ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტებს ტოვებენ

23 თებერვალი, 2015 • • 1919
თავისუფალი დემოკრატები საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტებს ტოვებენ

საქართველოს პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებს” აქვთ 10-წევრიანი ფრაქცია და სამი მათგანი იყო საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. კერძოდ, ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, გია ცაგარეიშვილი – გარემოს დაცვის კომიტეტს, ხოლო დავით ონოფრიშვილი – საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტს.


თავისუფალი დემოკრატების პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიქტორ დოლიძემ ამ გადაწყვეტილების მიღების ორი მიზეზი დაასახელა: უმრავლესობის მხრიდან მათი თანაგუნდელის ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენება და ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით, თუმცა გია ცაგარეიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ არსებობს მესამე მიზეზიც. მისი თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ლიკანში გამართული უმრვალესობის სხდომაზე მმართველმა გუნდმა კომიტეტების თავმჯდომარებიდან თავისუფალი დემოკრატების წევრების გადაყენების გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, ხოლო ისინი პროცესს ასწრებენ:


“არაფერი დამალული არ არის. ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია, ხმა საკმაოდ მარტივად ვრცელდება. ჩვენ დეტალურად ვიცით ლიკანში გამართული შეხვედრის პერიპეტიები, ბევრი გულშემატკივარი გვყავს ოცნებაშიც. ვიცით ყველა დეტალი. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს [ზურაბ აბაშიძის შემდეგ საპარლამენტო თანამდებობებიდან სხვა თავისუფალი დემოკრატების გადაყენება] იყო გადაწყვეტილი და ფრაქციის  თავმჯდომარეებზე გაცემული იყო დავალება, რომ მობილიზაცია მოეხერხებინათ. როდის მოხდებოდა ეს, მარტში თუ აპრილში, ამას ვერ გეტყვით”, – ამბობს ცაგარეიშვილი.


თავისუფალმა დემოკრატებმა დღეს ასეთი განცხადება გაავრცელეს:


“ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრირებას ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებასა და საგარეო პოლიტიკური საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელ ქმედებებზე.


მიუხედავად თავისუფალი დემოკრატებისა და პერსონალურად პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ოთხი თვის უკან წამოწყებული პოლიტიკური დაპირისპირებისა, რაც გამოიხატა თავდაცვის სამინისტროს უდანაშაულო თანამშრომლების დაკავებასა და პარტიის წევრების წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მაშტაბით განხორციელებულ მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნაში, ჩვენ, თავისუფალმა დემოკრატებმა პარტიული ინტერესები გვერდზე გადავდეთ და მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაინც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებით გაგვეგრძელებინა საგარეო თუ საშინაო მიმართულებებზე სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინაშე ჯერ კიდევ კოალიციურ რეჟიმში ნაკისრი ვალდებულებების რეალიზება.


სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ გაათვითცნობიერა ვერც ერთი ზემოაღნიშნული გამოწვევის სიმწვავე და მნიშვნელობა და ნაცვლად მათზე რეაგირებისთვის პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსოლიდაციისა, არჩევანი შიდაპოლიტიკური ბრძოლის სასარგებლოდ გააკეთა. ბოლო პერიოდში „ოცნების“ მიერ მიღებულ მცირერიცხოვან გადაწყვეტილებათაგან ერთ-ერთი სწორედ თავისუფალი დემოკრატის ზურაბ აბაშიძის ვიცესპიკერის თანამდებობიდან გადაყენება აღმოჩნდა. ამასთანავე, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული უაღრესად საგანგაშო განცხადებები გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება, ამოფარებული ომახიან დეკლარაციებს ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ურყევობის შესახებ, მიზანმიმართულად ახორციელებს რუსეთის მისამართით კაპიტულანტური შინაარსის გზავნილების გაჟღერებას. სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ განცხადებები და მათ მოკლე დროში ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯების გადადგმა მოყვება.


საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ერთგულებაზე გაკეთებული განცხადებების ხელახალ დადასტურებასთან და მეორე მხრივ, როგორც ევროკავშირთან, ისე ნატო-სთან მიღწეული შეთანხმებების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გაჭიანურებასა და რუსეთთან პირისპირ დარჩენის ძალიან სახიფათო, ძალიან დინამიურად მიმდინარე პროცესთან.


ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ასეთი მიდგომა ქვეყნისთვის დამღუპველი და შესაბამისად ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ჩვენ მიერ პარლამენტში დაკავებული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები და კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და ვაიძულოთ ხელისუფლება, სასწრაფოდ გადადგას ქმედითი და გააზრებული ნაბიჯები ქვეყნის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანისა და ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით”, – ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში, რომელიც დღეს, 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ გააცნო.


“თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია “ქართული ოცნება” 2014 წლის 5 ნოემბერს დატოვეს, რასაც წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადაყენება. მას შემდეგ, რაც ალასანიას გუნდმა ოპოზიციაში გადაინაცვლა, 2015 წლის 19 თებერვალს პარლამენტის უმრავლესობამ ვიცე-სპიკერის პოსტი ჩამოართვა ზურაბ აბაშიძეს და მისი ადგილი “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ დაიკავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი