ხელოვნება

ალან ტურინგი – მათემატიკით მოგებული მეორე მსოფლიო ომი

20 თებერვალი, 2015 • 11078
ალან ტურინგი – მათემატიკით მოგებული მეორე მსოფლიო ომი

ვინ იყო ალან ტურინგი

ალან ტურინგი 1912 წლის 23 ივნისს ლონდონში დაიბადა. მამამისი ინდოეთის საჯარო სამსახურის მოხელე იყო, ამიტომ ტურინგი 1926 წლამდე ინდოეთში ცხოვრობდა. ალანი მათემატიკას კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა და შემდეგ ამავე უნივერსიტეტში ასწავლიდა კვანტურ მექანიკას. კემბრიჯში მუშაობისას დაასკვნა, რომ ავტომატური გამოთვლის მანქანებს ყველა მათემატიკური ამოცანის ამოხსნა არ შეუძლიათ. ამ კონცეფციას ტურინგის მექანიზმსაც უწოდებენ, რაც გამოთვლების თანამედროვე თეორიის მთავრი ფუნდამენტია.

1936 წელს ტურინგი ამერიკაში, პრინსტონის უნივერსიტეტში წავიდა და ორ წელიწადში კვლავ ბრიტანეთში დაბრუნდა. სწორედ ამ დროს ცნობილმა მათემატიკოსმა ბრიტანეთის კრიპტოანალიტიკურ საიდუმლო დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა.

რამდენიმე ადამიანთან ერთად ალან ტურინგი კოდების გაშიფვრაზე მუშაობდა ბლეტჩლიში. ალან ტურინგმა შექმნა მანქანა, რომელსაც გერმანელების მიერ შექმნილი მანაქანის – “ენიგმას” შეტყობინებების გაშიფვრა შეეძლო. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების კომუნიკაციის საშუალება იყო.

ენიგმას მეშვეობით იგეგმებოდა საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები. ტურინგის მიერ შექმნილი მანქანა თანამედროვე კომპიუტერის წინაპარია, მანვე შეიმუშავა კონცეფცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ. იმაზე, რასაც ადამიანები სტივენ სპილბერგის, სპაიკ ჯონსის და სხვა ჰოლივუდურ ფილმებში ხედავენ, ალან ტურინგი ნახევარი საუკუნის წინ ფიქრობდა და მუშაობდა.

ალან ტურინგი

ალან ტურინგი

ენიგმა და მოგებული მეორე მსოფლიო ომი

ვერსალის ზავის შემდეგ, 1919 წელს, გერმანიის თავდაცვის უწყება ცდილობდა საკომუნიკაციო სისტემა გაეუმჯობესებინა და იმ პოტენციალის გამოყენებაზე გადავიდა, რაც რადიოსიგნალის გადამცემი მოწყობილობების შექმნამ განაპირობა.

ართურ შერბიუსმა შექმნა მანქანა სახელად “ენიგმა”, რომელსაც კოდირებული ინფორმაციის ტრანსკრიფციით გადმოცემა შეეძლო, ეს მანქანა თავდაპირველად კომერციული კომპანიებისთვის შეიქმნა, რათა მათი კომერციული საიდუმლო უსაფრთხო გზით გადაცემულიყო. პირველი მანქანა 1923 წელს ააწყვეს. 1928 წელს უკვე გერმანიის ფლოტი ფლობდა მანქანის  ანალოგიურ მოდელს, 1933 წელს კი, გერმანიის საჰაერო ძალები.

ენიგმა ოპერატორს საშუალებას ძლევდა აეკრიფა შეტყობინება, შემდეგ შეტყობინებას ურევდა 3-5 დანაყოფიანი როტორის მეშვეობით, რომელიც ანბანის სხვადასხვა ასოს გამოსახავს. მიმღებს უნდა სცოდნოდა როტორების ზუსტი პარამეტრები და ამგვარად ის ტექსტის აღდგენას შეძლებდა. წლების განმავლობაში მანქანა უფრო რთულ მექანიზმად იქცა, რადგან გერმანელმა ექსპერტებმა მას სხვა ელექტრონული კომპონენტები დაამატეს.

გერმანელმა ჯაშუშმა ჰანს ტილო შმიდტმა ფრანგ ჯაშუშს ენიგმას გზამკვლევი სახელმძღვანელოსთვის გადაღებული მოპარული ფოტოები გადასცა, მაგრამ ვერც ფრანგმა და ვერც ბრიტანელმა კრიპტანალიტიკოსებმა ვერ გაშიფრეს ენიგმა.

მანქანა ენიგმა, იგი გერმანიაში გამართული გამოფენის დროს აჩვენეს მუზეუმში© epa 10.01. 2012

მანქანა ენიგმა, იგი გერმანიაში გამართული გამოფენის დროს აჩვენეს მუზეუმში© epa 10.01. 2012

მას შემდეგ, რაც ენიგმასთან დაკავშირებული ინფორმაცია პოლონეთის შიფრების ბიუროს გადასცეს, კრიპტოანალიტიკოსებმა გარკვეული პროგრესს მიაღწიეს. პოლონეთს ახლო კავშირები ჰქონდა გერმანიის საინჟინრო ინდუსტრიასთან, შესაბამისად, ფოტოების მიხედვით მათ ენიგმას რეკონსტრუქცია მარტივად შეძლეს და შედეგად, 1933-38 წლების განმავლობაში ვერმახტის (ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალები) შეტყობინებები წაიკითხეს.

პოლონეთში გერმანიის შეჭრის საფრთხის გამო ქვეყანა იძულებული გახდა მათი საიდუმლოებები ბრიტანეთის მთავრობისთვის და შიფრის სკოლისთვის გაეზიარებინათ, რომელიც ბლეტჩლი პარკში, ბუკინგემშირში მდებარეობდა. ეს ადგილი იქცა ენიგმას გაშიფვრაზე მომუშავე მათემატიკოსებისა და კრიპტოანალიტიკოსების სამუშაო ადგილად.

გერმანიას მიაჩნდა, რომ ენიგმას გატეხვა შეუძლებელი იყო, ამიტომ ისინი მექანიზმს ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის იყენებენ, ბრძოლის ველზე, ზღვაზე, ჰაერში და სპეცსამსახურებისთვის.

ალან ტურინგმა მის ხუთი წევრისგან შქმნილ გუნდთან ერთად შეძლო ენიგმას მუშაობის პრინციპის ამოხსნა და წლების მანძილზე ბრიტანეთი და მოკავშირეები წინასწარ ღებულობდნენ ინფორმაციას საომარი მოქმედებების შესახებ. ასე ათი ათასობით სიცოცხლე გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ენიგმაზე მხოლოდ ტურინგი არ მუშაობდა და მისი გატეხვა კოლექტიური მუშაობის შედეგი იყო, ალან ტურინგის როლი უმნიშვნელოვანესია.

უშუალოდ ტურინგმა შექმნა მანქანა, რომელიც დღევანდელი კომპიუტერის პირველადი ვერსიაა და ამ მანქანამ შეძლო საბოლოოდ შეტყობინებების დაშიფვრა. ფილმში პირველყოფილ კომპიუტერს ალანი “კრისტოფერს” არქმევს, მისი ბავშვობის ერთადერთი მეგობრის სახელს, რომელიც ტუბერკულოზის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა რეალურად ამ მანქანას “ბომბას” უწოდებდნენ.

ნებისმიერ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც ენიგმადან იყო მიღებული, ბრიტანეთი ტოპ საიდუმლოს იარლიყს ანიჭებდა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა იმის შესახებ, რომ ენიგმას შეტყობინებები იშიფრებოდა. 1970 წლამდე ენიგმას გაშიფვრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ენიგმას გაშიფვრის სცენა, კადრი ფილმიდან იმიტაციის თამაში

ენიგმას გაშიფვრის სცენა, კადრი ფილმიდან იმიტაციის თამაში

იმიტაციის თამაში

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ალან ტურინგის მთავარი საფიქრალი მის მიერ შექმნილი მანქანის განვითარება იყო და ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც ლოგიკურად ამუშავებდა ინფორმაციას. 1949 წელს ტურინგმა მანჩესტერის უნივერსიტეტში გააგრძელა მუშაობა, ის კომპიუტერულ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა მისი მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტის შექმნა იყო და ამისთვის საბაზისო საფეხური მოამზადა.

ტურინგის სამუშაო თეზისი ემსახურებოდა იმის გარკვევას, შესაძლებელი იყო თუ არა, ჰქონოდა კომპიუტერს ინტელექტი. მან შექმნა ტესტი, რომელსაც თავადვე უწოდა “იმიტაციის თამაში”. ეს ტესტი მართლაც როლურ თამაშს გულისხმობს, რომლის ერთ მხარეს ადამიანები, ხოლო მეორე მხარეს მათი თანამოსაუბრე ჩატბოტია.  ამ უკანასკნელმა თანამოსაუბრე უნდა დაარწმუნოს, რომ ისიც ადამიანია და არა კომპიუტერული მოწყობილობა.

2014 წლის ივნისში პირველად გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ კომპიუტერულმა მოწყობილობამ ტურინგის ტესტი ჩააბარა. ეს რუსეთში პროგრამირებული ჩატბოტი 13 წლის ევგენი გუსტმანია.

ჩატბოტი ევგენი გუსტმანი

ჩატბოტი ევგენი გუსტმანი

თავად ტურინგი, როდესაც ხელოვნური ინტელექტის იდეაზე მუშაობდა 1950 წელს, ამბობდა, რომ ეს 50 წლის პერსპექტივაა, რომ ამ ტესტის ჩაბარებას დაპროგრამებული მექანიზმები 50 წელიწადში შეძლებდნენ.

ტესტის თანახმად, თითოეულ ადამიანს 5 წუთი აქვს ჩატბოტთან სასაუბროდ, ტესტი ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმიტაციის თამაშში მონაწილე ადამიანების 30%-ზე მეტი იფიქრებს, რომ მათი თანამოსაუბრეც ადამიანია.

ევგენისთან მოსაუბრე ადამიანების 33%-მა თქვა, რომ ევგენი ბიჭია, მაგრამ დღეს ეს შედეგი აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტი მიღწეულად ჩაითვალოს. ევგენის ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი იმისათვის, რომ ტურინგის ტესტის თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს.

50 წლის წინ შემუშავებული ტესტი 1990 წელს გამომგონებელმა ჰუი ლეობნერმა განაახლა. ახალი სტანდარტების მიხედვით, ოპერაციულ სისტემას და 4 ადამიანს უნდა ესაუბროს და თითოეულთან 25-წუთიანი საუბარი უნდა შედგეს, რაც ჩატბოტის მიერ ადამიანთან ერთ საათიის განმავლობაში გადაბმულ დიალოგს გულისხმობს, ტესტი ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ 4 ადამიანიდან 2 მაინც იფიქრებს, რომ მათი თანამოსაუბრეც ადამიანია.

ალან ტურინგი მეცნიერებთან ერთად კომპიუტერის შექმნისთვის მუშაობს მანჩესტერის უნივერსიტეტში

ალან ტურინგი მეცნიერებთან ერთად კომპიუტერის შექმნისთვის მუშაობს მანჩესტერის უნივერსიტეტში

როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ევგენის მიერ ტურინგის ტესტის ჩაბარების შესახებ, ასევე გავრცელდა მასთან დიალოგის ფრგმენტებიც:

ადამიანი: რომელი მუსიკა მოგწონს?

ევგენი: მომწონს ემინემი, რადგან იგი პოლიტკორექტული არაა.

ადამიანი: ღმერთო ჩემო, მეც მიყვარს ემინემი, იგი ჩემი საყვარელი არტისტია

ევგენი: დავინტერესდი, რას ნიშნავს ემინემის მეტსახელი, ჩემთვის ის სიტყვა ოყნასთან ასოცირდება (ენემა), მაგრამ ემინემი მაგარი ტიპია, ყველაზე მეტად “the real slim Shady” მომწონს.

ადამიანი: მე ვიცი, რას ნიშნავს ეს მეტსახელი, მისი ნამდვილი სახელი მარშალ მაზერსია და სახელის და გვარის ინიციალები გამოითქმის, როგორც ემინემი.

ევგენი: ემინემი ცნობილი კრეპერია, არა რაპერი, რიპერი – რეპერს ვგულისხმობდი. მის “Stan” და “The Real Slim Shady” მომწონს

ადამიანი: მე “Hailies Song” მომწონს

ევგენი: საინტერესო გემოვნება გაქვს, მე სამეცნიერო ფანტასტიკის კითხვა მიყვარს, შენ საიდან ხარ, სხვათნაშორის? შეგიძლია იმ ადგილის შესახებ მესაუბრო, სადაც ცხოვრობ?

ადამიანი: ესომში, დერბისთან, შენ?

ევგენი: ჩემი ღორი ამბობს, რომ სახელი დერბი ლამაზად ჟღერს.

ადამიანი: შენს ღორთან სიამოვნებით ვისუბრებდი (წერისას ადამიანი შეცდომას უშვებს მართლწერაში)

ევგენი: ვფიქრობ ბეჭდვის გაკვეთილები გესაჭიროება, ან უფრო აკურატულად უნდა წერო.

ადამიანი: ძალიან უხეში ხარ

ევგენი: უმმმ, შენი შეკითხვა ვერ გავიგე

ადამიანი: უმმმმ სიტყვა არ არსებობს, მეც ვფიქრობ, რომ შენც გჭირდბა ბეჭდვის გაკვეთილები.

ევგენი: მეც იმავეს ვფიქრობ, სხვათა შორის, ჯერ კიდევ არ ვიცი, რისი სპეცილისტი ხარ, ან შესაძლოა გამომრჩა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ თანამედროვე ტურინგის ტესტის ჩაბარების პერსპექტივა 2029 წლამდე არ არსებობს.

ჰომოსექსუალობის გამო გასამართლება და სუიციდი

ალან ტურინგი ჰომოსექსუალი იყო. 1952 წელს იგი მანჩესტერის უნივერსიტეტში მუშაობდა და უნივერსიტეტში მომუშავე ტექნიკოსთან არნოლდ მიურესთან ჰქონდა ურთიერთობა. სწორედ ამ პერიოდში დააკავეს ტურინგი და მას ბრალი უხამსი ქცევისთვის წაუყენეს, რადგან იმდროინდელ ბრიტანეთში ჰომოსექსუალური აქტი კრიმინალად ითვლებოდა.

ტურინგი ციხეს გადაურჩა, თუმცა სანაცვლოდ ჰორმონალურ მკურნალობას დათანხმდა, ე.წ. ქიმიურ კასტრაციას.  ერთი წლის განმავლობაში ალანი ადამიანის ორგანიზმში არსებულ ბოლოგიურად აქტიური ნივთიერებას, ესტროგენის დამატებით დოზას იძულებით იღებდა, რამაც, საბოლოო ჯამში, ტურინგის ფიზიკური და ფსიკიკური ჯანმრთელობა გაანადგურა.

ბრიტანეთის მთავრობამ ტურინგს 2009 წელს ბოდიში ოფიციალურად მოუხადა, ოთხი წლის შემდეგ კი იგი დედოფალმა “შეიწყალა”. ტურინგის მსგავსას 49’000 ადამიანია ნასამართლევი უხამსობის ჩადენის ბრალდებით.

დედოფლის მიერ მხოლოდ ალან ტურინგის შეწყალება უკმაყოფილების საგანი გახდა, 40’000-მა ხელმომწერმა ღია წერილი გაავრცელეს, სადაც საუაბარია, რომ ყველა ადამიანი უნდა “შეიწყალონ”, რომელიც ბრიტანეთმა უხამსობის სახელით გასამართლა და არა მხოლოდ ალან ტურინგი, რადგან ის ცნობილი მათემატიკოსი იყო. ამ ბრალდებით გასამართლებული 49’000 ადამიანიდან 15’000 ჯერ კიდევ ცოცხალია.

ალან ტურინგის ძეგლი ბლეტჩლიში

ალან ტურინგის ძეგლი ბლეტჩლიში

– “ბრიტანეთის ჰომოფობიურმა კანონებმა ჰომოსექსუალი და ბისექსული ადამიანების თაობების ცხოვრება აუტანელი გახადა. ჩვენ მოვუწოდებთ მის უდიდებულესობას, დაიწყოს დისკუსია ყველა მათგანის შეწყალების საკითხზე, რომლებიც ალან ტურინგის მსგავსად ნასამართლევი იყვნენ”, – ნათქვამია წერილში.

წერილს შეუერთდა მსახიობი ბენედიქტ კამბერბატჩი, რომელიც ფილმში ალან ტურინგს განასახიერებს.

“ადამიანებს თავს ჭრიან ჩვენს მსგავს ქვეყნებში მათი რწმენისა და სექსუალური ორიენტაციის გამო. ეს შემაშფოთებელია, ეს შუასაუკუნეობრივია. მე მათთან სიკვდილამდე ვიბრძოლებ. მჯერა, რომ რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო ნათელი ხდება, რა არის სწორი და რა არის არასწორი. არ არსებობს ცალმხრივი შემწყნარებლობა. რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ეს არასწორია”- ამბობს მსახიობი.

ალან ტურინგი მის თანამშრომელზე ჯოან კლარკზე იყო ცოტა ხნით დანიშნული. ტურინგი კლარკთან ერთად ენიგმას გაშიფვრაზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ალანმა ჯოანს ჰომოსექსუალობის შესახებ უამბო, კლარკს ამის გამო ნიშნობის ჩაშლა არც უფიქრია. იგი ამბობდა, რომ ისინი ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრებდნენ, რადგან ერთმანეთი განსხვავებულად უყვარდათ და ერთმანეთზე ზრუნავდნენ, თუმცა ნიშნობა მაინც არ შედგა. ჯოან კლარკი ალან ტურინის მეგობრად დარჩა.

“დღეს დილით მატარებელში ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს ქალაქი არ იარსებებდა, შენ რომ არა. ბილეთი ვიყიდე და გავიფიქრე, რომ ბილეთის გამყიდველი ახლა მკვდარი იქნებოდა, შენ რომ არა. ჩემს სამუშაოზე დავფიქრდი და მთელი ეს კვლევები შენ გამო არსებობს. თუ შენ გინდა ისეთივე ყოფილიყავი, როგორც სხვები, მე გეტყვი, რომ ეს მე არ მსურდა. მსოფლიო უკეთესი ადგილია მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ისეთი ხარ, როგორიც ხარ”, – ეუბნება ჯოან კლარკი ალან ტურინგის გმირს, რომელსაც ჰორმონალური მკურნალობის გამო უკვე კოორდინაცია უჭირს.

“მკურნალობის” დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ალან ტურინგმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ალან ტურინგი 1954 წელს საწოლში გარდაცვლილი იპოვეს, საწოლის გვერდით მაგიდაზე ნახევრად შეჭმული ვაშლი იდო. ალან ტურინგი ციანიდის მიღების შედეგად გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი