ახალი ამბები

ნანი ბრეგვაძის ილია II-სადმი მიძღვნილ კონცერტზე მთავრობის ფონდიდან 59330 ლარი დაიხარჯა

15 თებერვალი, 2015 • • 1017
ნანი ბრეგვაძის ილია II-სადმი მიძღვნილ კონცერტზე მთავრობის ფონდიდან 59330 ლარი დაიხარჯა

საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წერილის საფუძველზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 59 330 ლარი გამოიყო მომღერალ ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამოს ნაწილობრივ დასაფინანსებლად.

 

მომღერალმა 2015 წლის 4 იანვარს კონცერტი კი მთლიანად მიუძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, დაბადების დღის იუბილესთან დაკავშირებით. სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო ჰონორარებისთვის – 38 500 ლარი, ეკრანისთვის – 6 000 ლარი, სცენის მოწყობისთვის 10 000 ლარი და სხვა ხარჯების დასაფარად. აღნიშნული კონცერტის ღირებულება კი მთლიანობაში 90 130 ლარი იყო. ბილეთის ფასი კი 5-დან 70 ლარამდე.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის სარეზერვო ფონდიდან რელიგიური ორგანიზაციების დასაფინანსებლად სულ 5 042 000 ლარი გამოიყო. აქედან 3 500 000 ლარი ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის რელიგიური გაერთიანებებისთვის, ხოლო 1 542 000 ლარი საქართველოს საპატრიარქოსთვის. საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის ცალკე 25 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 25 მილიონია გამოყოფილი საპატრიარქოსთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი