ახალი ამბები

5 ქალი პოლიტიკოსი, რომელთა სახელები საკრებულოს დაპირებით თბილისის ქუჩებს დაერქმევა

20 თებერვალი, 2015 • • 4886
5 ქალი პოლიტიკოსი, რომელთა სახელები საკრებულოს დაპირებით თბილისის ქუჩებს დაერქმევა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის სახელი ეწოდება აეროდრომის დასახლების მესამე ქუჩას. ივერთუბანში, ჩუღურეთის რაიონში, უსახელო ქუჩას ეწოდება მინადორა ტოროშელიძის სახელი.

 

სამი საზოგადო მოღვაწე ქალის სახელი ეწოდება დასახლება დიღომი -7-ში მდებარე ქუჩებს: ქრისტინე შარაშიძის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა- მახვილაძისა და ანა სოლოღაშვილის სახელები.

 

ჯახველაძის თქმით, ჩიტო შარაშიძის სახელი ეწოდა დიღომი-7-ში მდებარე ქუჩას, თუმცა გადაწყვეტილებას სახელების მინიჭების შესახებ საკრებულო ორშაბათს მიიღებს.

 

ანნა სოლოღაშვილი (1882-1937) იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წლის 26 მაისს. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ხოლო საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1937 წელს დახვრიტეს.

 

ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937) ანა სოლოღაშვილთან ერთად იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. მანამდე გურიაში გლეხებს შორის მუშაობდა. საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩაება ანტისაბჭოთა მოძრაობაში, რაც მისი დახვრეტით დასრულდა 1937 წელს.

 

მინადორა ტოროშელიძემ (1879 –1967), ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსამდათავრებულმა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი საბჭოს წევრი იყო, ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

 

მინადორა ტოროშელიძე 1921 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს მუშაობდა წითელ ჯვარში, ხოლო გასაბჭოების შემდეგ გადაასახლეს. საჭოთა რეპრესიებსა და დახვრეტას გადარჩენილი 1950 წელს თბილისში დაბრუნდა და 1967 წელს გარდაიცვალა.

 

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე (1887-1973) რევოლუციურ მოძრაობაში 1904 წლიდან ჩაერთო. 1919 წლიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. აქტიურ პოლიტიკურ აქტივიზმთან ერთად მისდევდა აკადემიურ საქმიანობას. ქრისტინე შარაშიძე მუშაობდა სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში, შესწავლილი აქვს IX-XIX საუკუნის 1500-ზე მეტი ხელნაწერი.

 

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე (1875-193?) 1902 წლიდან იყო მუშათა პარტიის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩართული იყო საბჭოთა წყობილები წინააღმდეგ მოძრაობაში. 1926 წელს კავკასიიდან გასახლებული 30-იან წლებში დაბრუნდა და ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. გარდაცვალების თარიღი უცნობია. 

 

ლია ჯახველძე ამბობს, რომ ამ მოღვაწე ქალების სახელები საკრებულოს ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურომ მიაწოდა და მომავალ კვირას კიდევ ხუთი მოღვაწე ქალის სახელებს მიაწვდის.

 

საკრებულოსა და ბიოლის ფონდს შორის მემორანდუმი 2014 წლის დეკემბერში გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით საკრებულო  ცნობილი მოღვაწე ქალების სახელებს დაარქმევს უსახელო ქუჩებს.

 

თავდაპირველად იგეგმება, რომ 36 ქუჩას დაერქვას ფონდის პროექტში “50 ქალი საქართველოდან”” შესული ქალების სახელები. 

 

თბილისის საკრებულოს მონაცემებით, თბილისში 1200 ქუჩაა, რომლებსაც პიროვნების სახელი აქვს მინიჭებული.
აქედან, 1120 ქუჩას კაცი მოღვაწის სახელი აქვს, ხოლო ქალი მოღვაწის სახელი- მხოლოდ 80 ქუჩას.

5 ქალი, რომელთა სახელები თბილისის ქუჩებს მიენიჭება
5 ქალი, რომელთა სახელები თბილისის ქუჩებს მიენიჭება

მასალების გადაბეჭდვის წესი