ახალი ამბები

“ქართული ოცნების” კრიზისი აჭარაში და ვადამდელი არჩევნების მოლოდინი

21 თებერვალი, 2015 • • 1249
“ქართული ოცნების” კრიზისი აჭარაში და ვადამდელი არჩევნების მოლოდინი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ალექსანდრე ჩიტიშვილის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით ბაციკაძის გადაყენებას, რომელსაც ფრაქცია “ქართული ოცნების” ორმა დეპუტატმა – ჯემალ ფუტკარაძემ და სვეტლანა კუდბამ დაუჭირა მხარი, მოღალატეობრივი ნაბიჯი უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებს ფრაქცია არ დაუტოვებით, ღარიბაშვილი მათზე უკვე წარსულში საუბრობს.

 

“ორმა, სამმა, ასე ვთქვათ, დეპუტატმა მოღალატეობრივად დატოვა ჩვენი გუნდი და გაურიგდა “ნაციონალურ მოძრაობას”, ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა მკაცრ რეაგირებაში, თუმცა ამ განცხადების შემდეგ კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად აჭარაში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს.

 

იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ჯემალ ფუტკარაძესა და სვეტლანა კუდბას ფრაქციიდან გარიცხავს. “ქართული ოცნების” ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში 13 დეპუტატით განისაზღვრება – 8 დეპუტატს “ნაციონალური მოძრაობიდან”, ორ დეპუტატს “თავისუფალი დემოკრატებიდან” და ორი დამოუკიდებელი დეპუტატს კიდევ კუდბა და ფუტკარაძე დაემატება. ამგვარად ოპოზიციას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადასაყენებლად საჭირო 14 ხმიდან 13 უკვე ექნება. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მურმან დუმბაძის ამ ინიციატივას ოპოზიციაში მყოფი ყველა დეპუტატი დაუჭერს მხარს. აქვე იმის თქმაც შეიძლება, რომ “თავისუფალი დემოკრატები” ჯერჯერობით უარს აცხადებენ  ამ პროცესში მონაწილეობაზე. ამის მიუხედავად, მურმან დუმბაძე – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადასაყენებელი 14 ხმა მას უკვე აქვს. დუმბაძე ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილი დეპუტატების მხარდაჭერაზე მიანიშნებს.

 

მურმან დუმბაძის გაცხადებული მიზანი აქვს – ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის გადაყენებას ითხოვს. მურმან დუმბაძისა და ავთანდილ ბერიძის 30-წლიანი პოლიტიკური თანამშრომლობა თუ მეგობრობა სწორედ მას შემდეგ დასრულდა, რაც ავთანდილ ბერიძემ უარი თქვა შეესრულებინა მურმან დუმბაძის მოთხოვნა – დაეწყო უმაღლეს საბჭოს ხაბაძისა და მისი მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა.

 

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაჭრის გზები კონკრეტული მას შემდეგ გახდება, რაც პარლამენტის დეპუტატების ნაწილი, კოალიციის წევრები და პრემიერ-მინისტრი მომავალი კვირიდან აჭარაში გასვლით შეხვედრებს გამართავენ. თუმცა დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების გზას არ აირჩევს.

 

“ვერ ვხედავ პრობლემას, რომ დღეს უმრავლესობა არ არის აჭარაში. მუშაობა ჩვეულებრივად გაგრძელდება, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ჩატარდს რიგგარეშე არჩევნები და ამ მიმართულებით არანაირად არ წავალთ. შევეცდებით, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია”, – განაცხადა დავით საგანელიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” საერთაშორისო მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებითაც, დღევანდელ სხდომაზე ვადამდელი არჩევნების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

 

“ვადამდელ არჩევნებზე საუბარი საბჭოზე არ ყოფილა, მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კონკრეტული ანალიზის შემდეგ კოალიციის პოლიტსაბჭო, ხელისუფლება იფიქრებს კონკრეტულ გზებზე, გამოსავლის გზებზეც, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არავის არ მიეცემა უფლება ჩვენს ქვეყანაში, რომ გადაუხვიოს სამართლებრივი და დემოკრატიული განვითარების გზიდან”, – ამბობს ის.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილე დავით ბაციკაძე, რომელიც  20 თებერვალს 11 დეპუტატის გადაწყვეტილებით გადააყენეს, ამბობს, რომ “ქართული ოცნებიდან” გარიცხულმა მურმან დუმბაძემ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად რევანშისტული ნაბიჯი გადადგა.

 

“ესენი არიან რევანშისტები. მურმან დუმბაძის ინტერესი არის ლევან ვარშალომიძის ინტერესი, მათ ერთი ინტერესები ჰქონდათ ყოველთვის”, – ამბობს ბაციკაძე.

 

მისივე თქმით, მურმან დუმბაძე და მისი თანამოაზრეები აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს არ გადააყენებენ, რადგან ამ გადაწყვეტილებას ავტომატურად მოჰყვება ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა.

 

“კატასტროფულად არ უნდათ ეს, მათ უნდათ, რომ 2 წლის განმავლობაში არჩილ ხაბაძე იყოს მთავრობის თავმჯდომარე და ამ 2 წლის განმავლობაში უმრავლესობა მათი იყოს, კომიისის თავმჯდომარეები ისინი იყვნენ, ბიუჯეტი ჩააგდონ, მერე მიიღონ. არჩევნები არ უნდათ, რადგან იციან, რომ ახალი არჩევნები მათ მოუტანთ კატასტროფულ შედეგს. [არჩევნების შემთხვევაში] “ნაციონალური მოძრაობა იმ რაოდენობით ვეღარ შემოვა, რა რაოდენობითაც იყო, საერთოდ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ მურმან დუმბაძე მოხვდეს უმაღლეს საბჭოში”, – განაცხადა ბაციკაძემ გადაცემა “რეაქციაში” ჩართვისას.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა ფოტო: ბათუმელები
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა ფოტო: ბათუმელები

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“, სულხან ღლონტი, რომელმაც გუშინდელ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიიღო, მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან რიგარეშე არჩევნებია.

 

„თავისუფალი დემოკრატები“ მზად ვართ, ჩვენი ორი მანდატი ნებაყოფლობით დავთმოთ რიგგარეშე არჩევნების გამო. ბოლო პერიოდის ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მორალური თვალსაზრისით აჭარის მთავრობა და უმაღლესი საბჭო არის დელეგიტიმირებული. გამოკითხულთა უმრავლესობა უკმაყოფილოა რეგიონში არსებული ვითარებით და მათი მუშაობით. კრიზისი შექმნა დღეს არსებულმა კადრებმა, მათ შორის აჭარის მთავრობაში და უმაღლეს საბჭოშიც. არჩევნების გარეშე იგივე კადრები, იგივე საკადრო პოლიტიკა მოიტანს იმავე კრიზისს”, – ამბობს ის.

 

დაპირისპირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 2014 წლის 8 სექტემბერს დაიწყო, როდესაც აჭარის უმაღლესმა საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა უკვე გადაყენებულ საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს ალექსანდრე ჩიტიშვილს ეკუთვნოდა. მისი მოტივი კი მთავრობის არაეფექტური მუშაობა იყო.

უმაღლეს საბჭოში ერთკვირიანი დაძაბულობისა და დაპირისპირების დაწყებიდან ერთ კვირაში დეპუტეტბი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე თბილისში დაიბარეს. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და პარტიიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერის და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის მურმან დუმბაძის გარიცხვის შესახებ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დუმბაძე აჭარის მთავრობის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა და მისი ქმედებები კითხვებს ბადებდა. თავად მურმან დუმბაძე კი ამბობდა, რომ კი არ გარიცხეს, არამედ თავად წამოვიდა პარტიიდან., რადგან უნდობლობის პროცედურის შეწყვეტას მხარს არ უჭერდა. შეკითხვას , თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ  მურმან დუმბაძის გუნდის სხვა წევრები პარტიის დატოვების შესახებ, მაშინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასე უპასუხა:

 

“მე ვერავის ვერ დავავალებ, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ხათრით. ყველა ადამიანი საკუთარ თავზე აგებს პასუხს”.

 

მურმან დუმბაძის პარტიიდან გარიცხვის დღესვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა მედეა ვასაძემ განაცხადა, რომ დუმბაძეს პარტიიდან გარიცხვის გამო უსამართლობის განცდა აქვს. იმავე დღეს პარტიის დატოვებაზე განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ.

 

თბილისში ჩასულ აჭარის დეპუტაციის სამ წევრს – მედეა ვასაძეს, ალექსანდრე ჩიტიშვილსა და ჯემალ ფუტკარაძეს  “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ საყვედური გამოუცხადა. მედეა ვასაძემ მაშინ განმარტა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური საბჭო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისადმი უმაღლესი საბჭოს პრეტენზიების რეალურობას შეისწავლიდა. პარტიიდან გარიცხული მურმან დუმბაძე კი ამტკიცებდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „იმპიჩმენტის პროცესი“ ბოლომდე იქნებოდა  მიყვანილი.

 

“ქართული ოცნების” მიერ წაყენებულია ულტიმატუმი, აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა გაგრძელდეს და მივა ბოლომდე. გარწმუნებთ, რომ თუ ვინმე ამას ხელს შეუშლის, მაშინ აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია დაიშლება. თუ ხელის შეშლა იქნება, თუ დაიწყება მუქარა, იქნება მუქარის ზარები, ფრაქცია დაიშლება,” – ამბობდა დუმბაძე.  

 

2015 წლის იანვარში მედეა ვასაძესა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს შორის ახალი დავის საგანი გაჩნდა, რაც 24-26 მარტს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობას უკავშირდებოდა. განხეთქილება სტრასბურგში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობამ გამოიწვია. ვასაძემ ბერიძის მისამართით წერილიც გაავრცელა, სადაც წუხილი გამოთქვა, რომ ბერიძემ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო პოზიციის დაცვა.

 

ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში მედეა ვასაძემ პარტია და  ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული საქართველოს პარლამენტის წევრთან, მურმან დუმბაძესთან, რომლის გუნდის წევრადაც თავად მიიჩნეოდა:

 

“მე ამ დრომდე საკუთარ თავთან ვარ მოლაპარაკებაში და როცა დავრწმუნდი, მივიღე გადაწყვეტილება. ეს საკითხი მასთან არ არის შეთანხმებული. ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოხატვის ავტონომიურობა“.

 

მედეა ვასაძის გასვლის შედეგად აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალი კონფიგურაცია გაჩნდა და “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვეტილების მიღების უფლება დაკარგა. აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია, აქედან 8 “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს, 2 პარტია “თავისუფალ დემოკრატებს”, რომელმაც მმართველი კოალიცია თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ დატოვა და ორი დამოუკიდებელი დეპუტატი – მედეა ვასაძე და ანზორ თხილაიშვილი. შედეგად, “ქართულ ოცნებას” უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატიდან 9 დეპუტატი ჰყავს. თუ კოალიცია სვეტლანა კუდბასა და ჯემალ ფუტკარაძესაც გარიცხავს პარტიიდან, მაშინ უმაღლეს საბჭოში კოალიციას მხოლოდ 7 დეპუტატი დარჩება.

 

თანამდებობიდან გადაყენებული დავით ბაციკაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოლენებს „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის ნაწილად მიიჩნევს. მისი განცხადებით, 5 თებერვალს ტრაპიზონში მურმან დუმბაძე ჩაფრინდა და ეჭვი აქვს, რომ შეხვდა იქ მყოფ აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს – ლევან ვარშალომიძეს. მეორე დღეს კი ბათუმში გააკეთა განმარტება, რომ ის რეალობას ცვლის რეგიონში – აჭარის უმაღლეს საბჭოს,  ყველა თანამდებობის პირსა და მთავრობის თავმჯდომარეს გადააყენებს. 7-ში ლევან ვარშალომიძემ „ნაციონალურ მოძრაობა“ დაიბარა ტრაპიზონთან ახლოს [ნაციონალური მოძრაობის ბათუმის აქტივი ნამდვილად იმყოფებოდა თურქეთში ლევან ვარშალომიძესთან შესახვედრად], იქედან დაბრუნების შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დააყენეს ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების საკითხი.

 

თავად დუმბაძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ვარშალომიძეს სულ 3-ჯერ შეხვდა, აქედან ბოლოს 2012 წლის 28 ოქტომბერს, როცა არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის მეთაურად წარადგინეს.

 

ხელისუფლება აჭარაში შეხვედრებს მომავალი კვირიდან გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი