ახალი ამბები

ეგვიპტის საპასუხო დარტყმა “ისლამურ სახელმწიფოზე”

16 თებერვალი, 2015 • • 996
ეგვიპტის საპასუხო დარტყმა “ისლამურ სახელმწიფოზე”

15 თებერვალს ,,ისლამურმა სახელმწიფომ’’ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც  დეკემბერსა და იანვარში ლიბიის ქალაქ სირტეს ინციდენტის დროს გატაცებული ეგვიპტელების მკვლელობაა ასახული.  ხუთწუთიან ვიდეოში ჩანს, რომ ეგვიპტელ ტყვეებს აცვიათ ნარინჯისფერი ტანსაცმელი და თითოეულ მათგანს ახლავს თითო ნიღბიანი მეომარი. ტყვეები არიან მუხლებზე დაჩოქილი,  ერთ-ერთი ნიღბიანი კი ამბობს: ,, ვფიცავთ ალაჰის წინაშე, რომ ზღვას, რომელშიც შეიხ ოსამა ბინ ლადენის სხეული დამალეთ, თქვენს სისხლს შევურევთ’’.

 

სწორედ ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მიაყენა ეგვიპტემ საპასუხო დარტყმები  ,,ისლამურ სახელმწიფოს’’.

 

,,ეგვიპტური სისხლის გამო შურისძიება, კრიმინალებისა და მკვლელების დასჯა –  ჩვენი უფლება და ამასთანავე  მოვალეობაცაა’’ , – ასეთი განცხადება გაავრცელა ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიამ. ორშაბათს დილას კი ეგვიპტის თვითმფრინავებმა ,,ისლამური სახელმწიფოს’’ საწვრთნელი ბაზები, ბანაკები და იარაღის საწყობები დაბომბეს.  

  

ეგვიპტის პრეზიდენტის აბდულ-ფათაჰ ალ-სისის თქმით, მათი ქმედება არის შურისძიება იმ არაჰუმანურობის გამო, რომელიც ჯიჰადისტებმა ჩაიდინეს. მან ასევე ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა გარდაცვლილი ეგვიპტელების პატივსაცემად.

 

მკვლელობების ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებმაც დაგმეს მომხდარი ,,ბარბაროსული’’ ქმედება.

გარდაცვლილი ეგვიპტელები ღარიბი სოფლებიდან იყვნენ, რის გამოც სამუშაოდ ლიბიაში წავიდნენ. ისინი ,,ისლამური სახელმწიფოს’’ წევრებმა ლიბიის ქალაქ სირტეში გაიტაცეს. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ ვიდეოში მხოლოდ 12 მათგანი ჩანს, ეგვიპტურ მხარეს მიაჩნია, რომ გატაცებულ 21 ტყვეს შორის ყველა მოკლულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი