ახალი ამბები

ბერიძე: აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება “ნაცმოძრაობის” რევანშზე მეტყველებს

20 თებერვალი, 2015 • • 1043
ბერიძე: აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება “ნაცმოძრაობის” რევანშზე მეტყველებს

“ეს გადაწყვეტილება მეტყველებს “ნაციონალური მოძრაობის” რევანშზე. ეს ერთგვარი პოლიტიკური კრიზისი გახლავთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესები “ნაციონალური მოძრაობისთვის” სასიკეთოდ წარიმართება, მაშინ, როდესაც უმაღლესი საბჭო ვერ იქნება ქმედუნარიანი, ალბათ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას [ვადამდელ არჩევნებზე]”,- განაცხადა ავთანდილ ბერიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

მისივე თქმით, შესაძლებელია დღევანდელ გადაწყვეტილებას უშუალოდ მისი გადაყენების გადაწყვეტილებაც მოჰყვეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილე დავით ბაციკაძე, რომელიც დღეს 11 დეპუტატის გადაწყვეტილებით გადააყენეს, ამბობს, რომ “ქართული ოცნებიდან” გარიცხულმა მურმან დუმბაძემ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად რევანშისტული ნაბიჯი გადადგა.

 

“მე ვარ ქართული ოცნების სახე და ალეკო ჩიტიშვილია ქართული ოცნების სახე. მურმან დუმბაძე არის ნაციონალური მოძრაობის სახე. ესენი არიან რევანშისტები. მურმან დუმბაძის ინტერესი არის ლევან ვარშალომიძის ინტერესი, მათ ერთი ინტერესები ჰქონდათ ყოველთვის”,- ამბობს ის.

 

დღეს გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ასევე უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა  „ნაციონალური მოძრაობიდან“ რვა დეპუტატმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ და ორმა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ჯემალ ფუტკარაძემ და სვეტლანა კუდბამ. ორივე თანამდებობის პირის  გადაყენების ინიციატივით „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა.

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” უკვე დაკარგა. თუ ჯემალ ფუტკარაძესა და სვეტლანა კუდბას გარიცხავენ ფრაქციიდან, უმაღლეს საბჭოში ძალთა ბალანსი ასე გადანაწილდება: „ნაციონალური მოძრაობა“ – 8 დეპუტატი, კოალცია „ქართული ოცნება“ – 7; „თავისუფალი დემოკრატები“ – 2 დეპუტატი; დამოუკიდებელი დეპუტატი – 2. ჯერჯერობით უცნობია, რომელიმე სხვა პარტიასთან გაერთიანდებიან თუ არა ჯემალ ფუტკარაძე და სვეტლანა კუდბა იმ შემთხვევაში თუ მათ მმართველი გუნდი პარტიიდან გარიცხავს. უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია.

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე “ბათუმელებთან” საუბარში აცხადებს, რომ თანამდებობიდან უნდა გადააყენონ ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე იმის გამო, რომ მას  უმრავლესობა დაეშალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი