ახალი ამბები

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განმარტება უკანონო გადარიცხვების შესახებ

18 თებერვალი, 2015 • • 2703
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განმარტება უკანონო გადარიცხვების შესახებ

თამარ ფხოველიშვილს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ანგარიშიდან კონტროლირებად ანგარიშებზე 2 227 887 ლარის უკანონოდ გადარიცხვის და მითვისება ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეზე ერთი პირი დააკავა, ხოლო ფხოველიშვილის აგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

 

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის დეპარატმენტის ხელმძღვანელი დამოუკიდებლად ვერ იღებდა გადაწყვეტილებებს და ასრულებდა შესყიდვების დეპარატმენტის ხელმძღვანელობის მითითებებს.

 

ამასთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ეს არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა: “ბუღალტრული აღრიცხვის დეპარატმენტი ექვემდებარებოდა დირექტორის მოადგილეს. შესყიდვების დეპარატმენტის კურატორი კი  დირექტორის პირველი მოადგილე იყო. ორი დეპარტმენტი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია მართვის დროს და მათი ფუნქციების გადაკვეთა არ ხდება.”

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალმა მენეჯმენტმა „საქართელოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2014 წლის ფინანსური ანგარიშების ანალიზისას, თვითონ დააფიქსირა გარკვეული შეუსაბამობები, რის თაობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრი. სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თავად შეისწავლა საქმე და შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა.

 

შს სამინისტროს ინფორმაციითგამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერიდან 2015 წლის 1 იანვრამდე თამარ ფხოველიშვილი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ მუშაობდა ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მათ შორის, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და განკარგავდა კომპანიის თანხებს, მასვე ჰქონდა ორგანიზაციის ყველა ანგარიშზე სრული წვდომა.


2013 წლის დასაწყისში თამარ ფხოველიშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. მან დანაშაულებრივი განზრახვა გაანდო მეუღლეს – ზურაბ ნუცუბიძეს, რომელთან ერთადაც ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი. ისინი შეთანხმდნენ, რომ თანხის მისათვისებლად სხვადასხვა პერიოდში გამოიყენებდნენ როგორც თამარ ფხოველიშვილის სახელზე გახსნილ პირად ანგარიშს, ასევე ზურაბ ნუცუბიძის მიერ ფორმალურად, მესამე პირებზე დარეგისტრირებული ორგანიზაციებისა და მისსავე სახელზე დარეგისტრირებული ფირმის ანგარიშებს, რომლებზეც წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშიდან უკანონოდ გადაირიცხებოდა დიდი ოდენობით თანხები.

 

თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ, განზრახვის შესაბამისად, 2013 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ანგარიშიდან ზემომითითებულ, მათ კონტროლირებად ანგარიშებზე, თითქოსდა წყალმომარაგების კომპანიისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, საერთო ჯამში – 2 227 887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს.

 

2015 წლის 13 თებერვალს ზურაბ ნუცუბიძე დააკავეს, 2015 წლის 15 თებერვალს მას წარედგინა ბრალდება, ხოლო თამარ ფხოველიშვილს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”

 

ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.  თამარ ფხოველიშვილის ადგილსამყოფელის დადგენის და შესაძლო თანამონაწილე პირთა გამოსავლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ” გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიში არსებულ კორუფციულ სქემაზე, 2,5 მლნ ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და ერთი პირის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა.

 

მოგვიანებით, შსს ანტიკორუფციულმა სააგენტომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებებს მიმდინარეობა დაადასტურა.


 


მასალების გადაბეჭდვის წესი