ახალი ამბები

მაჟორიტარი დეპუტატი: ჭიათურა დღესვე შეგვიძლია გამოვაცხადოთ ეკოლოგიური კატასტროფის ზონად

18 თებერვალი, 2015 • • 2739
მაჟორიტარი დეპუტატი: ჭიათურა დღესვე შეგვიძლია გამოვაცხადოთ ეკოლოგიური კატასტროფის ზონად

“მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ჭიათურის მუნიციპალიტეტში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც მანგანუმის მოპოვებასთანაა დაკავშირებული, კერძოდ, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვების მასშტაბების გაზრდასთან. ამის გამო კვლავ იჩეხება ტყეები, ნადგურდება სასოფლო-სამეურნეო მიწა, საძოვრები, ინფრასტრუქტურა. მილიონობით ტონა საწარმოო ნარჩენი და ფუჭი ქანი ქაოტურადაა განლაგებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მანგანუმითაა დაბინძურებული სასმელი წყალი, მდინარე ყვირილა, ატმოსფერულ ჰაერში მანგანუმისა და სხვა მძიმე მეტალების ოდენობა ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მნიშვნელოვნად აღემატება დაშვებულ ზედაზღვრულ ნორმას. მუნიციპალიტეტში გაზრდილია ავადობის მაჩვენებელი, კვლავ უმძიმესი შრომის პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობის შესრულება კომპანიაში დასაქმებულ მუშებს.


მთავრობის მხრიდან მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობა იყო. მადნის უკანონო მოპოვების აღკვეთის მიზნით შეიქმნა საშუამავლო ფირმები, რომლებმაც ჯორჯიან მანგანეცთან ხელშეკრულებები გააფორმეს. თავის მხრივ საშუამავლო ფირმებმა ხელშეკრულებები გააფორმეს წვრილ მეწარმეებთან, თუმცა მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა. მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიების ანექსია მანგანუმის მომპოვებლების მიერ ერთჯერადი მოხმარების მიზნით, კანონმდბელობის სრული იგნორირებით. ამის ნათელი მაგალითია გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის 2013-2014 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც ცალკე უნდა ვიმსჯელოთ გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ჭიათურაში და ცალკე დანარჩენ საქართველოზე. 2013 წელს სულ საქართველოში გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 2 500 000 ლარი, აქედან 80 პროცენტი მოდის ჭიათურის მუნიციპალიტეტზე, 2 238 000 ლარია მიყენებული ზიანი. კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა 2014 წელს, როცა გარემოსადმი მიყენებულმა ზიანმა ქვეყანაში 327 000 000 მილიონი შეადგინა, ხოლო მისი 98 პროცენტი, იგივე 324 000 000 მილიონი ლარი ჭიათურის მუნიციპალიტეტზე მოდის”, – განაცხადა დეპუტატმა.


მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საქმე პროკურატურას უკვე გადაეცა, ჯერჯერობით საბოლოო დასკვნები არ ჩანს:


“თუ ასე გაგრძელადა, მომავალ წელს 700, 800 მილიონი ლარი იქნება გარემოსადმი მიყენებული ზიანი. ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საბადოზე მოქმედ კომპანიებს აქვთ ხელშეუხებლობის სრული განცდა და ეს მოსახლეობის თვალწინ ხდება, მათი კონსტიტუციური უფლებების სრული იგნორირებით. მუნიციპალიტეტის 6 თემი და ჭიათურის ტერიტორია დღესვე შეგვიძლია გამოვაცხადოთ ეკოლოგიური კატასტროფის ზონად. მივმართავ საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრებს, შექმნილი მდგომარეობა სასწრაფოდ საჭიროებს მასშტაბურ შეფასებას. მოსახლეობაში ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელიც საჭიროებს პასუხებს: ვწირავთ ჭიათურის მოსახლეობას მანგანუმის მოპოვებაზე? თუ არა, მაშინ ვინმემ აგვიხსნას, რა ხდება ჩვენს თავს”, – განაცხადა წერეთელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი