ახალი ამბები

კვირიკაშვილი ლარის კურსზე: 2–3 თვეში ხელშესახები შედეგი გვექნება

22 თებერვალი, 2015 • 1421
კვირიკაშვილი ლარის კურსზე: 2–3 თვეში ხელშესახები შედეგი გვექნება

კვირიკაშვილმა გადაცემა “იმედის კვირაში” სტუმრობისას ლარის გაუფასურების მიზეზები შემდეგნაირად განმარტა:

 

“საუბარია იმაზე, რომ ექსპორტი დაახლოებით 30%–ით შემცირდა იანვარში, მთლიანდ დეკემბრიდან მოყოლებული 20%–ზე მეტი კლება გვაქვს ექსპორტში, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი არ მიყვა ინერციით ექსპორტის მაჩვენებლის კლებას. სწორედ ამან გამოიწვია დისბალანსი, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ იმპორტით ვალუტა გაედინება ქვეყნიდან, ექსპორტით ვალუტა შემოედინება. ეს ეფექტები უსასრულოდ არ ვრცელდება მომავალში, პირველ რიგში მოხდება ექსპორტის დაკორექტირება და დასტაბილურება რაღაც დონეზე, ვინაიდან ჩვენ კომპანიების დონეზე ვართ ჩასული და ვიცით კონკრეტული მიზეზები, რამ გამოიწვია ამა თუ იმ სექტორში კლება,”– ამბობს ეკონომიკის მინისტრი.


კლების ძირითად მიზეზებად კვირიკაშვილი იანვარში გაზის მოწოდების შეფერხების გამო აზოტის ქარხნის 10 დღით გაჩერებას, ფეროშენადნობებზე მსოფლიო ფასების ვარდნას, რუსეთის და უკრაინის ბაზარზე ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის კლებას, ფულადი გზავნილების კლებასა და ტურიზმიდან შემოსავლების შემცირებას ასახელებს.

 

კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას აქვს კონკრეტულ ნაბიჯებზე გათვლილი გეგმა, რაც “ხელშესახებ შედეგებს მოიტანს”.

 

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გეგმავს. კვირიკაშვილის თქმით, ადმინიტრაციული ხარჯების დეტალურად შემცირების გეგმას ამ კვირაში წარმოადგენენ.

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი. დღეს, 22 თებერვალს, ეროვნული ბანკის კურსით, 100 აშშ დოლარი 217,7 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი