ახალი ამბები

პრეზიდენტი: მარგველაშვილს, სააკაშვილს და პოროშენკოს მიღმაა ქართულ-უკრაინული ძმობა

21 თებერვალი, 2015 • • 837
პრეზიდენტი: მარგველაშვილს, სააკაშვილს და პოროშენკოს მიღმაა ქართულ-უკრაინული ძმობა

“მარგველაშვილს, სააკაშვილს, პოროშენკოს, იაცენუკს მიღმაა ქართულ-უკრაინული ძმობა და ერთობა. მე საფრთხეს ვერ ვხედავ, უხერხულობას ნამდვილად ვხედავ. პოლიტიკოსებზე ზევითაა ჩვენი ქვეყნების მეგობრობა და ძმობა. უხერხულობები? შეიქმნება. ამ უხერხულობებს, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც უკრაინა არის დაძაბულ ვითარებაში, ისე უნდა მოვემსახუროთ, რომ ეს რაც შეიძლება არ იყოს მძაფრი უხერხულობები. უხერხულობა არის, მაგრამ ურთიერთობას ნამდვილად არ ემუქრება საფრთხე და კიდევ ერთხელ ამის დასადასტურებლად  მივდივართ ყველა, ვინც, ასე ვთქვათ, თვითმფრინავში ჩავეტევით, იმისთვის, რომ უკრაინელებს გვერდში დავუდგეთ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “პირველ არხთან” საუბრისას.

 

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით 22 თებერვალს ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი „ღირსების მარშში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან. კიევში ღონისძიებები „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი