საზოგადოება

რა რეგულაციები უნდა დაწესდეს ტაქსების მომსახურების სფეროში

20 თებერვალი, 2015 • 3021
რა რეგულაციები უნდა დაწესდეს ტაქსების მომსახურების სფეროში

კერძო სატრანსპორტო საშუალებით მგზავრების გადაყვანის საკითხს საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმიანობის დასაწყებად ადამიანს საჭიროა ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი ან ნაქირავები მანქანა და ტაქსის ტრაფარეტი. არ არსებობს რეგულაცია არც იმის შესახებ, თუ რა ტექნიკურ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა იმისთვის, რომ მან მგზავრების გადაყვანა შეძლოს.


მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ტაქსების ლიცენზირების საკითხს განიხილავს, თბილისის მერიაში არ ადასტურებენ. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს საკითხი ერთხელ ითქვა იდეის დონეზე, თუმცა მუშაობა ამ მიმართულებით არ დაწყებულა.


 

ტრანსპორტით მომსახურების სფეროს მოწესრიგებას აუცილებლად მიიჩნევს საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე. მისი თქმით, ამ საკითხის მოგვარება იყო ერთ-ერთი ის პირობა, რომლის შესრულებასაც თბილისის მერია მოქალაქეებს დაპირდა, თუმცა ჩამოყალიბებული ხედვა, თუ რას აპირებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ამ მიმართულებით, საზოდაგოებისთვის ჯერ ცნობილი არ არის.

 

ოგბაიძის თქმით, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ერთ მხარეს არიან მოქალაქეები, რომლებსაც გადახდილი თანხის სანაცვლოდ მეტ-ნაკლებად ხარისხიანი მომსახურების მიღება სურთ, როგორც უსაფრთხოების, ასევე კომფორტის თვალსაზრისით. მეორე მხარეს კი არიან ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომელთა ინტერესია, ოჯახები შეინახონ.

 

“ამ ორი საკითხის ერთმანეთთან შეჯერება წარმოადგენს ხელოვნებას, რომელიც მოეთხოვება თბილისის მერიას”, – ამბობს ოგბაიძე.


იგი ხაზს უსვამს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა პირდაპირ ლიცენზირების, არამედ ტრანსორტით მომსახურების სფეროს მოწესრიგების გზით. 

 

“ლიცენზირების შემოღებას დიდი ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება, ეს ყველაზე მარტივია. მთავარის არის სამოქმედო გეგმა, რის შემდეგ რა უნდა გაკეთდეს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ საზოგადოებამ დავინახოთ, რა კეთდება ამ სფეროში. რა კეთდება არა, მაგალითად, მხოლოდ ბიუჯეტის შესავსებად, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების დაცულობის ამაღლების თვალსაზრისით”.

ოგბაიძე ამბობს, რომ პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს ის მინიმალური მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს თბილისის ტაქსი.


“მუხრუჭი უნდა უჭერდეს მანქანას, მაშუქი ელემენტები უნდა მუშაობდეს, სიარულის დროს ბორბალი არ უნდა ძვრებოდეს, სალონში რაღაც ესთეტიკური სანიტარული წესრიგი უნდა იყოს, გაზის სუნი სალონში არ უნდა შემოდიოდეს, აფეთქების საშიშროება არ უნდა იყოს, მანქანა შუა გზაზე არ უნდა ჩერდებოდეს, წინა მინა არ უნდა იყოს გაბზარული, მანქანა არ უნდა იყოს ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი. ეს ყველაფერი არის ის, რაც წინ უნდა უსწრებდეს რაღაც სტანდარტის შემოღებას. ამაზე საუბრის შემდეგ დავიწყოთ უკვე საუბარი ლიცენზირებაზე”, – აცხადებს საკრებულოს წევრი.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ ტაქსებს, ჩვეულებრივი ავტომობილებისგან განსხვავებით, ორმაგად მეტი მოეთხოვებათ გამართულობის, ჰიგიენური ნორმებისა და ქცევის თვალსაზრისით. ლალიაშვილის თქმით, სტატისტიკის გარეშეც კარგად ჩანს, “როგორი ტიპის ტაქსები გვყავს თბილისში და რა დონის მომსახურებაა”.

 

“ეს მარტო ტაქსებს არ ეხება, საგზაო უსაფრთხოებას რაც ეხება, ყველა სტანდარტისგან შორს ვართ ამ ეტაპზე”, – ამბობს  ლალიაშვილი.

 

იგი სატრანსპორტო სფეროში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ვალდებულებების შესრულება ეტაპობრივი და თანმიმდევრული უნდა იყოს, რაც ასე არ ხდება. ლალიაშვილი უარყოფითად აფასებს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ვალდებულების შესრულების 2017 წლისთვის გადავადების ფაქტს და ამბობს, რომ 2019 წლისთვის საქართველოს უკვე დაკმაყოფილებული უნდა ჰქონოდა საბაზისო პირობები და უფრო მაღალი სტანდარტებით უნდა მოეთხოვა ტექნიკური დათვალიერება.

 

“ჩვენ თუ მკვეთრი ნაბიჯები არ გადავდგით, გარკვეული რეფორმები არ გავატარეთ ამ მიმართულებით, კატასტროფულ სიტუაციამდეა უკვე გზებზე უსაფრთხოების საკითხი მისული. ამიტომ ასეთი ტიპის რეგულირება – ლიცენზიები, რაღაც კანონები, აღსრულება, ტექნიკური დათვალიერება ავტომობილების – ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ თუ არ მოვახდინეთ, უცებ, ერთბაშად წარმოუდგენელია ამის გაკეთება. რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ეს  გარკვეულწილად მტკივნეული შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო მტკივნეულია, როცა ერთბაშად გიწევს ამის გაკეთება”.


 

ლალიაშვილი გარემოს დაცვით საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ იმ საბაზისო მოთხოვნების არშესრულება, რასაც ტაქსი და, ზოგადად, ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს, პირდაპირ კავშირშია ჰაერის დაბინძურების თემასთან.

 

“შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავთ, რომ კვირების განმავლობაში ქალაქს ადევს ნისლი, რომელიც ამ გამონაბოლქვით არის დაფარული, რაც მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე წლების შემდეგ აისახება. სამწუხაროდ, საქართველოში, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავეით, არ ხდება იმის დათვლა, თუ, ვთქვათ, იგივე სმოგი, რასაც ჩვენ ყოველდღე ვსუნთქვათ, ჯანმრთელობის რა ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ არ ვიცით, რამხელა ზარალი გვადგება იმით, რომ თუნდაც  ორი და სამი წლით გადავდეთ უკვე ტექნიკური დათვალიერება”, – ამბობს ეკა ლალიაშვილი.


კერძო ტრანსპორტით მომსახურების სფეროში გარკვეული რეგულაციების შემოღებისა და ლიცენზიების დაწესების წინააღმდეგი არ არის თბილისში მოქმედი ტაქსოპარკის “რენო-ტაქსის” საოპერატორო სამსახურის უფროსი მაიკო ქართველიშვილი. უფრო მეტიც, ის მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის რეფორმების გატარება, მაგალითად, ტაქსებისთვის ლიცენზიების დაწესება, აუცილებელია. მისი თქმით, ეს თბილისში მანქანების რაოდენაბასაც შეამცირებს და ტაქსების მომსახურების ხარისხსაც გაზრდის.

 

მისი აზრით, ლიცენზიების დაწესება მომსახურების ტარიფზე არ აისახება.

 

“ჩემი აზრით, ეს ფასს არ გაზრდის. პირიქით, დაიხვეწება, გამოჩნდებიან ბაზარზე სერიოზული ტაქსო-კომპანიები, რომლებიც უკვე გათვლილები იქნებიან ხარისხზე და ჯანსაღი კონკურენცია იქნება”, – ამბობს ქართველიშვილი, რომელიც იქვე აღნიშნავს, რომ მარტო ლიცენზირება ამ საკითხს ვერ მოაგვარებს.

 

“მაღალ დონეზე  და პირველ პლანზე უნდა იყოს ტექნიკური გამართულობა – ადამიანების სიცოცხლეზე ვაგებთ პასუხს, ხომ?” – აღნიშნავს “რენო-ტაქსის” წარმომადგენელი.

 

კერძო ტაქსის მძღოლების ნაწილი, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობს, რომ თუ ლიცენზიაში ფულის გადახდა მოუწევთ, მოგება აღარ დარჩებათ. თუმცა არის განსხვავებული მოსაზრებაც. დათო, რომელიც სამი წელია საკუთარი მანქანით თბილისში ტაქსაობს, ამბობს, რომ  თანახმაა ლიცენზია შეიძინოს, თუკი მის შესაძენად გონივრული თანხა დაწესდება.

“იყოს, გადავიხდი იმ ლიცენზიას, რამდენი იქნება, ალბათ უნდა იყოს 50 ლარის ფარგლებში თვეში. ეს ნორმალური თანხაა, ახლა 30-50 ლარს ადამიანი გაისვრის და სახელმწიფოსთვისაც ხეირი იქნება. მაგრამ ახლა იმათ თუ 1000 და 500 ლარი დაადეს, აბა, ვინ გადაუხდის?!” – ამბობს მძღოლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი