ახალი ამბები

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, 12 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირის შემთხვევა დროულად შეისწავლოს

18 თებერვალი, 2015 • • 1258
ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, 12 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირის შემთხვევა დროულად შეისწავლოს

“გავრცელებული ინფორმაციის სიმძიმიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, განახორციელონ დროული და ეფექტური ღონისძიებები ეროვნული და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ბავშვთა დაცვის პოზიტიური ვალდებულების განუხრელი შესრულებისათვის. მხედველობაში იქნას მიღებული გაეროს ბავშვის უფლებების და ევროპის საბჭოს „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებები, მოხდეს სავარუდო დანაშაულის ყოველმხრივი და დროული გამოძიება და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები 12 წლის გოგონას უფლებების დასაცავად”,- ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სახალხო დამცველი აპარატი ასევე მოუწოდებს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გონივრულ ვადაში წარმართონ გამოძიება და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა  გამოძიება არ გაჭიანაურდეს და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს. ამავდროულად, საქმისწარმოების ყოველ ეტაპზე დაცული იქნას ბავშვის  ჭეშმარიტი ინტერესები.

 

სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დროულად განახორციელოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. შესაძლო ძალადობის შესწავლის პროცესში ჩაერთოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ასევე შესწავლილი იქნას მშობლის მოვალეობის შესრულების საკითხი და განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობის საკითხის შესწავლისათვის.

 

სახალხო დამცველი მიუთითებს სკოლის დირექტორის შესაძლო ბრალეულობაზე. მისი განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დირექტორისთვის ცნობილი იყო 12 წლის ბავშვის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ქმედების  შესახებ.

 

აღნიშნულის მიუხედავად, მან არ განახორციელა რეფერირების შესაბამისი პროცედურით გათვალისწინებული სავალდებულო ქმედებები, მათ შორის, საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე ძალადობის იდენტიფიკაცია და შემთხვევის შემდგომი მართვა განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.სამწუხაროდ, სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციისა და მოწოდების მიუხედავად არაეფექტურად ხორციელდება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 31 მაისის ბრძანების მოთხოვნები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს შორის ბავშვთა უფლებადარღვევის ფაქტებზე ურთიერთთანამშრომლობას მრავალი ხარვეზი გააჩნია”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შესახებ ინფორმაცია მედიისგან შეიტყო. შსს-ში აცხადებენ, რომ რეაგირება მყისიერად მოხდა და 18 წლის მამაკაცი, რომელიც 3 თვის განმავლობაში 12 წლის გოგონასთან ერთად ცხოვრობდა, დაკავებულია. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სქესობრივი კავშირს თექვსმეტიწლისასაკმიუღწეველთან გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, იგი 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი