ახალი ამბები

რაზე გაამახვილა ყურადღება ლევან ჩაჩუას ბრალმდებელმა დასკვნით სიტყვაში

18 თებერვალი, 2015 • • 1194
რაზე გაამახვილა ყურადღება ლევან ჩაჩუას ბრალმდებელმა დასკვნით სიტყვაში

“ლევან ჩაჩუას, როგორც ექსპერტს, ევალებოდა ობიექტური ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნაში შედეგების სრულყოფილი ასახვა. მან არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა მისდამი დაუდევრად დამოკიდებულების გამო”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

 

პროკურორის თქმით, ექსპერტიზის წარმოებისას ჩაჩუამ არ გამოიკვლია ობიექტები სრულად და დეტალურად. მან აღნიშნა, რომ ჩაჩუამ გარდაცვლილთა სხეულზე არსებული დაზიანებები დასკვნაში არ ასახა. პროკურორის მიერ წარმოდგენილ სიტყვაში სასამართლო ექსპერტიზა უარყოფს ჩაჩუას მიერ წარმოდგენილ დასკვნას, სადაც წერია, რომ ჟვანიას მხოლოდ ტუჩის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, უსუპოვს კი – საერთოდ არა.

 

პროკურორის თქმით, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში  აღნიშნულია, რომ ზურაბ ჟვანიას თავის ქალა-თხემის არეში სიცოცხლის დროინდელი მოშავო-მორუხო ლაქები, ქვედა ტუჩზე კი დაზიანება აღენიშნებოდა; რაც შეეხება რაულ უსუპოვს, მას მარჯვენა და მარცხენა მკერდზე სიცოცხლის დროინდელი ასანთის დიამეტრის ზომის ნანემსარები და მარჯვენა ხელის მეორე ფალანგზე ნაჭდევი აღენიშნებოდა.

 

პროკურორმა გიორგი ფანცულაიამ ხაზი გაუსვა ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლის თამილა აფრაქიძის ჩვენებას, რომელიც ზურაბ ჟვანიას ნათესავია. აფრაქიძის თქმით, ის პროზექტურაში მას შემდეგ მივიდა, რაც ტელევიზიით გაიგო მომხდარის შესახებ და მისვლისთანავე ჟვანიას ოჯახის წევრებმა ექსპერტიზაზე დასწრება სთხოვეს. მან აღნიშნა, რომ ის სრულად ვერ დაესწრო ექსპერტიზას, რადგან ხშირად გამოდიოდა გარდაცვლილის ნათესავებთან. თუმცა, მისი თქმით, ლევან ჩაჩუამ მას დასკვნაზე ისე მოაწერინა ხელი, რომ არ მისცა საშუალება მასალას გაცნობოდა. ფანცულაის თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ჟვანიას ნათესავის მონაწილეობით და მის მიერ ექსპერტიზის დასკვნის დამოწმებით ჩაჩუა შეეცადა უფრო დამაჯერებელი გაეხადა ექსპერტიზის დასკვნა ჟვანიას ოჯახის წევრებისთვის.

 

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა საქმის წარმოებისას არაერთხელ შეცვალა თავისი ჩვენება. მისი თქმით, თავიდან ჩაჩუა ამბობდა, რომ უსუპოვს დაზიანება არ ჰქონდა, მოგვიანებით კი მან აღნიშნა, რომ დაზიანებები ბალზამირების შედეგია; ექსპერტებისა და სანიტრების ჩვენებების შემდეგ კი ჩაჩუამ ისევ შეცვალა ჩვენება და აღნიშნა,  რომ უსუპოვის მკერდზე არსებული ლაქები ხალები ან ნაოჭები უნდა ყოფილიყო.

 

“საათი და თხუთმეტი წუთის მანძილზე ბრალდების მხარე კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას. მათ ამ ხნის მანილზე არც ერთი იურიდიული დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ დასკვნით სიტყვაში. პროკურორმა მხოლოდ საქმეში არსებული მათ მიერ წამოდგენილი მოწმეთა ჩვენებები წარმოადგინა”, – განაცხადა ბრალდებულმა ლევან ჩაჩუამ.  

 

ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი 2 მარტს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება.

 

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა პროკურატურამ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, 2014 წლის 21 მარტს დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაჩუა 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ  2014 წლის 18 ნოემბერს გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი