ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სურკოვი: რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი უნდა გაუქმდეს

17 თებერვალი, 2015 • • 1175
სურკოვი: რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი უნდა გაუქმდეს

,,რუსეთთან საზღვარი მომავალში უნდა გაუქმდეს. ეს გათვალისწინებულია ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით,’’ –  განაცხადა სურკოვმა 16 თებერვალს, აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ.

 

თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა: “გაგრძელდება საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები. აშენდება გზები და სხვა ობიექტები. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაინტერესებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთან დაკავშირებული პროექტები”.

 

ვლადისლავ სურკოვის თქმით, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისათვის გამოყოფილი 4 მილიარდი რუბლი რუსეთმა თითქმის გააორმაგა.

 

რაულ ხაჯიმბა და ვლადისლავ სურკოვი
რაულ ხაჯიმბა და ვლადისლავ სურკოვი

,,მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ახლა რთული სიტუაციაა, რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს აფხაზეთის განვითარებისათვის გამოყოფილი ხარჯების შემცირებას,’’ –  განაცხადა სურკოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ სოჭში გასული წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ახალ ეტაპებს ითვალისწინებს.  2015 წლის 4 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი