ეკონომიკა

ბიზნესისთვის უცხოელების დასაქმების უფლების შეზღუდვა

17 თებერვალი, 2015 • • 2422
ბიზნესისთვის უცხოელების დასაქმების უფლების შეზღუდვა

მიგრაციის შესახებ კანონპროექტის მეოთხე თავის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებსაც არც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ  და არც – ამ ქვეყნის მუდმივი ბინადრობის ნებართვა, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები თავისუფლად ვეღარ დაიქირავებენ. თუ კომპანიას სურს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით დაიქირავოს, განაცხადი უნდა დაარეგისტრიროს. განაცხადის რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი კომპანიას არსებული ბაზიდან შესაფერის კანდიდატს შესთავაზებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი კანდიდატი ბაზაში ვერ მოიძებნა, კომპანიას შესაძლებლობა ექნება სხვა ქვეყნის მოქალაქე დაიქირავოს.

 

დასაქმების დეპარტამენტის ბაზაში ამ დროისთვის 32 ათასი ადამიანია რეგისტრირებული, რომელიც სამუშაოს ეძებს. სწორედ ამ ბაზიდან უნდა შეურჩიოს დეპარტამენტმა კომპანიას სასურველი კანდიდატი, თუმცა საქმე ის არის, რომ დეპარტამენტი არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის ინფორმაცია, რაც სამუშაოს მაძიებელს რეზიუმეში უწერია, მაგალითაც, იცის თუ არა უცხო ენა საშუალოზე მაღალ დონეზე და სხვა. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ დამსაქმებელს წამოყენებული ვაკანსიის შესაბამისი კანდიდატურა მოუძებნონ, მაგრამ რელურად ეს კანდიდატი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდეს. ასეთ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, დეპარტამენტს წერილობით წარუდგინოს დასაბუთებული უარი, თუ რატომ არ აჰყავს სამუშაოდ შეთავაზებული კანდიდატურა. დასაბუთების შემთხვევაში, მას თავისუფლად შეიძლება უცხოელი მუშახელის დაქირავება.

 

“ერთჯერადად, ერთი ვაკანსიის წარმოდგენის შემთხვევაში, ბაზაში კანდიდატურის წარმოუდგენლობა მას აძლევს საშუალებას ჩამოიყვანოს უკვე მოძიებული უცხოელი სამუშაოს მაძიებელი და დაასაქმოს საკუთარ კომპიანში”, – განმარტავს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ჯგერენაია.

 

კანონპროექტის არსებული ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში, ეს რეგულაცია იმ უცხოელებზეც გავრცელდება, რომლებიც უკვე არიან საქართველოში დასაქმებული, თუმცა დადებული ხელშეკრულების ვადები შენარჩუნდება და კანონი მათზე ხელშეკრულების დასრულებისა და კანონის გამოქვეყნებიდან  6 თვის ვადის გასვლის შემდეგ გავრცელდება.

 

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამგვარი რეგულაციები ხელს შეუწყობს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას. თუმცა იქნება თუ არა ეს ბიზნესისთვის იმგვარი შეზღუდვა, რომ პირიქით, შესაძლოა, ბაზრიდან გასვლაზე დაფიქრდეს, ან ინვესტიციისგან თავი შეიკავოს? – ამ კითხვაზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ჯგერენაია ასე პასუხობს:

 

“ამიტომაც იყო გადაგზავნილი გამოთქმული შენიშვნები და, შესაბამისად, მათი გათვალისწინების პროცედურები მიმდინარეობს. კანონპროექტის შემუშავების პროცესში უმჯობესი იყო ბიზნესმენებს მონაწილეობა მიეღოთ და არ გაჩნდებოდა, შესაბამისად, ამდენი კითხვები”, – ამბობს ჯგერენაია.

 

წმინდა პეტრეს მოედანი, დასაქმებულები 2010 წელს კომპანია Portovesme გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომელიც  სარდინიაში ქარხნის დაგეგმილ დახურვას უკავშირდება. © EPA 31.01. 2010
წმინდა პეტრეს მოედანი, დასაქმებულები 2010 წელს კომპანია Portovesme გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომელიც სარდინიაში ქარხნის დაგეგმილ დახურვას უკავშირდება. © EPA 31.01. 2010

 

რა გავლენას მოახდენს ბიზნესზე უცხოელების დასაქმების შეზღუდვა?

 

“საერთაშორისო სავაჭრო პალატა” 150-ზე მეტ მსხვილ და მცირე ბიზნესკომპანიას აერთიანებს. პალატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ლიზი ჩირგაძის თქმით, სავაჭრო პალატას მიაჩნევს, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოში მოქმედ კერძო სექტორზე და ზიანს მიაყენებს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატს:

 

“თუ ბიზნესმენი აპირებს ქვეყანაში კონკრეტული ბიზნესინვესტიციის განხორციელებას და მისი საქმიანობა აუცილებლად მოითხოვს ისეთი კვალიფიციური კადრის არსებობას, რომლის მოძებნის საშუალება ხშირ შემთხვევაში არ არის საქართველოში, შესაბამისად, რატომ განვახორციელებ ინვესტიციას საქართველოში, როდესაც კანონი მზღუდავს კადრის არჩევაში?!”

 

კომპანია “დირსს” აქტიური სამშენებლო პერიოდის ფაზაში 1500-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მუშახელი იყო, თუმცა იყვნენ უცხოელებიც. კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი ადეიშვილი ამბობს, რომ ამჟამად მათთან 6 უცხოელი მუშაობს – ექსპერტები უკრაინიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. ამიტომაც, ადეიშვილის თქმით, კანონპროექტით განსაზღვრული რეგულაცია მათ ამ ეტაპზე დიდ სირთულეს არ შეუქმნიდა, მაგრამ არ მალავს, რომ ეს შეზღუდვა პრობლემატური იქნება ბიზნესისთვის:

 

“ვთქვათ, მე მჭირდება უცხოელი ექსპერტი და იგი მყავს მოძებნილი, მაგრამ ამ რეგულაციით ვალდებული ვარ, ჯერ ეს მოთხოვნა გავაგზავნო სამინისტროში, ის გამომიგზავნის ვარიანტებს და ამაზე დრო გადის. ეს შემთხვევა, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის რთული იქნება. მთავარია, რამდენად დროულად მოხდება რეაგირება. სწრაფად მოხდება ობიექტური და ადეკვატური შეფასება ამ ადამიანის, ვისაც გთავაზობენ? ბიზნესმა რამდენიმე საპასუხო შეკითხვა უნდა დაუსვას ამ კანონპროექტს, ვინაიდან ბიზნესისთვის დრო ყოველთვის ფულია”, – ამბობს ქეთი ადეიშვილი.

 

როგორ რეგულირდება შრომითი მიგრაცია სხვა ქვეყნებში?

 

კანონპროექტის ინიციატორები მიუთითებენ, რომ ამგვარი რეგულაციის დაწესებას მოითხოვს ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, თუმცა სამოქმედო გეგმა საქართველოს არ ავალდებულებს კონკრეტულად ასეთი შეზღუდვების დაწესებას.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში გათვალისწინებულია ისეთი რეგულაციები, როგორიც გვხვდება, მაგალითად, ჩეხეთში, სადაც დამსაქმებელი ვალდებულია, საჯარო დასაქმების სამსახურის კომპეტენტურ რეგიონულ ოფისს შეატყობინოს, რომ უცხოელის დასაქმებას აპირებს. ამის შემდეგ ხდება შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობის გამოკვლევა, იმის შესამოწმებლად, შესაძლებელია თუ არა გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილზე ადგილობრივი კადრის ან იმ პირების დასაქმება, რომლებსაც უპირატესობა ენიჭებათ (მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქეები).

 

პირდაპირი ჩანაწერი არ არის გერმანიის საემიგრაციო კანონმდებლობაში. დასაქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ფედერალური დასაქმების სააგენტო იღებს, რომელიც ამოწმებს შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. გერმანიაში დასაქმებისას უპირატესობა ენიჭებათ გერმანიის, ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკურ სიცრცეში შემავალ მოქალაქეებს და შვეიცარიისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც შრომის ბაზარზე შეუზღუდავი დაშვება აქვთ.

 

ადგილობრივი და ევროკავშირის მოქლაქეების დასაქმებას უპირატესობა ენიჭება შვედეთში.

 

დამსაქმებელი პოლონეთში ვალდებულია მიიღოს დასტური ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლისგან იმის თაობაზე, რომ უმუშევართა სარეგისტრაციო მონაცემების თანახმად, პოლონეთის მოქალაქეებმა აღნიშნულ ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვეს, ან გამართული კონკურსი პოლონეთის მოქალაქეებისთვის  უარყოფითი შედეგებით დასრულდა. მსგავსი რეგულაცია ვრცელდება საფრანგეთზეც.

 

კიდევ ერთი მოდელი, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირის ქვეყნებში შრომითი მიგრაცია რეგულირდება, არის კვოტირების სისტემა, რომელსაც სამუშაო ბაზარზე უცხოელი მუშახელის ხელმისაწვდომობის რეგულირებისთვის იყენებენ. ავსტრია და ესტონეთი კვოტირების სისტემას სრული მასშტაბით იყენებენ, თუმცა არის ქვეყნები, რომლებსაც ორივე მოდელი ინტეგრირებული აქვს. ესტონეთის საემიგრაციო კვოტა უცხოელი სამუშაოს მაძიებლებისთვის ქვეყნის საერთო მოქალაქეების რაოდენობის 0.05%-ია.

 

რა ცვლილებებს შეიტანს კანონპროექტში ჯანდაცვის სამინისტრო?

 

საქართველოში არ არსებობს სტატისტიკური ინფორმაცია, თუ რამდენი უცხოელი მუშაობს ქვეყანაში. თუმცა 2013-2014 წლებში სერვისების განვითარების სააგენტომ 8 460 შრომითი ბინადრობის ნებართვა გასცა. გაცემული ნებართვებს შორისაა როგორც მუდმივი, ისე დროებით ბინადრობის ნებართვა. საქართველოში მომუშავე უცხოელების რაოდენობის სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება  და შრომითი ბაზრის კვლევა გათვალისწინებულია მიგრაციის შესახებ კანონპროექტით:

 

“სახელმწიფოს ეცოდინება, რა სამუშაოზე აქვს უცხოელ დამსაქმებლებს მოთხოვნა. უნდა შეისწავლოს დამსაქმებლების განწყობა. მათ კომპანიებში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, რადგან არსებობს პროფესია და არსებობს კვალიფიკაცია”, – განმარტავს ელზა ჯგერენაია.

 

ჯგერენაია ამბობს, რომ კანონპროექტის ის ნორმა, რაც ბიზნესს ზემოთ აღნიშნულ შეზღუდვებს უწესებს, შეიცვლება, თუმცა როგორ – ჯერ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. საერთაშორისო სავაჭრო პალატაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი მთავრობამ ბიზნესკომპანიებთან კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყვიტოს. ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტს კანონპროექტის განხილვის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით უკვე მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი