ახალი ამბები

ომბუდსმენი მოხეში სადავო შენობის გარემოებების შემსწავლელ კომისიაში ჩართვას ითხოვს

16 თებერვალი, 2015 • 973
ომბუდსმენი მოხეში სადავო შენობის გარემოებების შემსწავლელ კომისიაში ჩართვას ითხოვს

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, მათ რელიგიის საქმეთა სააგენტოდან მიიღეს წერილი, სადაც ნათქვამია, რომ კომისიის მუშაობა სცდება საქართველოს სახალხო დამცველის მანდატს, თუმცა “სააგენტო, როგორც კომისიაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მხარე, არ არის წინააღმდეგი საქართველოს სახალხო  დამცველი დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთოს კომისიის საქმიანობაში”.

 

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, კომისია 2014 წლის დეკემბერში შეიქმნა და ამ დრომდე ვერ მოხერხდა მის საქმიანობაში სახალხო დამცველის ჩართვა.

 

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოდან 6 თებერვალს მიიღეს წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ კომისია შენობას მისი ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობის ჭრილში სწავლობს და არა საკუთრების ან/და რწმენის თავისუფლების, ან სხვა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ჭრილში. ამდენად, კომისიის საქმიანობა სცილდება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის რეგულაციას“.

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მტკიცებას, რომ კომისიის მუშაობა სცდება საქართველოს სახალხო დამცველის მანდატს, “არამართებულად” მიიჩნევს ომბუდემენის აპარატი.

 

ომბუდსმენის განცხადებით, რადგანაც ადგილობრივი მუსლიმი და მართლმადიდებელი თემი სადავო შენობის წარსულში რელიგიურ დანიშნულებაზე მიუთითებენ, კომისიის მუშაობის არეალიდან ადგილობრივი  მოსახლეობისა თუ დაინტერესებული პირების უფლებრივი საკითხის გამორიცხვა და ამ თემის რელიგიის თავისუფლების მიღმა განხილვა მიზანშეუწონელია და იმთავითვე არასწორად წარმართავს კომისიის მუშაობას.

 

გარდა ამისა, ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადამიანის ისეთ ძირითად უფლებაში ჩარევას, როგორიცაა რელიგიის თავისუფლება, ისევე, როგორც მართლმადიდებელ და მუსლიმ თემს შორის სოციალური მშვიდობისა და თანაცხოვრებისათვის საფრთხის შექმნა.

 

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველს აპარატის ცნობით, აუცილებელია კომისიის საქმიანობაში მათ მიერ დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის მიღება და პროცესის მონიტორინგის განხორციელება.

 

ომბუდსმენის აპარატში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გადაწყვეტილება კომისიის საქმიანობაში ომბუდსმენის დამკვირვებლის სტატუსის ჩართვასთან დაკავშირებით თავად კომისიამ უნდა მიიღოს.

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში 2014 წლის 22 ოქტომბერს ადგილობრივმა თვითმმართველობამ შენობის დემონტაჟი დაიწყო, სადაც ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, ადრე იყო მეჩეთი, რომელიც საბჭოთა პერიოდში კლუბად გადააკეთეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ეს შენობა მიტოვებული იყო, რომელშიც ახლა გამგეობამ ბიბლიოთეკის მოწყობა გადაწყვიტა, რასაც ადგილობრივი მუსლიმები ეწინააღმდეგებიან. 22 ოქტომბერს  პოლიციამ მოხეს 14 მცხოვრები დააკავა. თვითმხილველების თქმით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, პოლიციის მხრიდან რამდენიმე მოქალაქის ცემის ფაქტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი