პრემიერმა მოიწვიოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, შრომის მინისტრთან აგზავნის წერილს, რომ ჩაერიოს და პირად კონტროლზე აიყვანოს ეს ყველაფერი.

 

კომპანია RMG-ში აცხადბენ, რომ აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით შეფასებას მოგვიანებით გააკეთებენ.

 

2014 წლის 14 თებერვალს RMG-ის თანამშრომლებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გამჯობესებას, დათხოვნილი თანამშრომლების აღდგენას, სადაზღვევო პირობების გაუმჯობესებას და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების დადებას ითხოვენ.

 

პრემიერ-მინისტრმა დავის მოგვარების მიზნით დანიშნა მედიატორი. გაფიცვა 2014 წლის 24 მარტს შეწყდა და გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება კომპანიას, მუშებსა და სახელმწიფოს შორის.

კაზრეთი
კაზრეთი

არქივის ფოტო: კომპანია RMG-ის საწარმო დაბა კაზრეთში და RMG-ის გაფიცული თანამშრომლები. 2014 წლის თებერვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი