საზოგადოება

როგორ ხდება ღვიძლის გადანერგვა – ინტერვიუ ქირურგთან, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა

20 თებერვალი, 2015 • 9367
როგორ ხდება ღვიძლის გადანერგვა – ინტერვიუ ქირურგთან, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა

 

ბატონო კახა, რამდენკაციანი ჯგუფი მუშაობს ღვიძლის გადანერგვაზე და რა მომზადება გაიარეთ?

საქართველოში ღვიძლის გადანერგვაზე ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის 25-კაციანი ჯგუფი მუშაობს. ყველა მათგანმა დაახლოებით ერთწლიანი გადამზადება გაიარა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ბელორუსი, გერმანია, თურქეთი, აზერბაიჯანი. უშუალოდ მე ამ განხრით თურქეთში, ინდოეთსა და ბელორუსიში გავიარე გადამზადება.

ვისი ინიციატივა იყო ღვიძლის ქირურგიის დანერგვა რეფერალურ ჰოსპიტალში?

იდეა ჩემი იყო. საქმე ისაა, რომ ეს არ იყო მცდელობა განგვეხორციელებინა პირდაპირ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, არამედ გაგვევითარებინა ღვიძლის ქირურგია მთლიანად. აქ არ არის საუბარი მხოლოდ გადანერგვაზე, ეს აისბერგის მწვერვალია, ფუძე კი ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის ქირურგიაა, რომლის განვითარების პროცესი დავიწყეთ. ღვიძლის ტრანსპლანტაციამდე განვავითარეთ ღვიძლის ონკოლოგია, ის, რაც არ კეთდებოდა საქართველოში – ჰემი-ჰეპატექტომიები ღვიძლის კიბოს დროს, რის არარსებობის გამო პაციენტები იღუპებოდნენ. ბუნებრივია, ამ კლასის ოპერაციის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა აჭარაში, ”ევექსის” ქსელს სათანადოდ აღჭურვილი ახალი საავადმყოფო რომ არ გაეხსნა, სხვა შემთხვევაში ეს ოპერაცია უტოპიად დარჩებოდა. შესაბამისად, დღეს ჩვენ ღვიძლის გადანერგვის გარდა ბევრი სხვა ოპერაციის გაკეთება შეგვიძლია ღვიძლზე. ღვიძლის ქირურგიაში შედის ოპერაციები კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმივნეების, მეტასტაზების დროს, რომელთაც სჭირდება ქირურგიული ჩარევა (თუ კიბო 5 სანტიმეტრამდეა შესაძლოა ღვიძლის ნახევარი ამოიჭრას), ხოლო ყველა ტიპის ციროზს საბოლოოდ გადანერგვა ესაჭიროება.

რამდენად ხშირი ოპერაციაა ღვიძლის გადანერგვა მსოფლიოში და რამდენად დიდია მოთხოვნა მასზე საქართველოში?

მსოფლიოში, ყოველწლიურად ღვიძლის 15 000-მდე ტრანსპლანტაცია კეთდება, მათ შორის ნახევარი ცოცხალი დონაციაა, ნახევარი – გვამური. ჩვენთან მხოლოდ ცოცხალი დონაცია კეთდება, ანუ ორგანოს გადანერგვა მხოლოდ ცოცხალი დონორიდან არის შესაძლებელი. მოთხოვნა ღვიძლის გადანერგვაზე მაღალია საქართველოშიც, აქ ის დაახლოებით 100 პაციენტს ესაჭიროება. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ღვიძლის გადანერგვის მხოლოდ 15-20 ოპერაციის ჩატარება შეგვეძლება წელიწადში.

რა რისკები ახლავს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას?

ღვიძლის ტრანსპლანტაცია, თავისი ტექნოლოგიებითა და ქირურგიული კლასით ყველაზე რთული ოპერაციაა, რაც კი საქართველოში გაკეთებულა დღემდე. ამ დროს მაღალია დონორის გარდაცვალების რისკი, მსოფლიო სტატისტიკით ყოველ 1000 ოპერაციაზე, ერთი გარდაცვლილი დონორი მოდის, მაგრამ ამის მიზეზი არ გახლავთ ექიმის ნაკლებკვალიფიციურობა, ამის მიზეზი ის გაუთვალისწინებელი არასასურველი დამთხვევებია, რომლებიც შესაძლებელია მოხდეს და ამას ვერანაირი მაღალი კვალიფიკაცია ვერ გამორიცხავს. ინდოეთშიც კი, სადაც ყოველ დღე ვაკეთებდით ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას, სიკვდილიანობის ასეთივე სტატისტიკა იყო.

როგორ ხორციელდება უშუალოდ გადანერგვის პროცედურა?

პირველი ოპერაცია 20 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დონორის ოპერაცია დაახლოებით 10-12 საათს გრძელდება, რეციპიენტისა კი – 14-16 საათს. ორივე მათგანის ოპერაცია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, უბრალოდ, დონორის ოპერაცია ერთი საათით ადრე იწყება. საჭიროა რეციპიენტისგან ამოვიღოთ დაზიანებული ღვიძლი, რადგან გადანერგვა ორთოპიულად ხდება, ანუ იქ, სადაც ძველი ორგანო იყო. გარდა ამისა, ის ღვიძლი ორგანიზმისთვის მავნეა და ამიტომაც უნდა მოშორდეს. როდესაც რეციპიენტიც მზად არის, დონორისგან ვიღებთ ღვიძლის ნაწილს და ვნერგავთ რეციპიენტთან. დონორისგან შესაძლებელია ღვიძლის 55-60%-მდე ამოღება, თუმცა ეს დონორის წონაზე და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, ჰყოფნის თუ არა მას დარჩენილი ღვიძლის რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რეტრანსპლანტირება, ანუ ღვიძლის ხელმეორედ გადანერგვაც, თუმცა ასეთ დროს რეციპიენტის გარდაცვალების რისკი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე პირველი ოპერაციისას (35-დან – 40%-მდე).

რამდენ ხანში აღდგება დონორის ღვიძლი?

ეს დაახლოებით 3-დან 5 თვემდე პერიოდში ხდება. თუმცა რეციპიენტის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ მასთან ეს ღვიძლი უცხო ქსოვილია, ბუნებრივია, ორგანიზმი ცდილობს ყველაფერი უცხო მოიშოროს. ამიტომ ეს პაციენტები მუდმივად იმყოფებიან იმუნოსუპრესანტებზე (იმუნიტეტის დამაქვეითებელი მედიკამენტები), რომ არ მოხდეს მოშორება. არსებობს ორი სახის მოშორება – დაუყოვნებლივი ტიპის იმუნორეაქცია და დაყოვნებული. დაუყოვნებელი შესაძლოა მოხდეს გადანერგვიდან პირველ კვირაში, რაც შეეხება მოგვიანებითი ტიპის დაყოვნებულ იმუნურ რეაქციას, ეს შეიძლება დაიწყოს რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ და საჭირო ხდება დაუყოვნებლივ ხელმეორე გადანერგვა, თორემ პაციენტი დაიღუპება. თუ პირველი წელი მშვიდად გავიარეთ, მერე ასეთი რისკი მინიმალურია, თუმცა იმუნოსუპრესანტებს მაინც ბოლომდე იღებენ, მცირე დოზით.

რამდენ ხანს ცოცხლობს გადანერგილი ღვიძლი?

ცოცხალი ორგანოს ტრანსპლანტაცია დაახლოებით 20 წელია დაწყებულია, შესაბამისად, გამოცდილებაც ვერ იქნება მეტი. ამჟამად 15-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა არსებობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ოპერაცია არ უკეთდება ჯანმრთელ ადამიანებს. ამ ოპერაციას ორი მიზანი აქვს – გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი და გაუხანგრძლივოს სიცოცხლე. ჩვენი მიზანი არ არის ამ ადამიანების სრულად განკურნება, ეს არ მოხდება, მაგრამ ის, რომ რამდენიმე თვის ნაცვლად პაციენტი წლები იცოცხლებს, ეს შედეგია. თუმცა შეზღუდვა სიცოცხლეში მათ არ აქვთ. ეს დამოკიდებულია დონორის ღვიძლზე და გარკვეულწილად მათზეც, თუ როგორ დაიცავენ რეჟიმს და რამდენად სწორად მოიქცევიან.

როდის იქნება შესაძლებელი ღვიძლის გადანერგვა დამოუკიდებლად, უცხოელი სპეციალისტების დახმარების გარეშე ჩატარება ბათუმში?

ჩვენ ახლაც დამოუკიდებლად ვმუშაობთ, უბრალოდ, ეს ადამიანები გვაკონტროლებენ, გარკვეულ შემთხვევებში გვიწევენ კონსულტირებას და ოპერაციის დროს არიან ჩვენთან ერთად, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევები გადაფარონ. ვფიქრობ, 20-30 ოპერაცია რომ შესრულდება, ამის აუცილებლობა აღარ გვექნება. ეს კეთდება არა იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება დახმარება, არამედ იმიტომ, რომ გავზარდოთ დონორისა და რეციპიენტის დაზღვეულობის ხარისხი და თუ რაიმე გართულება მოხდება, ეს იყოს გარდაუვალი აუცილებლობა და არ გაჩნდეს კითხვები ხომ არ იყო ჩვენი ჯგუფის არაკვალიფიციურობით გამოწვეული. ეს ასე ხდებოდა ყველა ქვეყანაში, ყველას ეხმარებოდნენ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც უფრო გამოცდილები იყვნენ ამ სფეროში.

რა ეღირება ღვიძლის გადანერგვა საქართველოში?

საქართველოში ეს ოპერაცია დაახლოებით ორჯერ უფრო ნაკლები ეღირება, ვიდრე საზღვარგარეთ, მაგრამ ეს მაინც დიდი თანხაა. ამ ოპერაციის ღირებულება საშუალოდ 80 000 – 100 000 ლარი იქნება და, სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მას დააფინანსებს. საქართველოში სრულად ფინანსდება თირკმლის ტრანსპლანტაცია, ღვიძლის გადანერგვა მასზე სამჯერ უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ორ-ნახევარჯერ უფრო ნაკლებ ადამიანს ესაჭიროება ყოველწლიურად. იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფო ამას არ დატოვებს უყურადღებოდ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

ღვიძლის ქირურგიასთან დაკავშირებით, არის თუ არა ისეთი რამ, რაც ჯერჯერობით საქართველოში არ კეთდება?

დიახ, ეს გვამური დონაციაა, რომელიც ბევრად ჯობია ცოცხალ დონაციას, თუნდაც იმიტომ, რომ ცოცხალი, ჯანმრთელი ადამიანის რისკი არ გვაქვს. ამის ძირითადი მიზეზი საზოგადოებაში, მათ ნაკლებ ინფორმირებულობაშია და ეს პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის ჩამორჩენაზე. გუშინ ახალგაზრდა ბიჭი გარდაგვეცვალა ავტოავარიის შედეგად. ის საუკეთესო დონორი იქნებოდა – ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ორი ჯანმრთელი თირკმელი, ჯანმრთელი გული და ღვიძლი, ჩვენ ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვეძლო. მაგრამ რთულია გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს აუხსნა ეს. ამიტომ აუცილებელია ამ იდეის პროპაგანდა მედიისა და სასულიერო პირების მიერ. რა თქმა უნდა, მოსალოცი საქმეა, რომ ღვიძლის გადანერგვა შეგვიძლია, საამაყოა, რომ ის, რაც ბევრ სხვა ქვეყანას არ შეუძლია, შეძლო საქართველომ, მაგრამ მე ვიამაყებ მაშინ, როცა შევძლებთ გვამური დონაციის დაწყებას საქართველოში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი