სამართალი

გვენეტაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ივანიშვილის შემოთავაზება არ მქონია

20 თებერვალი, 2015 • 1522
გვენეტაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ივანიშვილის შემოთავაზება არ მქონია

2012 წლის ბოლოს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მედიაში იწერებოდა, რომ “ქართული ოცნება” სწორედ თქვენ გაგიხილავდათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და თქვენს ხედვასთან დაკავაშირებით ბიძინა ივანიშვილთანაც გქონდათ კონსულტაციები. მართლა გქონდათ თუ არა ეს კონსულტაციები?

 

მედიაში ამაზე მართლაც იყო რამდენიმე, ალბათ, ერთი ან ორი წერილი, მაგრამ მე არც კონსულტაცია, არც შეთანხმება, არც შემოთავაზება 2012 წელს ნამდვილად არ მქონია. არათუ შეხვედრები და რაიმე სხვა საკითხის გადაწყვეტები, შემოთავაზება ასეთი არ მქონია, თუმცა მედიის აქტიურობა ნამდვილად იგრძნობოდა. იყვნენ ჩემთან ჟურალისტები, მივეცი ინტერვიუ, სადაც დავადასტურე ასევე ის, რასაც ახლა გეუბნებით და ამის შემდეგ ეს ლაპარაკი, მე როგორც თვალყურს ვადევნებდი, ძალიან ჩქარა დამთავრდა.

 

რამდენად გრძნობთ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას დღეს?

მე ვერ გეტყვით ამ მხარდაჭერას ჯერ როგორ ვიგრძნობ, სანამ ოფიციალური პროცესები არ დაიწყება, სანამ არ გაიწერება კომიტეტებთან შეხვედრა და სხვა პროცედურები.

 

წინასწარ ხომ კეთდება განცხადებები?

 

ის ინფორმაცია, რაც საჯაროდ გაკეთდა, ჩემთვისაც ცნობილია და ეს დამაიმედებელი ინფორმაცია არის ნამდვილად ჩემთვის. სხვა რაიმე იმის ზემოთ მე ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, იმიტომ, რომ გაიგზავნა წარდგინება ნამდვილად პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან და ველოდები მათ შემოხმიანებას, ჯერ ასეთი ჩემ მიმართ არაფერი ყოფილა. ამიტომ, როცა რეგლამენტით გაწერილი პროცედურები დაიწყება, ალბათ, უფრო მეტი ინფორმაცია მექნება ამის შესახებ.

ის ფაქტი, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყავით,  ხომ არ შეგიშლით ხელს, საზოგადოება და პარლამენტი დაარწმუნოთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარის პოსტისთვის შესაფერისი კანდიდატურა ხართ?

ეს კითხვა უკვე იმდენჯერ დამისვეს და მაინც ვერ გავიგე ამ კითხვის აზრი. მაგრამ მე მაინც გიპასუხებთ. შევარდნაძის ეპოქა იყო, როდესაც პირველი ეტაპი მართლმსაჯულების რეფორმისა დაიწყო. ამ რეფორმას ხელმძღვანელობდნენ მაშინ ყოფილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია და მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტს ჩემი კანდიდაურა ზუსტად მათ წარუდგინეს. ამიტომ ის დაყვა ახალგაზრდა რეფორმატორების ნებას და გამამწესეს მე უზენაეს სასამართლოში. მე შევძელი ვყოფილიყავი მთელი იმ წლების განმავლობაში დამოუკიდებელი მოსამართლე. ეს ჩემი მხოლოდ პლუსი და პოზიტივია ჩემს ბიოგრაფიაში. რა ვქნა, რომ ეს იყო შევარდნაძის ეპოქა. მე ამ ისტორიას და ამ ბორბალს ვერ დავაბრუნებ საწინააღმდეგო მხარეს. კიდევ გიმეორებთ, მე იმ რეფორმატორების წარდგენილი ვიყავი უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციაში, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებდნენ მაშინ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტების შექმნაზე. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მე იმ წლებში, ეს ექვსწლიანი ჩემი მოღვაწეობა, ზუსტად ამ ნდობის გამართლებას ვცდილობდი მაშინ, როდესაც რეფორმატორებს, ყოფილ პრეზიდენტს სააკაშვილს და ჭანტურიას მართლა ჰქონდათ 78%–იანი ნდობა ამ რეფორმის მიმდინარეობის ჟამს. ამ რანგში ვიყავი მე წარდგენილი იმ ბნელ ეპოქაში, როგორც ამას ჟურნალისტები აფასებენ, და შევძელი, რომ ვყოფილიყავი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მოსამართლე. ამიტომ ეს მე ხელისშემშლელ ფაქტორად კი არა, ჩემ პოზიტივად და ჩემი ბიოგრაფიის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად მიმაჩნია. ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ უნდა შეფასდეს ეს ნეგატიურად.

ნინო გვენეტაძე
ნინო გვენეტაძე

 

 

 2012 წლამდე თქვენ რესპუბლიკური პარტიის წევრი იყავით და ამ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წევრობა შეწყვიტეთ. თუკი ზაქარია ქუცნაშვილის შემთხვევაში მისი კანდიდატურის არდასახელების კრიტერიუმი შესაძლოა მისი პოლიტიკური მიკერძოებულობა ყოფილიყო, ეს მოტივი რატომ არ მოქმედებს თქვენს შემთხვევაში, რადგანაც შესაძლოა ჩაითვალოს, რომ 2 წელი არც ისე დიდი დრო შეიძლება იყოს პოლიტიკური გავლენებისგან თავის დასაღწევად.

 

არ ვიცი, ალბათ ეს შესაძლებლად ჩათვალეს და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, მათ შორის, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება, მან ამითაც პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა მან ნათლად განმარტა, რომ მე ზუსტად იმ დროს წამოვედი პარტიიდან, ზუსტად იმ დროს გავაგრძელე საგანმანათლებლო და პროფესიული საქმიანობა, როდესაც უკვე პარტია ხელისუფლებაში იყო. ამიტომ ეჭვი შეიძლება მოქმედ პარტიულ თანამშრომელზეც იყოს, წარსულზეც, მაგრამ ვიმეორებ, მე მთელი ჩემი საქმიანობით დავადასტურე, რომ არა პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ, არამედ არავის გავლენის ქვეშ არ მოვქცეულვარ ჩემი პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე, ამიტომ ეს მიღმა არსი, რომელიც ძალიან ხშირად არის შეკითხვის საგანი, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არამართებულად დაყენებული საკითხია ჯერ მხოლოდ იქიდანაც, რომ კიდევ ვიმეორებ, ვიღაცისთვის 2 წელი შეიძლება იყოს პატარა დრო, ვიღაცისთვის შეიძლება 2 წელი იყოს ის დრო, რაც საკმარისია პოზიტიური დასკვნების გასაკეთებლად.

 

როდესაც ბიძინა ივანიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ “რესპუბლიკელები” ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ”, ამავე ინტერვიუში ნათქვამია, რომ საუბრობენ მარგველაშვილის და ალასანიას ალიანსზე. ასეთ ვითარებაში პრეზიდენტის მიერ თქვენი კანდიდატურის დაყენება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი მხარს უჭერს “თავისუფალ დემოკრატებს” და “რესპუბლიკელებს” და აქედან გამომდინარე, შეიძლება ქვეყანაში ძალთა ახალი გადანაწილება მივიღოთ?

 

მე ისეთ პოზიციაზე ვარ ნომინირებული, რომ ყველა პოლიტიკური შეფასებისგან აბსოლურუტად თავს შევიკავებ. თუმცა აქვე გიპასუხებთ, რომ ეს ვერსია, რაც თქვენ გააჟღერეთ, აბსოლუტურად გამორიცხული ვერსია არის, კიდევ გიმეორებთ, ჩემი პროფესიული მოღვაწეობიდან გამომდინარე.

თქვენი Facebok გვერდიდან ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ მადლობაზე მინდა გკითხოთ..

 

ამაზე მე პასუხი გავეცი. შეგიძლიათ ის კომენტარი გამოიყენოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არასერიოზული საკითხია და ნამდვილად, დროს ამაზე ნუ დაკარგავთ, თუმცა თქვენი გადასაწყვეტია, როგორ შეაფასებთ.

ამ დროისთვის თქვენი გვერდი გაუქმებულია, ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

 

ამიტომ მივიღე, რომ რაიმე უკონტროლო მოქმედება არ განხორციელდეს ჩემი მცირეწლოვანი ბავშვებისაგან, იმიტომ, რომ მე Facebook–ით დაკავებული მანამდეც არ ვყოფილვარ. ამიტომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ამას, რომ მე ზედმეტი უხერხულობება არ შემქმნოდა და ასეთი კითხვები არ დავბადო საზოგადოებაში.

 

ზუსტად იმიტომ დაგისვით ეს შეკითხვა, რომ მართლაც, ამასთან დაკავშირებით კითხვები იბადებოდა, რომ ნამდვილად თქვენმა 11 წლის შვილმა დაწერა ივანიშვილის მისამართით ეს ფრაზა?

 

კი, ნამდვილად, ის არის ძალიან თავისუფალი, მოაზროვნე, აქტიური ბავშვი და თავისი პოზიცია დააფიქსირა. ამიტომ გამოვრთე, რომ ეს აქტივობები, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად შევზღუდო, თუმცა ძალიან ნაწყენი დამრჩა ის, რომ პატარა საყვედურიც კი რომ ვუთხარით და ამაზე, მე ვფიქრობ, არ ღირს ახლა ყურადღების გამახვილება.

საზოგადოებაში თავის დროზე დისკუსია გამოიწვია იმან, რომ რამდენად მისაღები არის იმ მოსამართლეების 3–წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა, ვისაც მოსამართლედ მუშაობის 10–წლიანი ვადა უკვე აქვთ გასული. როგორია თქვენი მოსაზრება?

 

ეს უკვე კანონით არის დარეგულირებული, რომ უნდა იყოს 3–წლიანი გამოსაცდელი ვადა. მე ხომ კანონს ვერ შევცვლი? ამიტომ მე ვამბობ, რომ დავდგები გარანტად, რომ კანონში გაწერილი რეგლამენტაცია, როგორ შეიძლება იყოს ამ 3 წელიწადში მოსამართლე გამოსაცდელ პერიოდში დაცული, ამას ზედმიწევნით სრულად განვახორციელებ. თუ რაიმე არსებითი ხარვეზი კიდევ გამოვლინდა, მე ვიქნები ცვილილებების ინიციატორი.

თქვენ 2012 წელს იმ საუშაო ჯგუფის წევრი იყავით, რომელმაც პოლიტპატიმრების სია შეადგინა. უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელად რომ აგირჩიონ, ხელისუფლება რომ შეიცვალოს ამ პერიოდის განმავლობაში და პოლიტპატიმართა სტატუსის მაძიებელთა ახალი ტალღა რომ წამოვიდეს, როგორ მოიქცეოდით? მაგალითად, გიგი უგულავამ რომ მოითხოვოს პოლიტპატიმრის სტატუსი და ამას დაეთანხმოს საპარლამენტო უმრავლესობა, ასეთი პრეცედენტები, თქვენი აზრით, ქმნის თუ არა საფრთხეს მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისთვის?

 

პოლიტპატიმრის სტატუსს სასამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობები არ აქვს, არ წარმოიშვება. ეს არის საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩემი მუშაობა მხოლოდ სამუშაო ჯგუფის რანგში საქმიანობით შამოიფარგლა, დანარჩენი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ დონეზე მიიღო კომიტეტმა და, შესაბამისად, პარლამენტმა სასესიო სხდომებზე. რაც შეეხება საკითხს, პოლიტპატიმრის სტატუსი ნიშნავს თუ არა რაიმე სამართლებრივ პროცედურას, ეს ასე არ არის. ჩვენ მაშინ გადაწყვეტილება მივიღეთ ევროსაბჭოს რეზოლუციის მიერ დადგენილი სანდარტით. რაც შეეხება შემდგომ მოქმედებებს, თუ რა უნდა განხორციელდეს მათთან დაკავშირებით, ეს შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დარეგულირდეს. რამდენჯერაც არ უნდა განმეორდეს ეს პროცესი და ვის მიმართაც, ეს იქნება, კიდევ ვიმეორებ, სამართლის სფეროს გარეთ პოლიტიკური შეფასებები. მე თუ ვიქნები მოსამართლე, ამ პროცესებში მონაწილეობას ნამდვილად ვერ მივიღებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი