ხელოვნება

ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

20 თებერვალი, 2015 • • 1237
ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით კულტურის მინისტრს 20 იანვარს მიმართა, ხოლო მინისტრმა სამხატვრო ხელმძღვანელის მოთხოვნა, ჭიჭინაძის თქმით, ორი დღის წინ დააკმაყოფილა.

 

გოგი ჭიჭინაძე ამბობს, რომ მან ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უხერხულ მდგომარეობაში არავინ ჩაუგდია. გათავისუფლებამდე მას საუბარი ჰქონდა კულტურის სამინისტრთანაც და ქუთაისის მერთანაც. წასვლის მიზეზად დირიჟორი მოუცლელობას ასახელებს.

 

“ჩემი საგასტროლო გრაფიკი კიდევ უფრო დამძიმდა. ფაქტიურად არ ვარ აქ ძალიან ხშირად. პლუს ამას, ვხელმძღვანელობ საოპერო კათედრას თბილისის კონსერვატორიაში. ეს ყველაფერი აუარებელ დროს და ენერგიას მოითხოვს. დრო არ მრჩება, რომ ვმართო თეატრი”, – ამბობს გოგი ჭიჭინაზე.

 

გოგი ჭიჭინაძემ განცხადება ქუთაისის ოერისა და ბალეტის თეატრის დანამდებობის დატოვების მოთხოვნით პირველად 2014 წლის 24 თებერვალს მიმართა. წერილში იგი საუბრობდა იმის შესახებ, რომ მისი პროექტი, რის გამოც აირჩიეს სამხატვრო ხელძღვანლად, რაც მოითხოვდა არა ერთი უწყების, არამედ სტრატეგიულ მიდგომას, ვერ სრულდებოდა.

 

გასულ წელს მინისტრმა არ დააკმაყოფილა ჭიჭინაძის განცხადება. როგორც გოგი ჭიჭინაძე დღეს იხსენებს, მაშინ სთხოვეს, რომ არ გადამდგარიყო. მან 2014 წლის 10 აპრილს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემრულებელ ალექსანდრე მარგიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას არ ტოვებდა.

 

თუ ვინ გახდება ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ეს 6 მარტის შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც განაცხადების მიღება შეწყდება და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო კანდიდატს დასანიშნად წარუდგენს მინისტრს.

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

მასალების გადაბეჭდვის წესი