საზოგადოება

რა პრობლემები აქვთ თბილისში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს

13 თებერვალი, 2015 • 1742
რა პრობლემები აქვთ თბილისში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს

თვისობრივ კვლევაში მონაწილეობა თბილისში მცხოვრებმა თოთხმეტმა ტრანსგენდერმა ადამიანმა მიიღო, რომელთაგან 5 ტრანსგენდერი ქალია, 5 – ტრანსგენდერი კაცი და 2 – აგენდერი (ადამიანი, რომელიც არ აიგივებს თავს არცერთ გენდერთან). დარჩენილმა 2-მა რესპონდენტმა იდენტობების ჩამონათვალში მონიშნა “სხვა”. გამოკითხულებს შორის იყო საბი ბერიანიც, რომელიც 2014 წლის 11 ნოემბერს საკუთარ საცხოვრებელში მოკლეს.

ტრანსგენდერი ადამიანების სქესის სამართლებრივი აღიარების პრობლემა

კვლევამ აჩვენა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, არის სქესის სამართლებრივი აღიარების საკითხი. სქესის სამართლებრივი აღიარება გულისხმობს იმას, რომ, თუ, მაგალითად, ადამიანი ბიოლოგიურად არის ქალი, მაგრამ მისი გენდერული იდენტობა არის კაცი, მას კანონი აძლევს უფლებას, ოფიციალურ დოკუმენტებში შეცვალოს მონაცემები სქესის შესახებ. ეს საკითხი საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წარმომადგენელი, გენდერის მკვლევარი ნათია გვიანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში დღეს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, იმისთვის, რომ ტრანსგენდერმა ადამიანმა სქესის კვლავმინიჭების პროცედურის გავლა და ახალი პირადობის დამადასტურებელი საბუთის აღება შეძლოს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ სქესის კორექციის ოპერაცია აქვს გაკეთებული.

“ეს პრობლემატურია, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს შეიძლება არ უნდოდეს ან შეიძლება იმის ფული არ ჰქონდეს, რომ გაიკეთოს ასეთი ოპერაცია. შეიძლება ეს მისი ჯანმრთელობისთვის იყოს საზიანო. გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტები უკვე აღიარებს რომ, ინვაზიური ოპერაციების ჩატარება იმისთვის, რომ სამართლებრივ დონეზე რაღაც შეიცვალოს ადამიანმა, რაღაც დოკუმენტი მიიღოს, უტოლდება თითქმის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას”, – ამბობს გვიანიშვილი.

ტრანსგენდერი ადამიანების შრომითი დისკრინიმაცია

გენდერის მკვლევარი მიიჩნევს ნათია გვიანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა პირდაპირაა დაკავშირებული ტრანსგენდერი ადამიანების შრომით დისკრიმინაციასთან. კვლევამ აჩვენა, რომ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერი, რომელიც შეუსაბამოა ამ ადამიანების გენდრულ თვითგამოხატვასთან, დასაქმების კუთხით მათ სერიოზულ პრობლემას უქმნის.

კვლევაში მოყვანილია რამდენიმე რესპონდენტის კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანი, 20 წლის ტრანსგენდერი ქალი – თაკო (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად არ მიიღეს.

“დავუშვათ და არ მიწყობს ჯანმრთელობა ხელს და არ მაქვს იმის საშუალება, რომ შევიცვალო სქესი, ამის გამო რატომ უნდა ვიყო დაბლოკილი ყოველთვის საზოგადოებისგან? ან სამსახურის დაწყება მინდოდეს – ხედავენ სახელს ქალის, ხედავენ გარეგნობას – ქალის და ამავდროულად არის მამრობითი სქესი. რაღაცა უნდა იყოს გამოსავალი ჩვენთვის”, – ამბობს თაკო.

გენდერის მკვლევარი ამბობს, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით იმ ადამიანებს აწუხებთ, ვისაც ტრანზიცია აქვს დაწყებული. ტრანზიცია არის პროცესი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო პროცედურებს (ჰორმონული თერაპია, სხვადასხვა ტიპის ქირურგიული ჩარევები), რომელთა შედეგადაც ადამიანი საკუთარ გენდერულ თვითგამოხატვას საკუთარ თვითაღქმას უსადაგებს.

“ჰორმონული თერაპიის დროს იცვლება ცხიმოვან-კუნთოვანი მასის გადანაწილება. ტრანსგენდერი კაცების შემთხვევაში სახეზე ჩნდება თმის საფარი და ეს ადამიანები ახერხებენ ამგვარად, რომ თავიანთი გარეგნობა შეუსაბამონ გენდერულ თვითაღქმას. მსგავს შემთხვევებში, შეუსაბამობა სქესის შესახებ ჩანაწერსა და მათ გარეგნობას შორის იწვევს ასეთი ტიპის გაუგებრობებს დასაქმების სფეროში და ყველა იმ ინსტანციაში, სადაც ადამიანმა საბუთი უნდა წარადგინოს”, – ამბობს გვიანიშვილი.

ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე
ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე

ხელმიუწვდომლობა ტრანსსპეციფიკურ სამედიცინო მომსახურებაზე

ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი იყო ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების კვლევა ჯანდაცვის სფეროში. ამ მხრივაც არაერთი პრობლემა გამოვლინდა, რომელთა შორის, რესპონდენტებისთვის განსაკუთრებულად აქტუალური აღმოჩნდა ის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი არ არის ტრანსსპეციფიკური სამედიცინო მომსახურება, ანუ, ტრანზიციისთვის საჭირო  სამედიცინო პროცედურები. ნათია გვიანიშვილი ამბობს, რომ ტრანზიციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კომპონენტი საერთაშორისო დონეზე არის ჰორმონული თერაპია. მისი თქმით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მხრივ, ამ პროცედურებს არ აფინანსებს არცერთი კერძო და არც სახელმწიფო დაზღვევა და მეორე მხრივ – არც ამ შემთხვევაში არსებობს სამედიცინო რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რა შემთხვევაში, როგორ ან რა დოზით დაუნიშნოს ტრანსგენდერ ადამიანს ჰორმონული პრეპარატები.

“დღეს, იგივე, სექსოლოგის ან ფსიქიატრის დასკვნით რომ მივიდეს ტრანსგენდერი ადამიანი ენდოკრინოლოგთან, ეს ენდოკრინოლოგი სავარაუდოდ ვერ გამოუწერს მას ჰორმონულ პრეპარატს. აქ საუბარია იმაზე, რომ ექიმს ძალიან ეშინია პასუხისმგებლობის ასეთ სიტუაციებში. ექიმი ამას ასე უყურებს: მასთან მიდის აბსოლუტურად, მისი თვალსაზრისით, ჯანმრთელი ადამიანი იმ კუთხით, რომ არ აქვს, მაგალითად, ჰორმონული დისბალანსი და ეს ადამიანი მას სთხოვს, რომ დამატებითად დაუნიშნოს რაღაც ჰორმონი, რომელიც წესრიგში აქვს მისი ბიოლოგიური სქესის შესაბამისად”.

გვიანიშვილი ამბობს, რომ არსებობს საერთაშორისო პროტოკოლები, სადაც გაწერილა ჰორმონული პრეპარატების დოზირებაც და თანმდევი პერიოდული ანალიზებიც, რომლითაც ადამიანმა უნდა შეამოწმოს, მის ჯანმრთელობას რამე ზიანი ხომ არ ადგება. მისი აზრით, ასეთი ტიპის რეგულაციები უნდა შემუშავდეს და ამაში ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ჩაერთოს.

ტრანსგენდერი ადამიანები იშვიათად მიმართავენ სამედიცინო საწესებულებებს

კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სფეროში გამოვლენილ პრობლემურ საკითხებს შორისაა ისიც, რომ ტრანსგენდერი ადამიანები იშვიათად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს, მაშინაც კი, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები უჩნდებათ. კვლევის ავტორები ამას იმით ხსნიან, რომ ტრანსგენდერი რესპონდენტების უმრავლესობას არ აქვს დაზღვევა და აქვს წინასწარგანწყობა, რომ ექიმი, ექთანი, პაციენტი ან სხვა ვინმე მას დისკრიმინაციულად მოექცევა.

კვლევის ფარგლებში თვითონ ექიმების დამოკიდებულების შესწავლაც მოხდა. გამოკითხული 23 ექიმიდან უმეტესობა აცხადებს, რომ სამედიცინო პერსონალის უმეტესობა უარყოფითად არის განწყობილი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და ამას ისინი ინფორმირებულობის დაბალ დონეს უკავშირებენ.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა

კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა ისიც, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ხშირად ხდებიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, როგორც უხცო ადამიანების, ისე ოჯახის წევრების და ახლობლების მხრიდან.

25 წლის ტრანსგენდერი ქალი ლიზა (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ გასული ორი წლის მანძილზე მასზე ფიზიკურად ოთხჯერ იძალადეს. პირველად ეს 2013 წლის 17 მაისის საღამოს მოხდა, მეორედ კი – შემდგომ დღეებში, როდესაც ის თავის ძველ უბანში მივიდა ნათესავების მოსანახულებლად. იქ ის უბნის ბიჭებმა დაიჭირეს, ცემეს და ცეცხლი წაუკიდეს.

“ვბრუნდები სახლში და “მოდი აქ შე პიდარასტო! ეგ რა პიდარასტული ვარცხნილობაა?!” ანუ შენ უნდა გამოგასწოროთო… შეძახილები… დამესივნენ, ერთი შემომეხვია კისერზე, მახრჩობდა და ცხვირში მლეწა კარგად და სანთებელ აიღო, ჩოლკა ასე გამომიწია და ნუ ჩოლკა გადამიწვეს”, – ყვება ლიზა კვლევაში.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციების სახით სთავაზობს, რომ მოხდეს გენდერის სამართლებრივი რეგულირების ამსახველი სწრაფი და ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა; მოხდეს ტრანს-სპეციფიკური ჯანდაცვის საკითხების რეგულაცია სახელმწიფოს მხრიდან; მოხდეს სამედიცინო განათლების სახელმძღვანელოების გადახედვა, რომლებიც შეიცავენ მასტიგმატიზებელ და დისკრიმინაციულ განსაზღვრებებს და ამაღლდეს პირველადი ჯანდაცვის მუშაკთა ცოდნის დონე ტრანსგენდერობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი