ახალი ამბები

პრემიერი აჭარის უმაღლეს საბჭოზე: ორმა-სამმა დეპუტატმა მოღალატეობრივად დატოვა გუნდი

21 თებერვალი, 2015 • • 879
პრემიერი აჭარის უმაღლეს საბჭოზე: ორმა-სამმა დეპუტატმა მოღალატეობრივად დატოვა გუნდი

“რაც აჭარაში ხდება, ეს მარტივი ასახსნელია. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი “ნაციონალურ მოძრაობას” გაურიგდნენ, მაგრამ იქ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. ის, რომ ორმა, სამმა, ასე ვთქვათ, დეპუტატმა მოღალატეობრივად დატოვა ჩვენი გუნდი და გაურიგდა “ნაციონალურ მოძრაობას”, ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

20 თებერვალს გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც  უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა  „ნაციონალური მოძრაობიდან“ რვა დეპუტატმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ და ორმა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ჯემალ ფუტკარაძემ და სვეტლანა კუდბამ. ორივე თანამდებობის პირის  გადაყენების ინიციატივით „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა.

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” უკვე დაკარგა. თუ ჯემალ ფუტკარაძესა და სვეტლანა კუდბას გარიცხავენ ფრაქციიდან, უმაღლეს საბჭოში ძალთა ბალანსი ასე გადანაწილდება: „ნაციონალური მოძრაობა“ – 8 დეპუტატი, კოალცია „ქართული ოცნება“ – 7; „თავისუფალი დემოკრატები“ – 2 დეპუტატი; დამოუკიდებელი დეპუტატი – 2. ჯერჯერობით უცნობია, რომელიმე სხვა პარტიასთან გაერთიანდებიან თუ არა ჯემალ ფუტკარაძე და სვეტლანა კუდბა იმ შემთხვევაში, თუ მათ მმართველი გუნდი პარტიიდან გარიცხავს. უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია.

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ თანამდებობიდან უნდა გადააყენონ ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე იმის გამო, რომ მას  უმრავლესობა დაეშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი